როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა

AutoSharing Option
ვინ იყო ანდრო ჟორდანია, გულშემატკივარს ამის შეხსენება არ სჭირდება, მაგრამ მაინც - ის გახლდათ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნება და მწვრთნელი, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა გუნდები ქუთაისში, ლანჩხუთში (1960 წლიდან "გურია"), თბილისის უნივერსიტეტში, ხოლო 1925 წელს თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პირველი კაპიტანი გახდა.

მაგრამ მან სახელი უფრო მწვრთნელობით გაითქვა. ჟორდანიას თბილისის "დინამო" სამჯერ ჩააბარეს - 1945-47, 1955 და 1959-61 წლებში, ხოლო 1946, 1947 და 1959 წლებში გუნდს ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა, 1946 და 1960 წლებში კი თასის
ფინალში ათამაშა. 1964 წელს ჟორდანია იყო ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელი, როცა გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

უნიჭიერეს მოთამაშეთა მთელი თაობები აღმოაჩინა და დააწინაურა - მიხეილ მესხი, მურთაზ ხურცილავა, სერგო კოტრიკაძე, შოთა იამანიძე, გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ ბარქაია, გურამ ცხოვრებოვი, გივი ჩოხელი, გურამ პეტრიაშვილი, ზაურ კალოევი...

მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ძმისშვილს კომუნისტები არ სწყალობდნენ, უშიშროება თვალს არ აცილებდა და რამდენჯერმე დაპატიმრებასაც გადაურჩა.

ანდრო ჟორდანია 1974 წლის 25 აპრილს თბილისში გარდაიცვალა. მას შემდეგ მთელი ეპოქა გავიდა, საქართველო დამოუკიდებელი გახდა, მაგრამ დიდი მწვრთნელი ელემენტარულ აღიარებას დიდხანს ელოდა. ის თბილისის "დინამომ" დააფასა და დიღმის საწვრთნელ ბაზას მისი სახელი მიანიჭა.

ანდრო ჟორდანია ილია ჭავჭავაძის გამზირის 54-ე ნომერში ცხოვრობდა. მისი დის, ნინა ჟორდანიას შვილიშვილი შოთა ფაღავა ამბობდა, რომ სახლზე მემორიალური დაფის გაკეთება ბატონი ანდროს დაბადებიდან 110-ე წლისთავზე სურდა...

მაგრამ ეს საქმე გაიწელა და მხოლოდ წელს მოხერხდა - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის თანადგომის მიუხედავად, შესაბამისი სამსახურის ნებართვას მთელი 3 წელიწადი ელოდა...

"დიდი დაბრკოლებებისა და წვალების მიუხედავად, ანდრო ჟორდანიას მემორიალური დაფა უკვე გაიხსნა. მადლობა ყველას, ვინც ამ დიდებულ საქმეში მონაწილეობდა, განსაკუთრებით - ჩემს მეუღლეს, ქეთევან ბედიანიძეს, რომელიც ამ საქმეში ყველაზე მეტად მამხნევებდა.

როგორც იქნა, მერიის ნებართვა მივიღე. დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების დღეებში ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე გავიცანი, მოვუყევი, რას და როგორ ვაპირებდი, ყველა დოკუმენტი თავიდან მივაწოდე და საქმეც დაძრა.

როგორც ვიცი, არის აზრი, რომ მემორიალური დაფის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი ჩატარდეს. ეს კარგი იქნებოდა თუნდაც იმიტომ, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ, ვინ იდგა ქართული ფეხბურთის სათავეებთან. მომავალი ხომ წარსულის გარეშე არ არსებობს", - ამბობს შოთა ფაღავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"