რა ხალხი და რა მოგონებები!

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი დღის 30 წლისთავის აღსანიშნავად თბილისს ბევრი ცნობილი ფეხბურთელი და პიროვნება ესტუმრა: იენის "კარლ ცაისის" მაშინდელი კაპიტანი ლოთარ კურბიუვაიტი, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი რაინერ მილკორაიტი, უკრაინული, სომხური და აზერბაიჯანული ფეხბურთის ლეგენდები, ანდრეი ბიბა, ვლადიმერ მუნტიანი (კიევის "დინამო", საბჭოთა კავშირის ნაკრები), ხორენ ოგანესიანი (ერევნის "არარატი", საბჭოთა კავშირის ნაკრები), ისკანდერ ჯავადოვი, მაშალა ახმედოვი (ბაქოს "ნეფთჩი"), ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი,"დინამოს" ყოფილი თავკაცი ივო შუშაკი, ჩეხეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი დუშან უჰრინი, რომელიც"დინამოსაც" წვრთნიდა, "ნტვ ფუტბოლის" წამყვანი ალექსეი ანდრონოვი.

გუშინ, დილით თბილისის
"დინამოს" ხელმძღვანელებმა სტუმრებს დიღმის საწვრთნელი ბაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერებინეს. შეიძლება ითქვას, რომ ბაზა თავიდან შენდება, მოედნებზე მალე დაიწყება საფარის დაგება, ხელოვნურსაფრიანი მოედნის მიმდებარე თავისუფალ ტერიტორიაზე კი, ახალი სტანდარტული მოედანი მოეწყობა, განახლდება საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, კვებისა და ტრენაჟორების ბლოკები.

ბოლოს სტუმრებმა სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს, საღამოს კი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრნენ.
იყო მოგონებები გარდასულ ტკბილ დღეთა, რა გუნდი იყო "დინამო" და მისი მაშინდელი მეტოქე "კარლ ცაისი" - ერთ-ერთი საბაზო გუნდი გერმანიის დემოკრატიული ნაკრების, რომელიც ოლიმპიადის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე იყო და თასების თასის იმ გათამაშებიდან გამოაგდო "რომა", "ვალენსია", "ბენფიკა", მაგრამ ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილებთან ვერას გახდა.

ბოლოს საუბილეო ღონისძიებების ორგანიზატორმა, თბილისის "დინამოს" ახალმა მეპატრონე რომან ფიფიამ 13 მაისის შემოქმედნი ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული