[ოთხშაბათის საკითხავი] არამხოლოდ ოპტიმიზმით...

AutoSharing Option
ამ დღეს დიდხანს ველოდით. უკვე ვიცით ქართული კლუბების წილი ევროთასებზე.

- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
- ევროპალიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა

რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ ოთხივეს წარმატებული ევროსტარტი გამოუვიდეს, მაგრამ ჟურნალისტობა ისეთი ხელობაა, კაცი ცარიელ ოპტიმიზმს ვერ დაეფუძნება და, უნდა თუ არა, რეალობას უნდა გაუწიოს ანგარიში.

და როგორია ეს რეალობა? ამ კითხვაზე ჩვენს წერილში შევეცდებით პასუხის პოვნას...

დროის დაკარგვა არ შეიძლება
ჩემპიონთა ლიგაში საქართველოს "სამტრედია" წარმოადგენს. პირდაპირ უნდა დავწერო: მართალია, მასთან
სულ ორჯერ მისაუბრია და ისიც - ზედაპირულად, მაგრამ მე ძალიან მომწონს გია ცეცაძის საფეხბურთო გემოვნება და ხედვა. მომწონს ის, რომ ეს მწვრთნელი არც ერთ მეტოქესთან არ ღალატობს საკუთარ თავს და სულ "პირველ ნომრად" თამაშს ცდილობს.

რაღა დავმალო და, ასე შორიდან ცეცაძის უშუალობაც მომწონს.

შარშან "სამტრედია" "გაბალას" შეხვდა ევროპის ლიგაზე და პირველ, გასვლით მატჩში მტკივნეული მარცხი იწვნია. იმ შეხვედრას ვუყურე და ასე მგონია: "სამტრედიას" დაცვითი რედუტები რომ აეგო და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილიყო, ანგარიშში სხვაობა გაცილებით ნაკლები იქნებოდა, მაგრამ ეს არ იქნებოდა ცეცაძის გუნდი და ეს აღარ იქნებოდა "სამტრედია".

ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ობიექტურად ვიკითხოთ: დღევანდელი მოცემულობით რატომ უნდა მოვუგოთ "ყარაბაღს", რა პოზიტიური ფაქტორებია ამ ეტაპზე ჩვენი ჩემპიონის მხარეს?

შევთანხმდეთ: ფინანსურად "სამტრედია" აზერბაიჯანის პირველადგილოსანს ვერ დაეტოლება. ის კი არა, სხვაობა ძალიან დიდია ჩვენი მეზობლების სასარგებლოდ. ეს ერთი. მეორე - შემადგენლობა. მეტოქეს ჰყავს ძალიან გამოცდილი ლეგიონერები. გუნდიდან რამდენიმე მათგანის წასვლა ბევრს არაფერს ცვლის. ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე ახლები აუცილებლად მოვლენ. აზერბაიჯანის ნაკრების ფეხბურთელები კი მათ გვერდით იმაღლებენ კლასს...

მოწინააღმდეგეს ჩვენზე გაცილებით მეტი აქვს ევროპული გამოცდილება. მათ შორის, უთამაშია ევროპალიგის ჯგუფში და ძალიან კარგი გუნდებისთვისაც დაუწყვეტია ნერვები. "სამტრედიას" კი ეს გამოცდილება აშკარად აკლია.

ამ წყვილში ორივე გუნდს კარგი მწვრთნელი ჰყავს. ცეცაძეზე უკვე ვთქვით და, თანამედროვე "ყარაბაღი" არ იქნებოდა ყურბან ყურბანოვის გარეშე. თითქმის ათეული წელია, ის კლუბის სტაბილურობის მთავარი გარანტია.

შარშან "სამტრედიამ" წააგო "ყარაბაღზე" სუსტ "გაბალასთან". ის "სამტრედია" ამ ფორმაციის გუნდს შემადგენლობით აშკარად სჯობდა. ასე რომ, დიდი სიფრთხილე გვმართებს. ისე, მართლაც პარადოქსია, ჩემპიონი გუნდი უფრო სუსტი იყოს, ვიდრე იმ ფორმაციისა, პირველობისთვის რომ იბრძოდა.

ბოლოს და ბოლოს, ჩემპიონთა ლიგაში ძალიან სარისკოა ისეთი სათადარიგოთა სკამით გასვლა, როგორიც დღეს "სამტრედიას" ჰყავს. იქ ძირითადად ახალგაზრდა, გამოუცდელი ფეხბურთელები სხედან...

რა თქმა უნდა, "ყარაბაღი" გრანდი არ არის და მასთან ტოლ-სწორად თამაში შეიძლება. კლუბის ხელმძღვანელობა საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და როგორმე უნდა შეძლოს რამდენიმე გამოცდილი ლეგიონერის დამატება. დრო არის და მისი დაკარგვა არაფრით შეიძლება.

ესეც საჩვენო არგუმენტია...
ძალიან, ძალიან მესიმპათიურება ამ კლუბის ხელმძღვანელობა - ახალგაზრდა, პროგრესზე ორიენტირებული და გახსნილი ხალხი. არიან მათში ისეთებიც, გულშემატკივართა წრიდან რომ გამოვიდნენ და წლების წინ რომ ვიცნობდი. ზუსტად ვიცი, როგორ სტკივათ მათ ჯერ ქართული ფეხბურთი და მერე - საკუთარი კლუბი.

წინა, კარგი სეზონის შემდეგ მიმდინარე პირველობაზე ყველაფერი ისე ვერ მიდის, როგორც მათ უნდათ და ამაში არის ლოგიკის მარცვალი. წლების განმავლობაში საკუთარ არენასა და ქომაგს მოწყვეტილ გუნდს, გამუდმებით სავარჯიშო მოედნის ძიებაში რომაა და ახლახან რომ დაბრუნდა შინ, რა უნდა მოსთხოვო?!

პოლონეთის მეორე გუნდთან ("იაგელონია") ტოლ-სწორად ბრძოლა ურთულესი საქმე იქნება, მაგრამ არა - წარმოუდგენელი. მეტოქე გამოკვეთილი ფავორიტია, თუმცა ამაზე გამოკვეთილ ფავორიტებსაც წაუგიათ. ეგაა, ბათუმის "დინამო" ჯერაც ვერაა ფორმაში, მაგრამ იმედია, ახალი დამრიგებელი კონსტანტინ ფროლოვი გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩებამდე კარგი განწყობითა და დღევანდელზე უკეთესი კონდიციებით მიიყვანს.

ამბობენ, პოლონურ კლუბში ბოლო დროს ფინანსურად ყველაფერი რიგზე ვერ არისო და ესეც საჩვენო არგუმენტია. ეგაა, როგორც "სამტრედიის" შემთხვევაში, ჩვენი მოწინააღმდეგის შემადგენლობა უკეთესია.

მე ძალიან მომწონს გუნდის ესტონელი ლიდერი - კონსტანტინ ვასილიევი. მიკვირს კიდეც: ესტონელის კვალობაზე ძალიან ტექნიკური და ეშმაკია. მან ლამის მარტომ მოგვიგო ავადსახსენებელი ტალინური მატჩი სანაკრებო დონეზე.

"იაგას" მთავარი კოზირი საშინაო კედლებია და პოლონეთში არ უნდა შევდრკეთ.

ფურცელზე მეტოქის უპირატესობა აშკარაა. ვნახოთ, რა იქნება მინდორზე. "იაგელონიას" ჰყავს უკეთესი შემადგენლობა და აქვს ბევრად უკეთესი ინფრასტრუქტურა. "დინამოს" კი სჭირდება ახალი ფეხბურთელები, რის შემდეგაც უკვე შეთამაშების საკითხი დგება დღის წესრიგში. ისე ჩანს, ზოგიერთმა მოთამაშემ უკვე ამოწურა საკუთარი თავი ამ გუნდში.

სტაბილურობის ფაქტორი
ჩემთვის ყველაზე ამოუცნობი ქართული გუნდი "ჩიხურაა". არ ვარ იმ ფეხბურთის ტრფიალი, როგორსაც სოსო ფრუიძის კრებული თამაშობს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ეს გემოვნების ამბავია, რადგან ასეთ ფეხბურთსაც მოაქვს შედეგი.

სამაგიეროდ, ზუსტად შემიძლია დავწერო, რომ ჩვენს რეალობაში ფრუიძე არის აბსოლუტურად განსაკუთრებული მწვრთნელი: ჯერ - თავისი სტაბილურობით ("ჩიხურას" 2008 წლიდან წვრთნის) და მერე - სათამაშო დისციპლინით.

აქამდე "ჩიხურა" ყველაზე ორგანიზებული და გამართული ქართული გუნდი იყო ბოლო დროის ევროთასებზე. მოდით, დავივიწყოთ "ზიმბრუსთან" მატჩი. ეგაა, წელს ვერ არის საჩხერული კლუბი მთლად ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ რატომღაც მჯერა - ფრუიძე რაღაც სიურპრიზს მაინც მოუმზადებს მეტოქეს.

ისე ჩანს, "ალტახმა" "პირველ ნომრად" უნდა ითამაშოს ორივე მატჩში და საკითხავია, როგორ შეძლებს ამას (ზოგადი გაგებით) საშუალოზე საშუალო ავსტრიული კლუბი, რომელიც ევროთასების უიშვიათესი სტუმარია? ის ხომ მთელ რიგ მატჩებში თავადაა "მეორე ნომერი", რომელიც ფავორიტის თამაშს შლის.

ჰოდა, "აშენოს" "ალტახმა", ჩვენ კი დროებით "ვანგრიოთ" და როცა შანსი გვექნება (და ის აუცილებლად გვექნება), წერტილოვანი დარტყმით გავანადგუროთ მოწინააღმდეგე. "ალტახი" იქით იყოს და, თუ ასეთი თამაშით "ბურსასფორი" მოვინელეთ თავის დროზე, გადაულახავი არც ავსტრიული ბარიერი უნდა იყოს.

ფაქტია, შანსი არის და მას გამოყენება სჭირდება, მით უმეტეს, ჩვენი მეტოქე საშინელ ფორმაშია - ბოლო ოფიციალური მატჩი 11 მარტს მოიგო...

აუცილებლად გამოადგებათ...
ყველაზე ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვეთ. არ გვინდა, ჩვენი ნააზრევი ქუთათურებს ტვირთად დააწვეთ, მაგრამ მაინც უნდა დავწეროთ - "ტორპედოს" შეუძლია ამ ბარიერის დაძლევა, მით უმეტეს, იმ ფორმაში მყოფს, როგორშიც ახლაა.

თუ ვინმეში ვხედავ ქართული სამწვრთნელო სკოლის მომავალს, ეს კახა ჩხეტიანია. მე ვიცი, როგორი პიროვნებაა ის, როგორი კაპიტანი იყო ადრე და როგორი მწვრთნელია ახლა - გამორიცხულია, ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული, გულანთებული კაცის გვერდით ფეხბურთელი ბოლომდე არ დაიხარჯოს.

"ტრენჩინი" ახლა ის აღარაა, რაც საჩემპიონო სეზონებში იყო. მეტოქეზე გამოცდილებითაც მაღლა ვდგავართ და უკვე ისე ჩანს, სათამაშო დისციპლინითაც. იმედია, გრიგოლ დოლიძე ისევე "იფრენს" სლოვაკებთან, როგორც ახლა "დაფრინავს" საქართველოს ჩემპიონატში...

ისე, სლოვაკურ კლუბებს ერთი თვისება აქვთ: ჩახედავ შემადგენლობას, ვერავის იცნობ და მერე ეს უცნობი ფეხბურთელები 90 წუთის განმავლობაში იცავენ სათამაშო დისციპლინას. ყველა ერთმანეთს ჰგავს, არაფერი განსაკუთრებული, თუმცა რაღაც დონეზე საქმე მაინც გამოდის.

ჩხეტიანის "ტორპედოს" ერთი კარგი თვისება აქვს: თითქმის არასოდეს კარგავს კონცენტრაციას - ეს თვისება "ტრენჩინთან" შეხვედრაში აუცილებლად გამოადგებათ ქუთათურებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"