მატჩზე უფრო დეტალურ ინფორმაციას რუსთავის "მეტალურგის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა შოთა შერნმადინმა მოგვაწოდა და ავსტრიული კლუბის ვებგვერდზეც გავეცანით.
თამაშის პირველი ტაიმი რუსთაველები კარგად ჩაატარეს. უკვე მე-6 წუთზე ირაკლი მაისურაძის სახიფათო დარტყმული მცირედით აცდა ავსტრიელთა კარს. ექვსი წუთის შემდეგ მასვე გოლის გატანის შანსი მშვენიერი მიეცა. მე-19 წუთზე გიორგი მიქაბერიძის დარტყმული ბურთი ავსტრიელთა შემადგენლობაში დაბრუნებულმა მეკარე შტეფან ბლიემმა მოიგერია, დამატებაზე კი ირაკლი ქობალიამ მას შანსი არ დაუტოვა
ამის შემდეგ თამაში ისევ რუსთაველთა ტერიტორიული უპირატესობით გაგრძელდა. შერმადინის თქმით, ტაიმის მიწურულს მთავარმა მსაჯმა ირაკლი მოდებაძის წაქცევისათვის მასპინძელთა კარში 100-პროცენტიანი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.
მეორე ტაიმში გატანის შანსი ჰქონდათ როგორც რუსთაველ, ასევე ავსტრიელ ფეხბურთელებს. "მატერსბურგის" ვებგვერდის ინფორმაციით, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და ლუკას რაცს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსიც მიეცა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა და სლოვენიურ შეკრებაზე მყოფმა ქართულმა გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.
"მეტალურგმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ბედიაშვილი, მურველაშვილი (57 დობროვოლსკი), ლომაია (45 ორბელაძე), მახვილაძე, ჯაფარიძე (78. კანდელაკი), ტყემალაძე, რაზმაძე, მაისურაძე (88 აბურჯანია), მიქაბერიძე (45 ქავთარაძე), მოდებაძე, ქობალია (75 პავლიაშვილი).
დაბოლოს, "მეტალურგს" დაუბრუნდა ლექსო კვახაძე, რომელიც ლუგანსკის "ზარიაში" გასინჯეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"