თასი, 300 მანეთი და უალკოჰოლოდ დარჩენილი ლვოვი
ლვოვის "კარპატი" 1963 წლის 18 იანვარს დაარსდა. საბჭოურ ხანაში კლუბის ერთადერთი მიღწევა 1969 წელს საბჭოთა კავშირის თასის მოპოვება იყო (როსტოვის სკა-ს 2:1 მოუგო). ამ ტროფიდან 10 წლის შემდეგ პირველი ლიგა მოიგო და უმაღლესში ასპარეზობის უფლება მოიპოვა,
ყველასათვის ცნობილ ვებგვერდ ვიკიპედია.ორგ-ზე რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოვიძიეთ. როგორც ირკვევა, 1969 წელს საბჭოთა კავშირის თასის მოპოვებისთვის, თითოეულ ფეხბურთელს 300 საბჭოთა მანეთი, სპორტული კოსტიუმი და რადიომიმღები მისცეს საჩუქრად. ლვოვის მაღაზიებში კი ერთი თვის ალკოჰოლის ნორმა გაქრა.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინის პირველ ჩემპიონატში პირველი გოლი, 1992 წლის 6 მარტს, ოდესაში, "ჩერნომორეცთან" მატჩში, სწორედ "კარპატის" ნახევარმცველმა ანატოლი მუშჩინკამ გაიტანა.
ევროპაში რიხიანად, შინ მძიმედ
2001 წლიდან მოყოლებული, "კარპატის" მეპატრონე, უკრაინელი ბიზნესმენი პიოტრ დიმინსკი გახლავთ, რომლის ბიზნესის სფერო ნავთობი და მედიასაშუალებებია. "კარპატის" მთავარი მწვრთნელი ბელორუსი სპეციალისტი ოლეგ კონონოვია, რომელიც 2005-08 წლებში ვაჟა თარხნიშვილის ტირასპოლის "შერიფს" თავკაცობდა. გასულ სეზონში ლვოველთა გუნდმა უკრაინის ვიშა ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. მიმდინარე სეზონი კონონოვის გუნდმა მძიმედ დაიწყო. "დნიპროსთან" სტუმრად 0:1 წააგო, "კრივბასთან" შინ უგოლოთ ითამაშა და გასულ უქმებზე ჩატარებულ ტურამდე მხოლოდ ქულით მე-13 ადგილზე იყო. არადა ლვოველებს შემადგენლობა ნამდვილად არ დაეწუნებათ. გუნდი ზაფხულშიც გაძლიერდა - მთავარი მეკარე ვიტალი რუდენკო ოდესის ჩერნომორეციდან, ბრაზილიური "რიო კლაუდან" მცველი აველარი და ნახევარმცველი ნენუ დაიმატეს. "კარპატიდან" სამ ფეხბურთელს აქვს ნათამაშები უკრაინის ეროვნულ ნაკრებში - მცველებმა არტემ ფედეცკიმ და იგორ ოშჩიპკომ 2-2, ნახევარმცველმა იგორ ხუდობიაკმა კი ერთი მატჩი ჩაატარა. კონონოვის გუნდშია საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის გია გურულის ვაჟი, ნახევარმცველი სანდრო გურული, რომელსაც ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.
საშინაო პირველობისგან განსხვავებით, ლვოველებმა რიხიანად დაიწყეს ევროტურნირები. ზესტაფონელებისგან განსხვავებით, გუნდი ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეორე რაუნდიდან ჩაერთო. ისლანდიური "რეიკიავიკის" ბარიერის გადალახვა არ გასჭირვებია - ისლანდიაში 3:0 მოიგეს. პირველი გოლი სანდრო გურულმა გაიტანა. რეიკიავიკელებმა ლვოვში კი იბრძოლეს, მაგრამ უკრაინელებმა ისევ მოუგეს, ამჯერად 3:2. "კარპატიმ" ევროტურნირების მიმდინარე სეზონში 2 მატჩში 6 ბურთი გაიტანა. ამ 6 გოლიდან 3 თავდამსხმელების (გურული, ზენევი, ბატისტა) წილად მოდის, 2 ნახევარმცველებმა (ტკაჩუკი, ბ. ბარანეცი), ერთი კი მცველმა (ფედეცკი) გაიტანა.
ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების რაოდენობით ვითარება ასეთია:
მეკარეები: 1. ვიტალი რუდენკო (1 თამაში, 0 გოლი), 22. ანდრეი ტლუმაკი (1/0), 32. ივან პიცანი, 77. რომან მისაკი (0/0);
მცველები: 34. ივან მილოშევიჩი (2/0, სერბეთი), 5. ნემანია ტუბიჩი (1/0სერბეთი), 8. იგორ ოშჩიპკო (1/0), 15. ტარას პეტრივსკი (1/0), 27. ანდრეი გურსკი (0/0), 33. ევგენი ტარასენკო (1/0), 34. ევგენი საგაიდაკი (0/0), 41. სტეფან გირსკი (0/0), 44. არტემ ფედეცკი (1/1);
ნახევარმცველები: 7. სამსონ გოდვინი (1/0, ნიგერია), 16. იგორ ხუდობიაკი (1/0), 15. ოლეგ გოლოდიუკი (0/0), 19. იაროსლავ მარტინიუკი (1/0), 25. ანდრეი ტკაჩუკი (2/1), 28. გრიგორი ბარანეცი (1/0), 30. ბორის ბარანეცი (1/1), 37. იგორ ტისტიკი (0/0), 88. ნენუ (2/0, ბრაზილია), 89. დანიელო აბელარი (2/0, ბრაზილია);
თავდამსხმელები: 9. დენის კოჟანოვი (1/0), 10. სანდრო გურული (1/1, საქართველო), 11. სერგეი ზენევი (2/1, ესტონეთი), 18. მიხაელ კოპოლოვეცი (1/0), 36. ვლადიმერ გუდიმა (0/0), 80. უილიამ ბატისტა (1/1, ბრაზილია), 99. იური გაბოვდა (2/0).
მწვანე ლომების ტაქტიკა
ლვოვის "კარპატის" საშინაო არენა "უკრაინა" 28 051 მაყურებელს იტევს. რეკონსტრუქციის შემდეგ სტადიონი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და ერთ-ერთი იმ არენათაგანია, რომელიც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს. "კარპატის" ფერები და ეკიპირება მწვანე და თეთრია. თუმცა, ორი კვირის წინათ ახალი ფორმის პრეზენტაცია მოეწყო, ახლა ფერი უკვე შავ-წითელია და ძალიან ჰგავს იტალიური "მილანის" ფორმას. "კარპატის" უკრაინაში "თეთრ-მწვანეებად" და "მწვანე ლომებად" მოიხსენიებენ, რადგან კლუბის სიმბოლო ლომია. "კარპატი" 4-3-2-1 სქემით ასპარეობს და საორიენტაციო შემადგენლობა ასეთია:
რუდენკო (ან ტლუმაკი) - პეტრივსკი, მილოშევიჩი, ტუბიჩი, ფეეცკი - ხუდობიაკი, გოდვინი, ტკაჩუკი - გურული, კოჟანოვი - ბატისტა.
ბოლოს, აღსანიშნავია ისიც, რომ ლვოვი, ბენდერებით დასახლებული ეს რეგიონი და მთლიანად დასავლეთ უკრაინა, საფეხბურთო გაგებით, ერთგვარი "ცხელი წერტილია". "კარპატის" ცნობილი ულტრაფანები ჰყავს, რომლებიც მატჩის დააწყებიდან უკანასკნელ წუთამდე მხურვალედ ქომაგობენ თავის გუნდს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"