- ბოლო წლებში, რუსი სპორტული ჟურნალისტები საქართველოს იშვიათად სტუმრობთ - მხოლოდ 13 მაისის აღნიშვნით დაინტერესდით?
- 13 მაისი მნიშვნელოვანი თარიღი მხოლოდ ქართული ფეხბურთისთვის არ არის. მაგრამ ეს დღე იყო საშუალება, ჩამოვსულიყავით და გაგვეცნო დღევანდელი ქართული ფეხბურთი, რომელსაც რუსეთში ადრეც ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა და ინტერესი დღემე შემორჩა. თუმცა ბევრმა აღარ იცის, რა მდგომარეობაშია თქვენი
- ერთ-ერთმა რუსულმა გაზეთმა დაწერა, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" რუსული თბილისის "დინამოაო".
- ეს მაინც ხუმრობაა, "სპარტაკში" ბევრი ბრაზილიელია, მაგრამ ამ გუნდს "სანტოსს" არავინ უწოდებს. თუმცა ამ ნათქვამში სიმართლე მაინც არის.
- რუსეთის პრემიერლიგაში რომელ ქართველს გამოარჩევდით?
- ოთარ მარცვალაძეს, მაგრამ ის ჩემთვის აღმოჩენა არ ყოფილა, ოთარი ჯერ კიდევ კიევის "დინამოდან" მახსოვს.
- კიევის "დინამოს" ძირითადში არასოდეს უთამაშია და მარცვალაძის თამაში სად ნახეთ?!
- კიეველთა დუბლშემადგენლობაში და უჟგოროდის "ზაკარპატიეში". კიევის "დინამოში" ფეხბურთელებს კარგად ზრდიან. ამას ჩვენს ჩემპიონატში კიევიდან ჩამოსული მოთამაშეების მაგალითიც ადასტურებს. ბევრია ისეთი, რომელიც უკრაინულ კლუბს არ დასჭირდა, მაგრამ რუსეთში გუნდის ლიდერი გახდა. ამის მაგალითია თუნდაც გიორგი პეევი, რომელმაც კიევში ევრ ითამაშა, მაგრამ პერმის "ამკარის" ლიდერი და პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
მარცვალაძის გარდა, მომწონს გოგუა, მაგრამ მას რუსეთში საინტერესო იმიჯი აქვს. წინასწარ არავინ იცის, რას მოიმოქმედებს - მეტოქეს აიკლებს თუ ბარათს მიიღებს. ძალიან საინტერესოა ჯანო ანანიძე, მაგრამ წლეულს ტრავმების გამო, ფაქტობრივად, არ თამაშობს.
კარგია, მაგრამ არასტაბილურია ხოჯავა, თუმცა რუსეთის პასპორტი მიიღო და, ალბათ, თქვენთვის საინტერესო აღარ არის.
- რატომ? საქართველოს ნაკრებში ითამაშა და, ალბათ, მის მიმართ ინტერესი არსებობს.
- ისე, მართალს ამბობთ, პასპორტი რა პრობლემაა... ხოჯავა ეფექტურია, საინტერესო, მაგრამ, ჩემი აზრით, ბოლომდე ჩამოყალიბებული მოთამაშე არ არის. მას პრემიერლიგაში მეტი მონდომება სჭირდება, რადგან აქ იმას არ აპატიებენ, რაც პირველ ლიგაში გასდიოდა. თუ სტაბილურობას შეიძენს, უფრო სასარგებლო გახდება. თუმცა, ესეც არის - ასეთი ფეხბურთელი ჩარჩოში რომ ჩასვა, შესაძლოა, ის ეფექტურობა დაკარგოს, რის გამოც გულშემატკივარი პატივს სცემს.
გამოცდილი ფეხბურთელია ლაშა სალუქვაძე, რომელიც "ვოლგას" კარგად შეეწყო. ალექსანდრე ამისულაშვილი კი "კრასნოდარის" ლიდერია და ტრავმის გამო შეხვედრები რომ გამოტოვა, მაშინ გამოჩნდა, გუნდისთვის რამხელა ძალაა.
დამაჯერებლად გამოიყურება "ანჟიში" მეკარე ნუკრი რევიშვილი - უდავოდ პერსპექტიული მეკარეა. "ვოლგაშია" რუსული პასპორტის მქონე გია გრიგალავა. მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია, მესამე თუ მეოთხე სეზონია, პრემიერლიგაში გამოდის და ისიც პერსპექტიული ბიჭია. თუმცა, არა მგონია, დიკ ადვოკაატმა უახლოეს პერიოდში რუსეთის ნაკრებში მიიწვიოს, ჰოლანდიელს ხომ ცვლილებები არ უყვარს.
"ზენიტის" მცველ იგორ ჩემინავაზე კი ვერაფერს გეტყვით, რადგან პირველი ტურის მერე აღარ უთამაშია.
მინდა გითხრათ, რომ დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს ბერლინის "ჰერტაში" ჩემი მეგობრის, ლევან კობიაშვილის გამოსვლას და ვულოცავ მას ბუნდესლიგაში დაბრუნებას.
- საქართველოს ნაკრების თამაშები თუ გინახავთ?
- რუსეთში გაუკვირდათ და გაუხარდათ ხორვატიასთან საქართველოს მოგება. თუმცა ჯერ არ ვიცით, გასული წლის წარმატებული გამოსვლებს წლეულსაც თუ გააგრძელებთ. თქვენი ნაკრები ციკლში ერთ სენსაციურ შეხვედრას ყოველთვის იგებს, ყველა მის პერსპექტივაზე ალაპარაკდება, მაგრამ მერე ვერაფერს აღწევს.
ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი ნაკრები 90-იანი წლების შუაში გყავდათ. ისე, ძალიან მიკვირს, დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ლატვია რომ გავიდა და არა საქართველო. თუმცა ახლანდელი საქართველოს გასვლა ძნელი დასაჯერებელია მიუხედავად ნაკრების საკმაოდ კარგი თამაშისა და თვალსაჩინო პროგრესისა.
- რატომ, პოტენციალს ვერ ხედავთ?
- საბჭოური საფეხბურთო სკოლის ინერცია უკვე დაიკარგა, იმ სკოლის თითქმის ყველა წარმომადგენელმა კარიერა უკვე დაასრულა კობიაშვილის, კალაძისა და იაშვილის გარდა, სხვებს კი ჯერ გახსნა უჭირთ.
- საქართველოს ჩემპიონატზე რა იცით?
- ის, რომ "ზესტაფონი" ჩემპიონია, ჩემპიონატის საერთო დონე კი არც ისე მაღალია.