ერთი მხრივ, მართლაც არ არის პატარა ამბავი: იმის გარდა, რომ ბოლო დროს "დინამო" ვერც ტიტულებით მოიწონებს თავს, საერთოდაც, უსიამოვნო ტენდენციასთანაც გვქონდა საქმე. იმას ვგულისხმობთ, რომ არცთუ შორეულ წარსულში "დინამო" ქართული ფეხბურთის ბრენდად მიიჩნეოდა, ბოლო დროს კი, ცოტა არ იყოს, ერთ ჩვეულებრივ გუნდად "გარდაქმნაც" დაემუქრა...
"დინამოს" ჯერ კიდევ შემორჩენილ ქომაგთა გასახარად, კლუბის ცხოვრებაში ბევრი სასიკეთო სიახლეა;
არანაკლები სიახლე გველოდა გუშინაც: საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" და ჩვენში პირველი სპორტული ტელეკომპანია GMG (გლობალ მედია ჯგუფი) პარტნიორები გახდნენ! მემორანდუმის გაფორმება ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მოხდა და ორივე მხარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ: "დინამოს" გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი, GMG -ის დირექტორი მამუკა გამყრელიძე, GMG-ის გენერალური პროდიუსერი ბიძინა ბარათაშვილი და " GMG ფეხბურთის" პროდიუსერი ლევან სალუქვაძე. თანამშრომლობის მიზანია თბილისის "დინამოსა" და დინამოელების პოპულარიზაცია, რამაც ხელი უნდა შეუწყოს გულშემატკივრის სტადიონზე დაბრუნებას.
"GMG-ფეხბურთის" ეთერით ანონსირებული იქნება "დინამოს" საშინაო მატჩები ვიდეორგოლებისა თუ აფიშების მეშვეობით; გულშემატკივარი სრულად იქნება ინფორმირებული მოახლოებული შეხვედრის შესახებ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ფეხბურთის ქომაგის დაინტერესებას და მის სტადიონზე მისვლას. ტელეკომპანიის ეთერი დაეთმობა ძველი დიდებისა და წარსული გამარჯვებების ამსახველ ვიდეომასალას. სხვადასხვა სპორტულ გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ ყოფილი თუ ამჟამინდელი დინამოელები; ფართოდ გაშუქდება კლუბის ყოველდღიური ცხოვრება; "დინამო" უზრუნველყოფს ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის დასწრებას საერთაშორისო შეხვედრებზე. ეროვნულ სტადიონზე განთავსდება GMG-ის სარეკლამო ბანერი; პრესკონფერენციებისა თუ სხვა ღონისძიებების დროს კლუბის ბანერზე თვალსაჩინო ადგილს დაიკავებს GMG-ის ლოგო.
ერთი სიტყვით, "დინამოსა" და GMG-ის შორის გაფორმებულმა მემორანდუმმა ფეხბურთის პოპულარიზაციას უნდა შეუწყოს ხელი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"