ავთო ებრალიძე: ისეთი ტრავმა მივიღე, ყველა გაკვირვებული იყო...

AutoSharing Option
პორტუგალიური "ჟილ ვისენტეს" ქართველი ლეგიონერი ავთო ებრალიძე მინდორს ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა. დაბრუნებაც ასეთი უნდა! - პორტუგალიის მეორე ლიგის შეხვედრაში, რომელშიც "ჟილ ვისენტემ" შინ მინიმალური ანგარიშით მოუგო "პორტუს" მეორე გუნდს, ერთადერთი გოლი ქართველისა იყო. მან თავი 86-ე წუთზე გამოიჩინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლელო" ებრალიძეს პორტუგალიაში შეეხმიანა და ინტერვიუ ჩაწერა...

- თავდაპირველად, ტრავმაზე გკითხავთ. რატომ გაგრძელდა ამდენ ხანს მკურნალობა?
- იმიტომ, რომ სერიოზული ტრავმა იყო. მყესი გავიწყვიტე 11 სანტიმეტრზე. ძალიან იშვიათია ასეთი დაზიანება. ყველა გაკვირვებული იყო. თავდაპირველად ოპერაციას ითხოვდნენ. საბოლოოდ,
გადავწყვიტეთ, რომ ქირურგიული ჩარევისგან თავი აგვერიდებინა. ზუსტად სამი თვე და ორი კვირა გამიგრძელდა მკურნალობის პერიოდი. მერე იყო სპეციალური ვარჯიშები... საერთო ჯამში, ოთხი თვე არ მითამაშია.

- ტრავმის შემდეგ ბევრ ფეხბურთელს რჩება ფსიქოლოგიური დაძაბულობა და შიში თუნდაც ორთაბრძოლების დროს. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?
- პირველ თამაშში მართლა ვცდილობდი, სერიოზული ორთაბრძოლებისთვის მაქსიმალურად ამერიდებინა თავი, ახლა კი საერთოდ აღარ მეშინია, ჩვეულებრივად ვტვირთავ მარცხენა ფეხს. შიში თავიდან ნორმალური მოვლენაა ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ...

ბევრ სპეციალურ ვარჯიშსაც ვაკეთებ, დაზიანებული ადგილი რომ გამაგრდეს.

- დაბრუნება წარმატებული გამოდგა. "პორტუს" დუბლების კარში გატანილ გოლზე მოგვიყევით...
- დაბრუნების შემდეგ ეს მესამე თამაში იყო. პირველად თასზე ვითამაშე. მანამდე, გუნდთან ერთად ხუთი დღე ვვარჯიშობდი. ეგრევე ძირითადში დამაყენა მწვრთნელმა და ფიზიკურად ჯერ ბოლომდე არ ვიყავი მზად. ისე, ცოტა შიშიც მქონდა, მარცხენა ფეხს ვერ ვიყენებდი ბოლომდე... "პორტუს" მეორე გუნდიც ძლიერი ჰყავს. უფრო კონტრშეტევაზე ვითამაშეთ. გოლი კი მართლაც ლამაზი გამოვიდა...

- გოლი სპეციფიკური ჟესტით აღნიშნეთ, რომელიც ახლა მკვიდრდება მსოფლიო ფეხბურთში...
- ეს ჟესტი უკვე გაკეთებული ჰქონდა გუნდს. ვიდეოც გადავიღეთ ამაზე. ვამბობდი - რომ დავბრუნდები, უეჭველი უნდა გავიტანო და ასე უნდა აღვნიშნოთ-მეთქი... პირველ ორ თამაშშიც მქონდა შანსები, მაგრამ გოლამდე ცოტა დამაკლდა. რატომღაც, მჯეროდა, რომ გავიტანდი და ვიცოდი, რომ ასე აღვნიშნავდი. საბოლოოდ, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ვისურვე.

- საინტერესოა, რა არის "ჟილ ვისენტეს" მიზანი ამ სეზონში? გუნდი პორტუგალიის სეგუნდა ლიგის ცხრილის შუაშია...
- ამ სეზონში მიზნად მეორე ლიგაში დარჩენა დავისახეთ. სასამართლოში მოგებული აქვთ უმაღლესში დაბრუნება და, დიდი ალბათობით, ეს მომავალ სეზონშივე მოხდება...

- ...არადა, ისე ვიცოდით, თითქოს სასამართლო ინსტანციებში მოგებული საქმის შემდეგ "ჟილ ვისენტეს" უკვე ეს სეზონი უნდა დაეწყო პრიმეირა ლიგაში. რა მოხდა?
- სწორად გცოდნიათ. ივნისში მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ ვერ მოასწრო სიტუაციის გადაწყობა. "ჟილ ვისენტე" რომ უმაღლესში გადასულიყო, კიდევ ერთი გუნდი უნდა დაემატებინათ და აღარ გამოდიოდა. მომავალ სეზონს კი "ჟილ ვისენტე" ნამდვილად პრიმეირა ლიგაში დაიწყებს. ეს რომ იციან, სწორედ ამიტომ იყო, კლუბის ხელძღვანელობას ტრანსფერებისთვის დიდი თანხა რომ არ დაუხარჯავს, დაბალი დივიზიონიდან მოიყვანეს მოთამაშეები...

დასამალი რა არის, პირდაპირ ვიტყვი - ამგვარი მიდგომა ჩემთვის და კიდევ რამდენიმე ძველი ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდია. როცა არ არის საერთო ამბიცია, ძნელია, კონკრეტულმა ფეხბურთელმა მაღალ დონეზე ითამაშოს. არ უნდოდათ ბევრი ფულის დახარჯვა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, საკუთარ თავს მოვთხოვოთ მაქსიმუმი. მაგრამ, რომ დაფიქრდე, არის "ჟილ ვისენტეს" ხელმძღვანელობის საქციელში ლოგიკაც - როცა იცი, რომ მაინც დაბრუნდები უმაღლეს ლიგაში, რატომ გასწევ დიდ ხარჯს? ჩვენ კი ჩვენი საქმე და ამბიცია გვაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თავი გამოვიჩინოთ.

- სატრანსფერო "ფანჯარა" მალე გაიხსნება. ხომ არ გაქვთ უფრო ამბიციურ კლუბში გადასვლის შანსი?
- მიზნად მქონდა, იანვარში სხვა გუნდში გადავსულიყავი, მაგრამ... ვნახოთ... ტრავმის გამო ძალიან ბევრი გამიცდა. სულ 3 თამაში ჩავატარე ჯერ და ყველაფერს გავაკეთებ, მაღალ დონეზე რომ ვითამაშო. თუ იანვარში არა, სეზონის ბოლოს მაინც შეიძლება გამოჩნდეს უკეთესი გუნდის ვარიანტი. აქამდეც იყო, მაგრამ პრეზიდენტმა არ გამიშვა.

- ახლა შეგელევათ პრეზიდენტი?
- მე ვიცი, რომ ჩემთვის ბოლო სეზონია "ჟილ ვისენტეში" და დროა, შემელიოს. არ ვაპირებ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. ცხადია, თავისუფალი აგენტის სტატუსით უფრო იოლად წავალ სხვა გუნდში. აქამდეც ბევრი კარგი ვარიანტი ჩამეშალა, მაგრამ მაისში ნებისმიერ შემთხვევაში თავისუფალი აგენტი ვხდები.

- ბოლოს საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. ალბათ, გაქვთ ქვეყნის უპირველეს გუნდში დაბრუნების იმედი...
- რა თქმა უნდა, მაქვს. ყველა თამაშს ვუყურებ და ვქომაგობ ჩვენს ნაკრებს... ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ეროვნულ გუნდში დაბრუნებაა და იმედი მაქვს, ამას შევძლებ კიდეც, როცა ახალ გუნდში გადავალ. კარგად ვიცი, რომ "ჟილ ვისენტესა" და პორტუგალიის მეორე ლიგის ფეხბურთელის რანგში ცოტა რთულია ფიქრი ნაკრებში დაბრუნებაზე, რადგან უკვე ვიყავი ნაკრებში და ვიცი ჩემი შესაძლებლობები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შე კაცო, თუ მომავალ სეზონში უმაღლესში ითამაშებს შენი გუნდი, გუნდში კიდე გიცნობენ და გენდობიან, სად მიდიხარ, მოიცადე ცოტა ხანი და ითამაშე უმაღლეს დონეზე.
Eric cantona
23:37 03-12-2016
0
midi ebralidze, jigari xar, male nakrebshi getkvas sheni satkmeli, tarmatebebi.
firali
19:50 03-12-2016
0

სიახლეები პოპულარული