ამასობაში კი, "დინამოს" ძირითადი გუნდი მოსამზადებლ ეტაპს სლოვენიაში, კერძოდ ამ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მორავცე-ტეპლიტეში გადის. შეგახსენებთ, რომ "დინამო" სლოვენიაში 12 ივნისს გაემგზავრა და ორი დღის წინ პირველი საკონტროლო მატჩიც
როგორც "დინამოს" პრესატაშემ გიგა გვენცაძემ გვაცნობა, ამ მატჩამდეც და იმის მერეც გუნდის ახალი თავკაცი, ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია ფეხბურთელებს დღეში ორჯერადი ვარჯიშებით ტვირთავს; ამასთან, ძირითადი აქცენტი სწრაფ და "ერთი შეხებით" თამაშზეა გაკეთებული. - გარსია თითოეული ფეხბურთელისაგან მაქსიმალურად ითხოვს აგრესიულ თამაშსა და მკაცრი პრესინგის შესრულებას. სწორედ ასეთი სტილით ითამაშა კიდეც "დინამომ" თავის პირველ საკონტროლო მატჩში: გარსია 90 წუთის განმავლობაში ემოციურად მოუწოდებდა დინამოელებს, რომ შეტევაში სწრაფად გადასულიყვნენ და ბურთიც, ერთი ან ორი შეხებით გაეთამაშებინათ.
"ზარიასთან" მატჩის შედეგს (0:0) არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სამაგიეროდ "დინამოს" ახალმა თავკაცმა გარკვეული სიახლე შემოგვთავაზა და გუნდი 4-3-3 ტაქტიკური სქემით ათამაშა. როგორც გიგა გვენცაძისგან შევიტყვეთ, ესპანელ მწვრთნელს რამდენიმე ფეხბურთელისთვის ამპლუაც შეუცვლია, თუმცა ამდაგვარ სიახლეებს კიდევ უნდა ველოდოთ.
"ზარიასთან" მატჩს დავუბრუნდეთ და "დინამოს" სასტარტო შემადგენლობას გავეცნოთ: კარში გიორგი ლორია იდგა, დაცვის მარჯვენა ფლაგზე შოთა კაშია ასპარეზობდა, მარცხნივ, გუნდის ახალწვეული გიორგი რეხვიაშვილი, ცენტრალური მცველების "დუეტი" გულვერდ თომაშვილმა და ლევან კაკუბავამ შეადგინეს, ნახევარდაცვაში ცენტრში ნიკა ფირცხალავა მოქმედებდა, მისგან მარჯვნივ და მარცხნივ - ჯამბულ ჯიღაური და გიორგი თექთურმანიძე, სამი ფორვარდიდან თამაში ცენტრალურ თავდამსხმელად რობერტინიომ დაიწყო, რომელსაც ფლანგებიდან დონალდ ჯუისი და გიორგი კახელიშვილი ეხმარებოდნენ. თუმცა, მერე, რობერტინიო და ჯუისი ადგილებს ცვლიდნენ. შეცვლებზე შემოვიდნენ: ირჟი ჰომოლა, ნიკა კვეკვესკირი, ლევან ხმალაძე, სემირ ჰაჯიბულიჩი, ირაკლი ლეკვთაძე, ლადო ახალაია, სანდრო იაშვილი და დავით ოდიკაძე. აღსანიშნავია, რომ ალექს გარსიამ "დინამოში" დაბრუნებული დავით ოდიკაძე... მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაამწესა; თანაც, გარსია ფლანგის მცველებს მუდამ წინ წასვლასა და შეტევებში აქტიურობას მოუწოდებდა.
როგორც ადრე გაუწყეთ, "დინამო" სლოვენიაში 24 ფეხბურთელით გაემგზავრა და ჯერჯერობით სხვა ახალწვეული ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდში არავინ გამოჩენილა. "ზარიასთან" შეხვედრაში 19-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, დანარჩენი ხუთიდან ორი მეკარეა - სოსო გრიშიკაშვილი და გიორგი ნადირაძე; აი, სამმა ფეხბურთელმა კი ამ სპარინგ-მატჩში მცირე ტრავმების გამო ვერ იასპარეზა, თუმცა ალექსანდრე კოშკაძეც, ვახტანგ ფანცხავაც და გოგა ბერაიაც უკვე ვარჯიშს შეუდგნენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის. აქვე, იმასაც დავამატებთ, რომ "დინამოს" მართლაც ჩინებული სავარჯიშო პირობები აქვს შექმნილი - გუნდი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრობს, სავარჯიშო მოედნებზე ხომ, საერთოდ, ზედმეტია ლაპარაკი...
***
მადრიდის "ატლეტიკო" ესპანეთისა და საერთოდ, ევროპის ერთ-ერთ ცნობილ და პოპულარულ კლუბად არის მიჩნეული. 1903 წლის 26 აპრილს დაარსებული კლუბი თავის ქვეყანაში ტიტულებით მხოლოდ "რეალსა" და ბარსელონას" ჩამოუვარდება: ცხრაჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ასევე ცხრაჯერ შეძლო ესპანეთის თასის მოპოვება.
"ატლეტიკოს" საერთაშორისო ასპარეზზეც არანაკლები წარმატებები აქვს: თასების მფლობელთა თასიც მოუპოვებია, უეფას თასიც, საკონტინენტთაშორისო თასიც და ევროპის სუპერთასიც. ამას გარდა, ორჯერ იყო თასების მფლობელთა თასის ფინალისტი, ერთხელ კი - ჩემპიონთა თასის. გასულ სეზონში "ატლეტიკოს" ღირსებას ისეთი ცნობილი ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც არიან: დიეგო ფორლანი (ურუგვაი), სერხიო აგუერო (არგენტინა), ტიაგო (პორტუგალია), ტომაშ უიფალუში (ჩეხეთი), ხოსე ანტონიო რეიესი, დავიდ დე ხეა (ორივე-ესპანეთი). სხვადასხვა დროს "ატლეტიკოში" უამრავ ცნობილ ფეხბურთელს უთამაშია: პაულუ ფუტრეს, სიმაო საბროსას, კრისტიან ვიერის, ბერნდ შუსტერს, დირსეუს, ვავას, ხოსე-ლუის კამინეროს, დიეგო სიმეონეს, ფერნანდო ტორესს. ამათ გარდა, ის ცნობილი მწვრთნელებიც უნდა ვახსენოთ, სხვადასხვა დროს რომ თავკაცობდნენ "ატლეტიკოს": ელენიო ერერა, ლუის არაგონესი, ლუის სესარ მენოტი, ხავიერ კლემენტე, რადომირ ანტიჩი, არიგო საკი, კარლოს ბიანკი, ალფიო ბასილე, ხავიერ აგირე...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"