ნათლი, რა დაგიშავე...

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების უმრავლესობა დამსახურებულ შვებულებაში იმყოფება და ამ დროისათვის მხოლოდ ორ-სამ გუნდს თუ აქვს დაწყებული ახალი სეზონისათვის მზადება.

ერთი შეხედვით, XXIII ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა დრო არ არის დარჩენილი, თუმცა გუშინვე გაირკვა მომავალი სეზონის პირველი ტურის წყვილები. ახალი ჩემპიონატი, როგორც გუშინ აღვნიშნეთ, არაერთ სიახლეს გვპირდება: რეგლამენტის შეცვლას თავი რომ დავანებოთ, ზოგი გუნდი ახალი სახელითაც იასპარეზებს!

ჰო, ესეც გუშინ გაუწყეთ, რომ რუსთაველ ქომაგთა გარკვეული ნაწილის დიდი ხნის ოცნება ასრულდა და ამ ქალაქის გუნდი ახალ სეზონში "ოლიმპის" ნაცვლად... "მეტალურგის" სახელწოდებით იასპარეზებს!
კიდევ ვიმეორებთ, - 7 აგვისტომდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი და არავინ იცის, კიდევ რამდენი გუნდი მიბაძავს რუსთაველებს; მოკლედ, არაფერი გამოვრიცხოთ, მით უფრო, რომ ჩვენთან ხშირად უყვართ ხოლმე სხვათა "სიახლეთა გადამღერება"...


ქართული "მილანი" და "ინტერი"
კაცია და გუნება: ამა თუ იმ კლუბის მეპატრონეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოეპრიანოს და საკუთარ გუნდს, რასაც უნდა, იმას დაარქმევს. არცთუ შორეულ წარსულს გავიხსენებთ, საქართველოს ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგაში ერთი-მეორეს მიყოლებით რომ გამოჩნდნენ "მილანი", "ინტერი", "ვალენსია", "არსენალი" და ასე შემდეგ; ეგ კი არა, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, ესა თუ ის მეპატრონე (ანუ, დამფინანსებელი) გუნდს... საკუთარი შვილის სახელს რომ არქმევდა; ან, პირიქით - თვითონ გუნდს გამოუთქვამს სურვილი და სახელწოდება მეპატრონე-დამფინანსებლის საპატივსაცემოდ შეუცვლია!

ჰო, ნუ გიკვირთ, მართლაც იყო ასეთი შემთხვევა. როცა ერთ-ერთი კახური გუნდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში "პეტროვიჩის" სახელით ასპარეზობდა; ოღონდ, ისე არ იფიქროთ, თითქოს კახელებმა ვინმე სერბი სპეციალისტის საპატივსაცემოდ დაირქვეს ეს ორიგინალური სახელი: მოგეხსენებათ, ჩვენთან (თანაც, არა მხოლოდ საფეხბურთო სამყაროში) დღესაც "მოდაშია" მამის სახელის რუსული ვარიანტით მიმართვა და აი, სწორედ ასეთი ორიგინალური მიგნება ჰქონდათ კიდეც კახელებს.
თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ "ნოვაციას" გაგრძელება არ მოჰყოლია და საქართველოს ჩემპიონატში რაღაც ვერ ვიხსენებთ ისეთ შემთხვევებს, სხვადასხვა ლიგებში "ზაზაევიჩს", "ვარდენიჩს", "აქვსენტიჩს", "შოთაევიჩსა" თუ "ჯემალიჩს" რომ ეასპარეზათ. კი, იყო სხვა მართლაც "ორიგინალური" სახელწოდების მქონე გუნდებიც (უფრო, დაბალ ლიგებში), მაგრამ რა შედარებაა იმასთან, რაც ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ხდებოდა...


გავიხსენოთ ჩვენი პოტენციალი
პირველ ეროვნულ ჩემპიონატში 18 გუნდი მონაწილეობდა და აქედან თერთმეტს გათამაშების დაწყების წინ შეეცვალა სახელი! ანუ, მხოლოდ შვიდმა გუნდმა დაიტოვა ძველი სახელწოდება: ლანჩხუთის "გურიამ", ხობის "კოლხეთმა", გორის "დილამ", ოზურგეთის "მერცხალმა", ოჩამჩირის "ამირანმა", გალის "მზიურმა" და ხაშურის "ივერიამ". აი, დანარჩენებმა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახელი შეიცვალეს და საბჭოურს ქართული ამჯობინეს!

თბილისის "დინამოს" "იბერია" ეწოდა, ზუგდიდის "დინამოს" - "ოდიში", ბათუმის "დინამოს", - "ბათუმი", ქუთაისის "ტორპედოს" - "ქუთაისი", სოხუმის "დინამოს" - "ცხუმი", ფოთის "კოლხეთს" - "კოლხეთი-1913", თბილისის "შევარდენს" - "შევარდენი-1906", რუსთავის "მეტალურგს" - "გორდა", სამტრედიის "ლოკომოტივს" - "სანავარდო", ცხინვალის "სპარტაკს" - "ლიახვი", წყალტუბოს "შადრევანს" - "სამგურალი". თუმცა, გარკვეული პერიოდის მერე ზოგმა გუნდმა ისევ ძველი სახელწოდება დაიბრუნა: "ქუთაისი" ერთი წლის შემდეგ ისევ "ტორპედო" გახდა, "იბერიამ" სამი სეზონი იასპარეზა და ისევ "დინამო" დაერქვა და ასე შემდეგ.

ამ ორ შემთხვევას, კიდევ რა უშავდა: ბოლოს და ბოლოს, საქმე უდიდეს ტრადიციებთან გვქონდა; რაც მთავარია, საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ რაიონში აღარავის მოსვლია აზრად, რომ მართლაც "ისტორიული" სახელწოდებები აღედგინათ; ჰო, შესაძლოა, იმ დროს (გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში) ბევრს "ნოსტალგიაც" მოეძალებოდა, რადგან ვერ იხილავდა "მენავთობესა" თუ "მეფრინველეს", "ფოჩტამტსა" თუ "მეტალისტს", "პიშჩევიკსა" თუ "ბურევესტნიკს"; აღარაფერს ვამბობთ ისეთ გუნდებზე, როგორებიც იყვნენ: "ტაქსომოტორი #3", "ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველო" თუ "ხის დამამუშავებელი კომბინატი"...

ისე, არავის ეგონოს, რომ ზემოთჩამოთვლილი გუნდები მხოლოდ გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ასპარეზობდნენ იმ მართლაც ორიგინალური სახელწოდებებით, ასე, მაგალითად, 1989 წელს, ქუთაისის საქალაქო პირველობაზე მოასპარეზე 11 გუნდიდან მხოლოდ და მხოლოდ ორს ერქვა ისეთი სახელი, არავისთვის საქილიკო რომ არ უნდა ყოფილიყო ("აისი", და "აია"); აი, დანარჩენი ცხრა გუნდის სახელებს კი ახლა შემოგთავაზებთ და დასკვნის გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია: "მეავეჯე", "ფეიქარი", "სოკოლი", "მე-4 სამშენებლო ტრესტი", "ქიმიკოსი", "სატრაქტორო," "ტრანსპორტელი", "კოლხიდა" და... "პოტენციალი"!

გუშინაც აღვნიშნეთ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ, იმედია, აღარავის გაუჩნდება სურვილი თავის გუნდს "მეფრინველე", "მეავეჯე", "მენავთობე" თუ... "პოტენციალი" დაარქვას. აი, წყალტუბოელებს კი, ალბათ, მართლაც მართებთ სახელწოდების შეცვლაზე დაფიქრება - 1990 წლამდე ამ ქალაქის გუნდი ხომ დღესდღეობით მოდური, "შადრევანის" სახელწოდებით (თანაც, საკმაოდ წარმატებითაც) ასპარეზობდა...
მკითხველის კომენტარები / 2 /
მშვენიერი სტატიაა. არველაძის სიტყვებს გავიმეორებ ,,გუნდი ფოსტამ, რომ იყიდოს ფოსტა ხომ არ უნდა დაარქვას "

კოლხიდა კი იმიტომ არის სასაცილო, რომ ქართული ბოლოსართი ეთი არსებობს და ტავისუფლად წარმოთქვამ კოლხეთს.
ტორპედო - აია
ბათუმი - ანგისი - ადელი
თბილისი - დინამო
elltura
19:04 13-06-2011
0
კოლხიდა რატომ არის სასაცილო? სასაცილო ის არის,ვისაც კოლხიდა სასაცილო სახელი ჰგონია,რადგან ჩანს,რომ ამ სახელის დამცინავი ისტორიასთან სერიოზულ კონფლიქტშია.
gocha
10:49 11-06-2011
0

სიახლეები პოპულარული