საიუბილეო 30 წელი

AutoSharing Option
საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ფეხბურთით გამოწვეულ სიხარულს, სხვა ნებისმიერი სიხარულის დაჩრდილვა შეუძლია.

თბილისის "დინამოს" 1981 წლის 13 მაისის ლეგენდარული გამარჯვების შემდეგ, აგერ, უკვე 30 წელი გავიდა, თუმცა, ემოცია შეუცვლელია... კადრების ცქერისას, ისე განვიცდით ჩვენს კარში ჰოპეს მიერ გატანილ გოლს, თითქოს, არ ვიცოდეთ, რომ გავა სულ რამდენიმე წუთი და ჯერ ვოვა გუცაევი გაათანაბრებს; 87-ე წუთზე კი, ვიტალი დარასელია ისეთს გააკეთებს, რომ ქართველ გულშემატკივარს ამ წუთს სამუდამოდ აღუბეჭდავს გონებაში.

წელს, თბილისის "დინამო" ამ საიუბილეო თარიღს განსაკუთრებულად აღნიშნავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც,
თავის მხრივ, განსხვავებული სიურპრიზი მოუმზადა ლეგენდარული "დინამოს" ვეტერანებს - საიუბილეო ვერცხლის მონეტები, რომლებზეც იმდროინდელი "დინამოს" უკლებლივ ყველა ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბი და მომსახურე პერსონალია გამოსახული.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩაიწერა სპეციალური გადაცემა, რომელიც დღეს საღამოს 21:00 საათზე, ტელეკომპანია "მზის" ეთერში გავა. სფფ-ის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ და გენერალურმა მდივანმა - რევაზ არველაძემ, სწორედ, ამ გადაცემის მსვლელობისას დააჯილდოვეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელები.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1981 წლის 13 მაისის ფინალამდე განვლილი გზა და ფინალური მატჩის პერიპეტიები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს "დინამო" თბილისს ამ საიუბილეო თარიღს და კიდევ არაერთ დასამახსოვრებელ გამარჯვებას უსურვებს.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული