ლაშა დვალი: სანამ მაქსიმუმს მივაღწევ, პოლონეთში თამაში მირჩევნია!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "შლიონსკის" 21 წლის მცველი ლაშა დვალი პოლონეთის ექსტრაკლასას დაწყებამდე, გადაცემა Sportowywroclaw-ში სტუმრად მიიწვიეს. დვალმა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

"აქ თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა გუნდში - აქ დამხვდნენ ადამიანები, რომლებიც ადაპტაციის გავლაში დამეხმარნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ვროცლავი ძალიან კარგი ქალაქია, გუნდი "შლიონსკიც" - ისტორიული და ტრადიციული, მაგრამ ყოველდღიურად მეტი შრომა და უფრო დიდი მიზნებისკენ სწრაფვაა საჭირო.

ამ ქალაქში არის ქართული რესტორანი. ძალიან მიყვარს ქართული კერძები და თავისუფალ დროს სწორედ ამ რესტორანში დავდივარ. ზოგჯერ სხვა რესტორნებსაც
ვსტუმრობ ხოლმე, მაგრამ მეტწილად, მაინც ქართულს ვამჯობინებ. თავისუფალ დროს შინ ფილმს ვუყურებ, ან - საფეხბურთო მატჩს.

ვერ დავასახელებ გუნდებს, რომლებიც ჩემით ინტერესდებოდნენ, მაგრამ "შლიონსკი" იმიტომ ავირჩიე, რომ ვიცოდი, პოლონეთის ჩემპიონატში თამაშით დონეს ავიმაღლებდი. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ახლა ყოველ მატჩში უნდა ვამტკიცო, რომ გუნდში თამაშს ვიმსახურებ.

ძალიან კარგი შეკრება გავიარეთ. შეკრებისას მწვრთნელი შეგვეცვალა და ახალმა მწვრთნელმაც კარგად მიმიღო. ახლა უკვე პოლონეთში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ.

ინგლისი, თურქეთი, გერმანია... ეს გზა გავიარე პოლონეთამდე. სანამ მაქსიმუმამდე მივაღწევ, აქ თამაში მსურს, შემდეგ კი უკვე სხვა მიზნებიც მექნება. არსებობს ქვეყნები და კლუბები, სადაც ფეხბურთელს განვითარება შეუძლია და ჩემთვის ასეთი "შლიონსკია". 1-2 წლის შემდეგ ეგებ ახალი გუნდებისა და ლიგებიდანაც მივიღო შემოთავაზებები. ტრამპლინად ყველა ქვეყანა უნდა გამოიყენო, სადაც კი თამაშობ და არამხოლოდ - პოლონეთი.

ინგლისში ცხოვრებისას გვერდით მამა მყავდა. გვერდით მისი ყოფნა ძალიან დამეხმარა და დღემდე მეხმარება. რა თქმა უნდა, შემიძილია გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მივიღო, მაგრამ ასეთ დროს მაინც მთელი ოჯახი მეხმარება.

გუნდში ერთ კონკრეტულ მეგობარს ვერ გამოვარჩევ - ყველანი მეგობრულები არიან. საერთოდ, აქ ხალხი კარგია. ეს ვიცოდი კიდეც და ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს მქონდა კარგი ურთიერთობა ამ ერის წარმომადგენლებთან. მაგრამ არ ვიცოდი, რომ "შლიონსკში" ასეთი კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ.

ყველა შეხვედრის მოგებას ვეცდებით ახალ სეზონში, მაგრამ რა და როგორ იქნება, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის", - განაცხადა დვალმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება მიიღე პოლონეთში გადასვლით,რაც მთავარია სრული სათამაშო პრაქტიკა გაქვს და კლასსაც მალე აიმაღლებ,რაც ეროვნულში თამაშის შანს ორმაგად ზრდის. წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი
romandro
15:50 23-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული