რუსთავში ხალიბი ბრუნდება

AutoSharing Option
... რუსთავი დიდი საფეხბურთო ტრადიციის ქალაქია და ის დროც კარგად გვახსოვს, აქაური ბავშვთა საფეხბურთო სკოლები საქართველოსა თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით წარმატებულ-გამორჩეულად რომ მიიჩნეოდნენ. შოთა ხინჩაგაშვილი, კახა ცხადაძე, გოჩა ჯამარაული, ნიკა ტოგონიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, ლევან სილაგაძე, ძმები ვარლამ და გია კილასონიები, სანდრო ბურნაძე, კახა ალადაშვილი, მამუკა ქორიძე, თამაზ მეტრეველი, ზურაბ არჩვაძე, გოჩა ტრაპაიძე, დავით იმედაშვილი, _ აი, იმათი არასრული ჩამონათვალი, რომლებიც სწორედ რუსთავის საფეხბურთო სკოლებში დაფრთიანდნენ და ქართულ თუ საერთაშორისო ს
არბიელზე არაერთ წარმატებას მიაღწიეს. ამ შემთხვევაში კი ადგილობრივი მწვრთნელების ღვაწლიც არ უნდა დავივიწყოთ: ბავშვთა ფეხბურთის ცნობილ სპეციალისტებს, თამაზ დოდაშვილსა და აწ განსვენებულ მურმან გოგოლაძეს, ალბათ, ასამდე ისეთი ბიჭი გაუზრდიათ, შემდგომში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში რომ უთამაშიათ.

სამწუხაროდ, რუსთავში ბოლო წლებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მხრივ ერთობ სავალალო მდგომარეობა იყო: ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, აქაური გუნდები თანატოლებს შორის ჩატარებულ ტურნირებზე ხეირიან შედეგს ვერ უჩვენებდნენ, ასევე ერთი-ორი გამონაკლისის გარდა ქალაქში მეტ-ნაკლებად ნორმალური ბავშვთა საფეხბურთო სკოლა არ არსებობდა და ასე შემდეგ. ამას გარდა, რუსთაველ გულშემატკივართაგან ბევრს არ მოსწონდა, რომ აქაურ `ოლიმპში~ წლების განმავლობაში თითზე ჩამოსათვლელი ადგილობრივი ფეხბურთელები თამაშობდნენ. არადა, `ოლიმპი~ კერძო კლუბია და, რაც მთავარია, რუსთავის `მეტალურგისა~ თუ `გორდას~ სამართალდმემკვიდრედ არ ითვლება; აქედან გამომდინარე, `ოლიმპის~ ხელმძღვანელობებს არც `მოეთხოვებოდათ~, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი, გინდა თუ არა, ადგილობრივებით დაეკომპლექტებინათ. თუმცა, ამ სეზონში ამ მხრივ სიტუაცია შეიცვალა: `ოლიმპის~ წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედნი რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილებიც, გრიგოლ ბედიაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი და გიორგი ქავთარაძე არიან. თუმცა, ვატყობთ, თემას გადავუხვიეთ და ახლა კი მართლაც სასიამოვნო და ბევრისთვის მისაბაძი ფაქტის შესახებ გვინდა გიამბოთ: რუსთავში მალე გაიხსნება ახალი და თანამედროვე ტიპის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, რომელიც ზემოთნახსენები მურმან გოგოლაძის სახელობის იქნება. ბავშვთა ფეხბურთის ამ ცნობილ სპეციალისტს არაერთი მოთამაშე აღუზრდია, შემდგომში საქართველოს ეროვნული ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები რომ იყვნენ; თანაც, ვიდრე ცოცხალი იყო, მურმან გოგოლაძე მუდამ ოცნებობდა რუსთავში თანამედროვე ტიპის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის დაარსებაზე; კეთილი ხალხის დახმარებით საქმეც წამოიწყო: რუსთავის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა დაიკანონა, მაგრამ მეტი აღარ დასცალდა...

და აი, ეს კეთილი საქმე გრძელდება და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სულ მალე რუსთაველებს მართლაც საამაყოდ ექნებათ საქმე: სამი მოედნისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე ბავშვთა ახალმა საფეხბურთო სკოლამ ქალაქში სპორტის ამ სახეობის განვითარება-პოპულარიზაციას ხელი უნდა შეუწყოს!


ცნობადი მეგზურები

...`ძველ~ და `ახალ~ რუსთავს დამაკავშირებელ ხიდს გადახვალთ თუ არა, მარჯვენა მხარეს, ვიდრე `ფოლადის~ სტადიონზე მიხვალთ, ტყე-პარკის მოსაზღვრე ტერიტორიას ვერც იცნობთ (სწორედ ამ ადგილზე იქნება კიდეც ახალი ბავშვთა საფეხბურთო სკოლა `რუსთავი~). უამინდობის მიუხედავად ტერიტორიაზე მუშაობა მიმდინარეობს და მეგზურებთან ერთად გულისყურით ვეცნობით იქაურობას. ჩვენი მეგზურები კი ქართულ ფეხბურთში `შემთხვევითი~ ხალხი ნამდვილად არ არიან: საქართველოს პარლამენტის წევრი და ქვემო ქართლის ფეხბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა მინდელი ლამის ორი ათეული წელია რუსთავის საფეხბურთო ცხოვრების ეპიცენტრში `ტრიალებს~ (თანაც, მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხვადასხვა დროს რა თანამდებობაზე მუშაობდა), ვარლამ კილასონია კი რუსთავის `გორდას~ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ, მერე სამწვრთნელო ასპარეზზე გადაინაცვლა და `ოლიმპის~ შემდეგ ამჟამად პატარებთანაც წარმატებით მუშაობს. რაც მთავარია, ორივე მათგანს წლების განმავლობაში მეტად ახლო ურთიერთობა (საქმიანიც და მეგობრულიც) ჰქონდათ მურმან გოგოლაძესთან (შეგირდები სიცოცხლის ბოლომდე მეტსახელად `ფეოლას~ რომ ეძახდნენ) და ახლა მისი იდეის რეალიზებასაც წინ არაფერი უდგას. ვიდრე ჩვენ მეგზურ-მასპინძლებს სიტყვას მივცემდეთ, მანამდე გეტყვით, რომ ბავშვთა საფეხბურთო სკოლა `რუსთავის~ ტერიტორიაზე სამი სტადიონი იქნება: ერთი ბუნებრივი საფარით (სტანდარტული ზომებით) და ორიც _ ხელოვნური (პირველის ზომები 90X50-ია, მეორესი _ 50X30-ზე). ახლა კი, ჩვენ მასპინძლებს მოვუსმინოთ...


მესამე და სამართალი

ლაშა მინდელი: `ადრე, როცა კერძო სტრუქტურაში ვმუშაობდი, საფეხბურთო კლუბ `რუსთავს~ ვასპონსორებდი. ამ გუნდს მურმან გოგოლაძე ხელმძღვანელობდა და პირველივე ცდაზე მეორედან პირველ ლიგაში გადავედით. იქაც წარმატებით ვიასპარეზეთ, მაგრამ ამ დროს რუსთავის `გორდადან~ ყველა მოწვეული ფეხბურთელი წავიდა და სწორედ `რუსთავის~ კადრებით მოხდა ქალაქის უპირველესი გუნდის შევსება. აი, დაიშალა პირველად `რუსთავი~, თუმცა ბევრად უფრო მტკივნეული იყო ამ კლუბის მეორედ დაშლა: როცა `გორდა~ უმაღლესი ლიგიდან გავარდა, პირველ ლიგაში უკვე `რუსთავის~ სახელით ასპარეზობდა და ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მეორე წელს კვლავაც უმაღლესში დავბრუნდით. თუმცა, პროფლიგამ უმაღლესში თამაშის უფლება არ მოგვცა _ საწევროს გადაუხდელობის გამო. ახლა, `რუსთავის~ აღორძინების მესამე ცდაა და მჯერა, რომ არც არასოდეს დაიშლება. რაც მთავარია, ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ: მიმაჩნია, რომ სწორედ ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი; თანაც, ჩვენი მიზანია, რომ ამბიციური თაობა გავზარდოთ, აი, გარკვეული პერიოდის შემდეგ მაღალ დონეზე რომ შეეძლებათ თამაში. ამ სკოლის დაარსების იდეა მურმან გოგოლაძეს ეკუთვნოდა და ერთ-ერთ დამფუძნებლად მისი საფეხბურთო კლუბი `ხალიბი~ იქნება. ბავშვთა საფეხბურთო კლუბ `რუსთავის~ დამფუძნებლები იქნებიან აგრეთვე ქარხანა `რუსმეტალი~ და კიდევ ერთი იურიდიული პირი. სხვათა შორის, `რუსმეტალის~ ხელმძღვანელები არც ფიქრობენ, ამ საქმეში ჩადებული თანხით მოგება ნახონ: ყველაფერში დაგვეხმარებიან იქამდე, სანამ სკოლა უკვე თავის თავის შენახვა შეძლებს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ბუნებრივ მოედანზე მიწა და ქვიშა დაყრილია, გაკეთებულია სადრენაჟო სისტემა (ყოველ ერთ მეტრში მილებია ჩაყრილი); აქვე, სკოლის ტერიტორიაზე სპეციალური ნაგებობა იქნება, რომელიც მთლიანად სარწყავ სისტემას მოემსახურება. ორ თვეში მოვრჩებით ბალახის საფარის დაგებას, მაგრამ სულ მცირე, წელიწადის განმავლობაში აქ არავინ ითამაშებს _ რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ მოედანს, ბალახს ძირი უფრო გაუმაგრდება. რაც შეეხება ორივე ხელოვნურ მოედანს, ამ ზაფხულამდე ორივე მზად იქნება და ჩვენი სკოლის აღსაზრდელებიც აქ ივარჯიშებენ. ნავარაუდევი გვაქვს ტრიბუნების მოწყობაც, ამას გარდა არ გამოვრიცხავთ, რომ ადმინისტრაციის შენობის გვერდით, კაფეც გავაკეთოთ, რაც დამატებით შემოსავალს შეიტანს. ამავე ტერიტორიაზეა გაუქმებული რესტორანი და ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, როგორ მოვიქცეთ; ჩაფიქრებული გვაქვს ბაზის აშენებაც, _ მოგეხსენებათ, ქვეყნის პრეზიდენტმა ამას წინათ საგანგებოდ გაუსვა ხაზი საფეხბურთო სკოლა-ინტერნატების მშენებლობას. სხვათა შორის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის მდებარეობასაც: ტყე-პარკს ვესაზღვრებით, სუფთა ჰაერია, გვერდით `ფოლადის~ სტადიონია, მოკლედ, სპორტული კომპლექსივით იქნება. საინტერესო გეგმები გვაქვს, აი, თუნდაც ის რად ღირს, რომ აქვე გამავალი არხის გამოყენება გვინდა და მინიჰესი რომ ავაშენოთ (50-70 კილოვატს რომ გამოიმუშავებდეს), საკუთარი ელექტროენერგია გვექნებოდა. თუმცა, ასეც რომ არ მოხდეს, პროჟექტორები ყველა ვარიანტში გვექნება. სკოლას საკუთარი ავტობუსი ეყოლება, ბავშვები სახლიდან აქამდე და უკანა გზაზე რომ წაიყვანოს. თანაც, ჩვენი სკოლა მხოლოდ რუსთაველებისათვის კი არ იქნება: ნებისმიერი რეგიონის ნიჭიერ მოზარდს შეეძლება აქ მოსვლა. დაბოლოს, იმასაც გეტყვით, რომ მურმან გოგოლაძის ორივე ვაჟი, გიორგი და ბექა, ამ სკოლაში სხვადასხვა თანამდებობებზე იმუშავებენ, ხოლო სკოლის დირექტორი კი ვარლამ კილასონია იქნება~.


მწვრთნელი-დირექტორი

ვარლამ კილასონია: `სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერავინ გეტყვით, თუ რამდენი საფეხბურთო ჯგუფია რუსთავში; ხშირად გამიგია და
საკუთარი თვალითაც მინახავს, ეზოში თუ უბანში კონკრეტული პიროვნება ბავშვებს რომ ავარჯიშებს; ანუ, არანაირი აღრიცხვა არ არსებობს, თუმცა ჩვენი კარი ყველასათვის ღია იქნება: დაწყებული 5 წლის ასაკიდან და დამთავრებული 15 წლამდე, ამ ზაფხულიდან ყველას ვეპატიჟებით. მწვრთნელებად ადგილობრივი სპეციალისტები იმუშავებენ, უკვე წინდაწინ შემიძლია ზოგიერთი წარმოგიდგინოთ: ნოდარ მეტრეველი, მამუკა ყაულაშვილი; რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელს შესაბამისი ლიცენზია ექნება და ამას გარდა, უკვე რამდენიმემ გამოთქვა სურვილი ჩვენთან რომ დასაქმდეს. აი, მაგალითად, ყაზახეთში მოასპარეზე გიორგი ფეიქრიშვილი ტრავმის გამო კარიერის დასრულებას აპირებს და შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ ჩვენ სკოლაში უნდა მოსვლა. უარს არავის ვეტყვით: თუ რომელიმე მწვრთნელს ექნება ჩვენთან ურთიერთობის სურვილი, ყველას შევხვდებით და ერთმანეთს საკუთარ პირობებს გავაცნობთ. ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა მწვრთნელების გარდა რუსთავში ხომ ბავშთა ფეხბურთის გამოცდილი სპეციალისტებიც არიან _ თამაზ დოდაშვილი, ტატო წიკლაური, ნუგზარ ზავრადაშვილი.

... გადასახადი იმაზე მეტი ნამდვილად არ იქნება, სხვაგან რაც არის; თანაც, განსაკუთრებულად გამორჩეულებსა თუ სოციალურად დაუცველებზე აუცილებლად იქნება შეღავათები; ეგ კი არა, აქეთ დავეხმარებით რისი საშუალებაც გვექნება. როცა აქაურობა საბოლოო სახეს მიიღებს და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც დამშვენდება, მჯერა, რომ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი კეთილმოწყობილი და , რაც მთავარია, წარმატებული საფეხბურთო სკოლა გვექნება~.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული