დინამოსთან შანსები თანაბარია

AutoSharing Option
ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ავსტრიული "შტურმი" იქნება. ჯერ კიდევ სამიოდე დღის წინ გაცნობეთ, რომ გრაცელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკო ფოდა, მომავალი მეტოქის სანახავად "დინამოსა" და "გეფლეს" თბილისურ მატჩს დაესწრებოდა. ასეც მოხდა. "შტურმის" თავკაცი გუშინწინ, შვედებთან მატჩამდე სამი საათით ადრე, კლუბის თვითმფრინავით ჩამოფრინდა ჩვენს დედაქალაქში და ეროვნულ სტადიონზე მატჩს დაესწრო.

შვედეში მოგებული მატჩის შემდეგ, "შტურმთან" "დინამოს" მეტოქეობა სანახევროზე მეტად იყო გადაწყვეტილი და ფოდასთან საუბარი საინტერესო იქნებოდა. ესეც რომ არა, გრაცელთა გუნდის თავკაცთან სხვაც ბევრი გვქონდა სალაპარაკო. ბოლო-ბოლო
ფოდა ორი ჩვენი ლეგიონერის, "შტურმის" უკვე ყოფილი ფეხბურთელების გიორგი შაშიაშვილისა და ილია კანდელაკის მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, ფრანკო ფოდამ მოთამაშის კარიერა "შტურმში", დავით მუჯირის თანაგუნდელობით დაასრულა.

ერთი სიტყვით, ფოდას "დინამო"-"გეფლეს" მატჩამდე შევუთანხმდი ინტერვიუზე. თანხმობა მივიღე და თამაშამდე შევეკითხე, გრაცში რომელ გუნდს ელით, "დინამოს" თუ "გეფლეს"-მეთქი. რა თქმა უნდა, "დინამოსო", მყარი იყო ავსტრიელთა მწვრთნელის პასუხი. თან დაამატა, "დინამოს" შვედების გუნდზე გაცილებით მდიდარი წარსული აქვს. მით უმეტეს, სტუმრად მოგების შემდეგ, გვარიანი ფორა აქვთ ქართველებს და ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენო...

"დინამომ" ფოდას მოლოდინი გაამართლა კიდეც, უკვე გადაწყვეტილია, რომ 29 აგვისტოს "შტურმი" სწორედ ჩვენს გუნდს უმასპინძლებს გრაცში, "არნოლდ შვრცენეგერზე"...

მანამდე კი ფრანკო ფოდასთან საინტერესო და ექსკლუზიურ ინტერვიუს გავეცნოთ.

- 21 ივლისს "არსენალთან" გვქონდა ამხანაგური მატჩი. თამაშის დამთავების შემდეგ, უმალ თბილისში გამომგზავრება არ ხერხდებოდა და კლუბმა სპეციალურად გამომიყო კერძო თვითმფრინავი მეტოქის თამაში რომ მენახა.

- სანახაობრივად მდიდარი თამაში არ იყო, მაგრამ თქვენი მისია კი შეასრულეთ...
- დიახ, ჩვენთვის საპასუხო მატჩში, თბილისში უფრო მოახერხებელი იყო ჩამოფრენა. საინტერესო თამაში გამოვიდა. სამი გოლი ვნახეთ. ვფიქრობ, ამ წყვილიდან მომდევნო ეტაპზე "დინამოს" გასვლა მოსალოდნელიც იყო და ლოგიკურიც. ჩემი აზრით, თქვენ უკეთესი ფეხბურთელები გყავდათ და ეს ორრაუნდიანი ბრძოლაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეთ.

- საინტერესოა, "დინამოზე" რა წარმოდგენა შეგექმნათ?
- მხოლოდ ერთი მატჩის ნახვით ძნელია რეალური სურათის შექმნა, მაგრამ გარკვეული შტრიხები მაინც თალში საცემი იყო. ახალგაზრდული გუნდია. ყველა სათამაშო რგოლში გყავთ გამოცდილი ფეხბურთელი. რამდენიმე ახალგაზრდა ტალანტიც შევნიშნე. "დინამოს" ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც ბურთის კონტროლი ეხერხებათ და ბრძოლისუნარიანობაც არ აკლიათ.

- თბილისელთა გუნდიდან რომელ სათამაშო რგოლს გამოარჩევდით?
- გამორჩევა მიჭირს, მაგრამ, რაც დღეს, ამ თამაშზე ვნახე, ნახევარდაცვამ უფრო დიდი სამუშაო გასწია.

- თქვენს უბის წიგნაკში რომელი ფეხბურთელები მოხვდნენ?
- გვარების გამოთქმა მიჭირს, ნომრების მიხედვით ჩავინიშნე. მაგალითად, კაპიტანი (კოშკაძე), 11 (ვაწაძე), 13 (თექთურმანიძე) და 15 (ჯუისი). კარგი იყო 20 (რობერტინიო) და 21 (ედნილსონი) ნომერიც.

- თქენი გუნდის რეალური პოტენციალი იცით, "დინამო" ნახეთ და საინტერესოა ამ ორ გუნდს შორის მომდევნო ორ მატჩზე რა აზრისა ხართ?
- ვფიქრობ, ორივე თამაში ორივე გუნდისთვის რთული იქნება. ჩემი აზრით, ის გუნდი გადალახავს ამ ბარიერს, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.

- ე. ი. შანსებს თანაბრად აფასებთ?
- დიახ, სწორედ ასე ვფიქრობ.

- ავსტრიული ბუნდესლიგა საქართველოს ჩემპიონატზე მაღალი დონის არის. "შტურმმა" გასულ სეზონში თასი მოიპოვა და მეოთხე ადგილზე გავიდა. "დინამო" კი ვიცე-ჩემპიონი გახდა და თასის ფინალში ვერ იმარჯვა...
- ვიცი ეს სტატისტიკა და თქვენი კითხვის არსსაც მივხვდი. ვფიქრობ, ჩემი შეფასება შანსების თანაფარდობაზე სულაც არ არის გაზვიადებული, რეალურია. ამასთან, თავის მოკატუნებაც არ მჩვევია. გასული სეზონის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩემი გუნდი. რამდენიმე ფეხბურთელმა დაგვტოვა და ჯერჯერობით 4 ახალწვეული გვყავს. ასე რომ, ჩვენიც ახალგაზრდული გუნდია, რომელთა გამოცდილი მოთამაშეები უდგანან მხარში.

- გინდათ თქვათ, რომ ჩემპიონატში უკეთესი გუნდი გყავდათ, ვიდრე ახლა?
- დიახ. ბევრ ფეხბურთელს ამოეწურა საკონტრაქტო ვადა და ისინი ვერ შევინარჩუნეთ. ახალწვეულები კი გვყავს, მაგრამ ჯერ სათანადოდ არ არიან გუნდთან შეთამაშებული.

- ახალწვეულებით რომელი პოზიციები გააძლიერეთ?
- თითო მეკარე და თავდამსხმელი დავიმატეთ. ასევე ორი ნახევარმცველი მარცხენა და მარჯვენა ფრთაზე.

- გასული სეზონის შემდეგ, სხვებთან ერთად ილია კანდელაკიც გამოგეთხოვათ. ავსტრიული წყარების მტკიცებით, მისი შენარჩუნება გინდოდათ. ეს რატომ არ მოხერხდა?
- კანდელაკი კარგი დონის საიმედო მცველია და მასთან მართლაც გვინდოდა კონტრაქტის გახანგრძლივება. ამ საკითხზე ქართველ მცველთან ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს დავიწყეთ საუბარი და ზამთარშიც გავაგრძელეთ, მაგრამ ილიამ კლუბის შეცვლა გადაწყვიტა. არადა, შარშან ევროპის ლიგაზე ასპარეზობაში დიდად დაგვეხმარა. მისი წვლილიც იყო ჯგუფურ რაუნდზე რომ ვიასპარეზეთ... საბოლოოდ მან ბაქოს ერთ-ერთ კლუბს მიაშურა, რომელსაც ქართველი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. კანდელაკს წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და აზერბაიჯანში გადასვლა ალბათ თანამემამულეების ფაქტორმა გადააწყვეტინა.

- კანდელაკამდე "შტურმში" გიორგი შაშიაშვილი თამაშობდა...
- დიახ, ილიას მსგავსად, შაშიაშვილი კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა. ორივენი გუნდში ავტორიტეტით სარგებლობდნენ და ვფიქრობ, ჩვენ თანამშრომლობა ორმხრივად სასიამოვნო იყო. შაშიაშვილმა ჩვენი გუნდიდან საბერძნეთში გააგრძელა კარიერა.

- ფეხბურთმა კიდევ ერთ ქართველს, დავით მუჯირს დაგაკავშირათ. რამდენადაც მახსოვს თანაგუნდელები იყავით...
- დიახ, "შტურმში" მცირე ხანს ერთად ვთამაშობდით. დათო კარგა ხანს გამოდიოდა გრაცში. ტექნიკურობითა და ძლიერი დარტყმით გამოირჩეოდა. ჩვენი გუნდიდან რუსეთში გაარძელა კარიერა. სხვათა შორის, სამივე ეს ქართველი თბილისის "დინამოში" ჩამოყალიბდა და ალბათ ჩვენს მეტოქე გუნდში ახლაც იქნებიან მომავალი პოტენციური ვარსკვლავები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული