შოთა არველაძე: "მაკაბი" ან "ნეფთჩი", ორივე რეალურია...

AutoSharing Option
შოთა არველაძე არ მალავს, რომ ორი კლუბი იწვევს - ბაქოს "ნეფთჩი" და თელ-ავივის "მაკაბი", მაგრამ 42 წლის სპეციალისტი, რომელიც "ტრაბზონსფორიდან" 2015 წლის ნოემბერში წამოსვლის შემდეგ ისვენებდა, ჯერ მაინც არ ამხელს, კარიერას რომელ გუნდში გააგრძელებს.

ებრაული კლუბის ინტერესზე ინფორმაცია გუშინ თურქულმა ინტერნეტპორტალმა spor.mynet.com-მაც გაავრცელა. საიტი ამტკიცებს, რომ უახლოეს დღეებში ქართველი მწვრთნელი "მაკაბისთან" კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 1,5 მილიონ დოლარს მიიღებს, წარმატების შემთხვევაში კი - დამატებით ბონუსებსაც. თურქების ცნობით, ისრაელის კლუბში არველაძის დანიშვნა "მაკაბის" სპორტული დირექტორის, ხორდი კრუიფის (იოჰან კრუიფის ვაჟი) ინიციატივაა,
რომელიც არველაძეს, თურმე, ადრეც ეპატიჟებოდა. თუმცა, შოთამ მაშინ "ტრაბზონსფორში" წასვლა ამჯობინა.

შოთა არველაძეს გუშინ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით:

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამწვრთნელო კარიერას ისრაელში, კერძოდ, თელ-ავივის "მაკაბიში" გააგრძელებთ. მართალია?
- კლუბს რომ ველაპარაკე, ფაქტია და ვნახოთ...

- ინფორმაციის მიხედვით, თქვენ არათუ თანამშრომლობაზე შეთანხმდით, ფინანსური დეტალებიც დააზუსტეთ...
- დიახ, ამაზეც ვილაპარაკეთ. როცა მუშაობას გთავაზობენ, ყველაზე დეტალზე ლაპარაკობ და ეს ბუნებრივია.

- კონკრეტული ციფრიც დაიწერა: თითქოს, წელიწადში 1,5 მილიონ დოლარს გთავაზობენ...
- ამას რა მნიშვნელობა აქვს?

- ბაქოს "ნეფთჩი" საბოლოოდ გამორიცხეთ?
- ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. მოლაპარაკებები გრძელდება.

- საბოლოო გადაწყვეტილებას როდის მიიღებთ?
- ყველაფერი უახლოეს დღეებში გეცოდინებათ.

- მაგრამ ისე ჩანს, ისრაელის ვარიანტისკენ გადაიხარეთ...
- ვნახოთ...

- რეალურად, რამდენი კლუბი გიწვევთ?
- ეს ორი კლუბია: "მაკაბი" და "ნეფთჩი". ორივე რეალურია. ახლა სხვა შემოთავაზება არ მაქვს და ლოგიკურად, ამ ორიდან ერთ-ერთში ვიმუშავებ. მოკლედ, ყველაფერი ამ დღეებში მეცოდინება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შოთამ მაკაბის და ნეფთჩის დონეზე მეტი ვერ გაქაჩა...
status quo
22:11 26-05-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული