ნუ იტყვით, რომ ჩვენს ფეხბურთს სახელი უფრო გაუტყდება

AutoSharing Option
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცოპერაცია, ტოტალიზატორების წამომადგენლებთან საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელების კორუფციული გარიგებები და ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილება მათი დასჯის თაობაზე - ქართული ფეხბურთის ვეტერან არჩილ არველაძეს ამ თემებსა და მათგან გამომდინარე შედეგებზე ვისაუბრეთ.

- ჯერ მომხდარი შევაფასოთ. თქვენი აზრით, აღმასკომის გადაწყვეტილება ფეხბურთელთა სამუდამო დისკვალიფიკაციის თაობაზე სამართლიანია?
- ადამიანურად შევწუხდი, რადგან ეს მოთამაშეები ფეხბურთს ჩამოაშორეს და მესმის, ეს რა მტკივნეულია. გინდა, ერთი წელი მიეცათ და გინდა, სამუდამო დისკვალიფიკაცია, უმრავლესობა თამაშისთვის ასაკოვანია და ამ გადაწყვეტილებით კარიერა დაასრულეს. მაგრამ გარიგებებს ერთხელ და სამუდამოდ
უნდა დასმოდა წერტილი და გადაწყვეტილება მიღებულიყო.

არა მგონია, აღმასკომის წევრებს დაუფიქრებლად მიესაჯათ სამუდამო დისკვალიფიკაცია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჩანდა. შეიძლება, დღეს ცხელ გულზე ვფიქრობ ასე და ხვალ ბიჭები შემეცოდოს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ უსამართლო გადაწყვეტილება იყო.

- ბევრი ფიქრობს, რომ ხუთეული განტევების ვაცია, საქმის რეალური ჩამწყობები კი ჩრდილში დარჩნენ და არ დაუსჯიათ.
- ასე რომ ვიმსჯელოთ, უფრო ხშირად განტევების ვაცი ისჯება, მაგრამ კუდ-მა ფაქტები გამოავლინა და აღმასკომს რეაგირება არ უნდა მოეხდინა?

- ამას არ ვამბობ, დასასჯელები იყვნენ, მაგრამ მატჩებს მხოლოდ ფეხბურთელები აწყობენ?
- მესმის, თუნდაც ასეთი მკაცრი გადაწყვეტილებით ჩვენს ფეხბურთში აბსოლუტური წესრიგი ვერ დამყარდება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ბევრს დააფიქრებს, რომ არასპორტული საქციელისთვის ახლა აუცილებლად დაისჯება და გაჩერდება. იმედი მაქვს, გამოძიება გაგრძელდება და იმ პიროვნებებსაც დაადგენს, რომლებიც ფეხბურთელებს გონებას უმღვრევდნენ.

- ეს ადამიანები რატომ არ ჩანან, კარგად ინიღბებიან? ან კლუბები როგორ არ მონაწილეობდნენ გარიგებებში, როდესაც ლაპარაკი იყო შედეგების დასმაზე?!
- მეც გამიჩნდა ასეთი კითხვები, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ არავინ არავის ხელს არ დააფარებს. ყველამ ვიცით, რომ კორუფციას კუდ-ი და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუნდობლად ებრძვიან. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ორი ვარიანტია - ან გუნდები არ მონაწილეობდნენ გარიგებებში, ან ჯერ მათზე ფაქტები არ არსებობს, თორემ აუცილებლად დასჯიდნენ.

- საქართველოში მოქმედი ტოტალიზატორებიც არ იქნებოდნენ ჩარეულები?
- ფსონები აზიაში კეთდებოდა და ამიტომ, მგონია, რომ ჩვენი ტოტალიზატორები ამ მაქცინაციებში არ არიან გარეულები.

- ერთ-ერთი მაქინატორი ამბობს, "ტრენერი" საქმის კურსშიაო, ეს კლუბის მონაწილეობას არ ნიშნავს?
- ფედერაციის აღმასკომის წევრებს უნდა ჰქონდეთ ფაქტები, კლუბი ან მწვრთნელი რომ დასაჯონ. ვარაუდებით და მტკიცებულების გარეშე ბრალდებული თავს ყოველთვის გაიმართლებს.

- თქვენი აზრით, მომხდარი საქართველოს ჩემპიონატზე როგორ აისახება?
- მიმაჩნია, რომ ძალიან კარგად. სისულელეა იმის მტკიცება, რომ ახლა ფეხბურთს სახელი უფრო გაუტყდება. პირიქით, უმძიმესი დანაშაული გამოავლინეს, მისი მონაწილეები დასაჯეს და სხვებს ხელ-ფეხი შეეკრათ. წარმოუდგენელია, ეს საერთო სურათზე დადებითად არ აისახოს. ახლა არასპორტულ საქციელს მეტ ყურადღებას მიაქცევენ, ჯანსაღი ბრძოლა კი ჩემპიონატის დონესაც დაეტყობა.

- ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ბიზნესი ფეხბურთით ისედაც არ ინტერესდებოდა, სახეობის განვითარებისთვის კი ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია.
- ვფიქრობ, ახლა დაინტერესდება, რადგან ლაპარაკია ეროვნული ჩემპიონატის გაუმჯობესებაზე. ჩემი ინფორმაციით, მუშაობა შემდეგი მიმართულებით წარიმართება: პირველი იქნება ფორმატის შეცვლა, რათა ტურნირი დაძაბული და საინტერესო გახდეს.

გარდა ამისა, ეროვნულ ჩემპიონატში საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდი დაწესდება. მისი გენერალური სპონსორი საქართველოს ლატარიის კომპანია გახდება და ჩემპიონატის მონაწილეებისთვის ყოველწლიურად 2 მილიონ ლარს გამოყოფს.

თუ აქამდე კლუბებისთვის ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშებებში გამარჯვება, პრაქტიკულად, მხოლოდ პრესტიჟის საქმე იყო, ახლა ფინანსური ინტერესიც გაუჩნდებათ, რაც ჩემპიონატის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება. მთელ მსოფლიოში ფეხბურთი შემოსავლიანია და ადრე თუ გვიან ჩვენთანაც ასე უნდა იყოს.

ამას დაემატება ჩემპიონატის სატელევიზიო გაშუქება, რაც მის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და გარიგებულ მატჩებსაც შეზღუდავს. როდესაც მთელი ქვეყანა გიყურებს, თამაშის ჩაწყობა ძალიან ძნელია.

- მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი უეჭველად დაინტერესდება.
- რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ უცებ ყველა კომპანია და ბიზნესმენი ფეხბურთს მიაწყდება და კლუბებს დააფინანსებენ, მაგრამ პროცესი დაიწყება და ის საფუძველი ჩაიყრება, რომელმაც გარკვეული ეტაპის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატი საინტერესო უნდა გახადოს. გუნდები საპრემიო თანხებს რომ მიიღებენ და ტურნირს ტელევიზიები გააშუქებენ, ვიღაცას სტიმული აუცილებლად გაუჩნდება. ანუ, დღეს რომ ხარჯავს ხუთი-ექვსი კაცი ფულს, ასე აღარ უნდა იყოს.
თავად განსაჯეთ: ხარ ბიზნესმენი და ყოველწლიურად კლუბის შენახვა მილიონი ლარი გიჯდება. თუ უნარიანი მმართველი ხარ, წარმატებული კლუბით მილიონიან დანახარჯს ერთ წელიწადში ამოიღებ.

- როგორ?!
- უეფასგან ქვეყნის ჩემპიონი 200 ათას ევროს იღებს, ევროთასის ყოველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლისთვის 90 ათასს, რასაც საქართველოს ლატარიის კომპანიის საპრიზო თანხა დაემატება და კლუბის ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი შევა. თუ ევროპის ლიგის, ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში მოხვდები, ხომ მთლად უკეთესი, შესაბამისად, ბიუჯეტს 3,3 მილიონი ან 7,1 მილიონი ევროთი შეივსება. ასე რომ, თუ ჭკვიანი ბიზნესმენი ხარ, ფეხბურთში მისვლა გიღირს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთში კი. ქართულ ფეხბურთში?.....
guja kakhadze
20:54 13-05-2011
0

სიახლეები პოპულარული