რაც იყო, კარგი იყო: საჭირო და საჯარო!

AutoSharing Option
დიდი დრო არ გასულა მას მერე, "ლელომ" XXII ჩემპიონატის საუკეთესოები რომ წარმოგიდგინათ; სხვადასხვა ნომინაცია იყო: საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო დებიუტანტი, სეზონის აღმოჩენა, საუკეთესო მცველი, საუკეთესო ნახევარმცველი, საუკეთესო თავდამსხმელი, საუკეთესო შემცვლელი, საუკეთესო ლეგიონერი, სეზონის მოვლენა და, რაღა თქმა უნდა, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

მოგეხსენებათ, გემოვნებაზე არ დავობენ და იმასაც შეგუებულნი ვიყავით, რომ "ლელოს" რჩეულთა დასახელებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ასეც მოხდა, თუმცა კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ "ლელომ" მხოლოდ და მხოლოდ ახლახან დასრულებული ჩემპიონატის ნომინანტები დაასახელა და
არა საერთოდ გასული სეზონისა!

თანაც, ეს ნამდვილად არ იყო პირველი შემთხვევა: 2008 წლიდან მოყოლებული, ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ "ლელო" ჩემპიონატის რჩეულებს ასახელებდა ხოლმე. ანუ, ვიმეორებთ, ამ ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე მწვრთნელ-ფეხბურთელებს გამოვარჩევდით, აი, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის "პრეტენზია"კი ამ ოთხი წლის განმავლობაში არასდროს გაგვჩენია; ანდა რატომ უნდა გვქონოდა ეს პრეტენზია? ბოლოს და ბოლოს, წლების განმავლობაში ხომ ამ საქმეს გაზეთი "სარბიელი" აკეთებდა და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ გამჭვირვალედაც: გამოკითხვაში ქართველი სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობდნენ და ყოველი გამოკითხვის შედეგებიც გაზეთში ქვეყნდებოდა; ანუ, რომელმა ჟურნალისტმა რომელ ფეხბურთელს მიანიჭა უპირატესობა, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენდა...

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვა "სარბიელმა" 1993 წლიდან დაიწყო; 1998 წლიდან კი ქართული სპორტული მედია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გარდა, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელსაც ირჩევდა. და ასე გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში, უფრო ზუსტად, მანამდე, ვიდრე "სარბიელი" არ დაიხურებოდა...

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "სარბიელის" გამოკითხვაში მონაწილეობას მხოლოდ ჟურნალისტები იღებდნენ. 2005 წლიდან კი საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ გრანდიოზული სანახაობით გვანებივრებდა, - "დია" მთელი სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება იყო და უამრავ ნომინაციას შორის უმთავრესად, რაღა თქმა უნდა, "სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის" ნომინაცია მიიჩნეოდა. თანაც, ამ შემთხვევაში (ისე, როგორც სხვა ნომინაციებში) გამარჯვებული ვლინდებოდა არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ მწვრთნელების, ვეტერანებისა და, საერთოდ, საფეხბურთო სამყაროს გამოკითხვის შედეგად.

მოკლედ, ისეთი სიტუაცია იყო, რომ ოთხი სეზონის განმავლობაში "სარბიელისა" და პროფლიგის გამოკითხვები "პარალელურ რეჟიმში" მიმდინარეობდა; თუმცა ოთხიდან ორ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობაც მოხდა: "სარბიელის" გამოკითხვით თუ ერთმა ფეხბურთელმა გაიმარჯვა, პროფლიგის გამოკითხვით მეორე გახდა საუკეთესო. სამწუხაროდ, 2009 წლის მერე "დია" აღარ ჩატარებულა, შესაბამისად, პროფლიგასაც ორი წელიწადია, საუკეთესოები არ გამოუვლენია. ან რომელ გრანდიოზულ ღონისძიება-სანახაობაზეა (ხან - "ბერიკონში", ხან - ოპერაში, ხან - "ბაგრატიონში" რომ ტარდებოდა) ლაპარაკი, როცა საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგაც აღარ არსებობს?!

..."სარბიელი" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენას ჟურნალისტების გამოკითხვით აწარმოებდა; პროფლიგა სეზონის ნომინანტებს საერთოდ საფეხბურთო სამყაროს გამოკითხვით გამოავლენდა ხოლმე; 2006 წლიდან კი კიდევ ერთი გამოკითხვა დაემატა: გაზეთმა "მსოფლიო სპორტმა" "საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის" გამოვლენა SMS-ების საშუალებით გადაწყვიტა.

არ დავმალავთ: ამ შემთხვევაშიც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ამა თუ იმ წელს კონკრეტული ფეხბურთელის გამარჯვებას; ანუ ქართული საფეხბურთო საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს მიაჩნდა (და ახლაც მიაჩნია), რომ "წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის" ტექსტური შეტყობინებებით გამოვლენა ბევრად უფრო ნაკლებადობიექტურია, ვიდრე, ვთქვათ, ჟურნალისტებისა თუ საერთოდ ქართული საფეხბურთო სამყაროს გამოკითხვა. ანუ, რაც მეტად გამჭვირვალე და საჯარო იქნება გამოკითხვა, რაც უფრო მეტი პროფესიონალი (ჟურნალისტი, მწვრთნელი, ვეტერანი ფეხბურთელი) მიიღებს საუკეთესოს გამოვლენაში მონაწილეობას, მით უფრო ნაკლები კითხვები თუ აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით.

"სარბიელი" აღარ ფუნქციონირებს, ისე, როგორც პროფესიული ფეხბურთის ლიგა; აქედან გამომდინარე, უკვე მესამე წელიწადია, ჟურნალისტებისა თუ სპეციალისტების გამოკითხვის შედეგად სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა აღარ ხდება ("მსოფლიო სპორტს" არაფერს ვერჩით, - თავიანთი გამოკითხვა აქვთ); არადა, ღირს ამაზე დაფიქრება და ვიდრე ახალი, 2011-12 წლების საფეხბურთო სეზონი დაიწყება, ვისურვებდით, რომ სხვათა აზრიც მოგვესმინა.

უპირველესად, კოლეგებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს, ვეტერანებს, გულშემატკივრებს და, საერთოდ, ყველას, ქართულ საფეხბურთო სამყაროს ვგულისხმობთ. დღესდღეობით ხომ მხოლოდ ერთადერთი გამოკითხვაა, "მსოფლიო სპორტი" რომ აწყობს ("წლის საუკეთესო ფეხბურთელი"), იყოს მეორეც, უფრო ზუსტად, აღვადგინოთ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენი გამოკითხვაც. ოღონდ, ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ... ბოლოს და ბოლოს, თითოეული ქართველი ფეხბურთელისათვის ყოველივე ეს ხომ დამატებითი სტიმულიც იქნება.

არადა, მართლაც უცნაურია: მესამე წელიწადია, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი არ გვყოლია...


***
ახლა კი ყველა გამოკითხვის ("სარბიელის", საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის, "მსოფლიო სპორტის") ლაურეატები გვინდა წარმოგიდგინოთ. აქვე აუცილებელი განმარტებაც: 1990 წელს გამოკითხვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჩაატარა და დეკემბრის ბოლოს ოპერის თეატრში ლაურეატთა შთამბეჭდავი დაჯილდოებაც მოაწყო (საერთოდაც, ის პირველი გამოკითხვა ცალკე წერილის თემაა), 1991-92 წლების სეზონის საუკთესო ფეხბურთელის გამოსავლენი გამოკითხვის ინიციატორი გაზეთი "ქართული ფეხბურთი" იყო; 1993 წლიდან 2008 წლამდე კი უკვე "სარბიელი" აწარმოებდა ჟურნალისტების გამოკითხვას. აი, მომავალი წლიდან რა და როგორ იქნება, დღესდღეობით ძნელი სათქმელია...

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი
ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვა
1990 წელი - თემურ ქეცბაია (იბერია)

გაზეთ "ქართული ფეხბურთის" გამოკითხვა
1991-92 - მიხეილ ჯიშკარიანი (ცხუმი)

გაზეთ "სარბიელის" გამოკითხვა
1992-93 - გიორგი ქინქლაძე (დინამო)
1993-94 - შოთა არველაძე (დინამო, ტრაბზონსპორი)
1994-95 - აკაკი დევაძე (შევარდენი-1906, როსტელმაში)
1995-96 - გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი)
1996-97 - თემურ ქეცბაია (აეკ)
1997-98 - შოთა არველაძე (აიაქსი)
1998-99 - ზაზა ჯანაშია (ლოკომოტივი, მოსკოვი)
1999-2000 - ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი)
2000-2001 - კახა კალაძე (დინამო კიევი, მილანი)
2001-2002 - კახა კალაძე (მილანი)
2002-2003 - კახა კალაძე (მილანი)
2003-2004 - ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი)
2004-2005 - ლევან კობიაშვილი (შალკე)
2005-2006 - კახა კალაძე (მილანი)
2006-2007 - შოთა არველაძე (ალკმაარი)
2007-2008 - ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი)
2008-2009 - ?
2009-2010 - ?
2010-2011 - ?

პროფესიული ფეხბურთის ლიგის გამოკითხვა
2004-05 - ლევან კობიაშვილი (შალკე)
2005-2006 - შოთა არველაძე (ალკმაარი)
2006-2007 - შოთა არველაძე (ალკმაარი)
2007-2008 - კახა კალაძე (მილანი)
2008-2009 - ლევან კობიაშვილი (შალკე)
2009-2010 - ?
2010-2011 - ?

გაზეთ "მსოფლიო სპორტის" გამოკითხვა
2006 წელი - ლევან ცქიტიშვილი (ვოლფსბურგი, გერმანია; პანიონიოსი, საბერძნეთი)
2007 წელი - გიორგი მერებაშვილი (დინამო, თბილისი)
2008 წელი - გიორგი მერებაშვილი (დინამო, თბილისი)
2009 წელი - ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი)
2010 წელი - გიორგი მერებაშვილი (ვოივოდინა, სერბეთი)

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
გაზეთ "სარბიელის" გამოკითხვა
1997-98 - დავით მუჯირი (დინამო)
1998-99 - რატი ალექსიძე (დინამო)
1999-2000 - ზურაბ იონანიძე (ტორპედო)
2000-2001 - ზაზა ზირაქიშვილი (დინამო)
2001-2002 - მალხაზ ასათიანი (ტორპედო)
2002-2003 - ზურაბ იონანიძე (ტორპედო)
2003-2004 - დავით კვირკველია (დინამო)
2004-2005 - ლევან მელქაძე (დინამო)
2005-2006 - ოთარ მარცვალაძე (ვიტ ჯორჯია)
2006-2007 - სანდრო იაშვილი (დინამო)
2007-2008 - გიორგი მერებაშვილი (დინამო)
2008-2009 - ?
2009-2010 - ?
2010-2011 - ?

პროფესიული ფეხბურთის ლიგის გამოკითხვა
2004-2005 - ლევან მელქაძე (დინამო)
2005-2006 - ზურაბ იონანიძე (ზესტაფონი)
2006-2007 - სანდრო იაშვილი (დინამო)
2007-2008 - გიორგი მერებაშვილი (დინამო)
2008-2009 - გიორგი მერებაშვილი (დინამო)
2009-2010 - ?
2010-2011 - ?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული