ლევან მჭედლიძე: ამ სეზონში რაიმე განსაკუთრებული უნდა გავაკეთო

AutoSharing Option
"ემპოლის" ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ pianetaempoli.it-ს მორიგი ვარჯიშის შემდეგ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც ის ამჟამინდელ შეკრებასა და მომდევნო სეზონზე საუბრობს.

- რას ფიქრობთ წინასასეზონო შეკრებაზე?
- ინტენსიურად ვვარჯიშობთ, ვემზადებით ახალი სეზონისთვის. შეუძლებელია აქ, სესტოლაში ცუდი განწყობა გქონდეს და ეს კარგი სიტუაცია მუშაობაში გვეხმარება.

- ჯოვანი მარტუშელო "ემპოლის" ახალი თავკაცია. როგორია ის ამ როლში?
- დიახ, ეს მისი პირველი სეზონია მთავარი მწვრთნელის რანგში, მაგრამ ის დიდი ხანია, ჩვენ გუნდშია და მე მას კარგად ვიცნობ. სულ არ შეცვლილა, იმის მიუხედავად, რომ გაცილებით მეტი
პასუხისმგებლობა აკისრია. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ მას და მისი მითითებები შევასრულოთ. ეს ჩვენი სამუშაოა, რომელიც კარგად ვიცით. ყველაფერი უნდა გავიღოთ მის დასახმარებლად.

- ყოველი სეზონის წინ ამბობენ - ეს იქნება მჭედლიძის წელი... გვპირდებით?
- ვიცი, ვიცი, რასაც გულისხმობთ. გასულ სეზონში რაღაც პრობლემები მქონდა, რამაც არ მომცა თავის გამოჩენის საშუალება. იმედია, წლეულს ტრავმებს თავიდან ავირიდებ და შევძლებ რაიმე განსაკუთრებულის გაკეთებას გუნდისთვის. 26 წლის ვარ და დროა, ამ გუნდის წარმატებაში სერიოზული წვლილი გავიღო.

- "ემპოლიში" ჯილარდინო მოვიდა. ეს კონკურენცია თქვენთვის სტიმულია?
- რა თქმა უნდა, ასეა. ჯილარდინო დიდებული ფეხბურთელია, მსოფლიოს ჩემპიონია ბოლოს და ბოლოს. ასეთ ფეხბურთელებთან კონკურენცია მხოლოდ კარგია ნებისმიერისთვის. იმისთვის, რომ ითამაშო, მუდამ უნდა იზრდებოდა, როგორც ფეხბურთელი, ყოველდღიურად უმატებდე. ძალიან მიხარია, რომ ჯილარდინომ ჩვენი გუნდი გააძლიერა.

- "ემპოლის" მიზანი კვლავ ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა. შეძლებთ ამჯერადაც?
- რა თქმა უნდა და როცა ამას ვამბობ, მშვიდად ვარ. ბოლო ორი სეზონია გუნდი ძლიერდება, "ემპოლის" უკვე ეთქმის სერიოზული გუნდი, მაშინ, როცა კონკურენტები დიდად არ გაძლიერებულან.

- "ემპოლის" დატოვებაზე არასოდეს გიფიქრიათ?
- არა, მე ბევრი ვიტანჯე ტრავმების გამო და "ემპოლიში" მინდა დავამტკიცო ჩემი ძალა. სწორედ ამ გუნდის წარმატებისთვის მინდა ვიბრძოლო.

***
აღსანიშნავია, რომ iltirreno.it წერს, მჭედლიძემ "ემპოლის" საღამოს ვარჯიში აღარ ჩაამთავრა, თუმცა ექიმები ირწმუნებიან, რომ მისი პრობლემა უმნიშვნელოაო და ის გეგმიურად დაასვენეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რამე განსაკუთრებული? აი მაგალითად გოლი რომ გაიტანო ?
manuchari
16:43 22-07-2016
0
"ემპოლის უკვე ეთქმის სერიოზული გუნდი":-)))) და "სერიოზული" გუნდი ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის ბატონო ლევან???
jovani
17:25 22-07-2016
0

სიახლეები პოპულარული