"დინამომ" ესპანური ფანჯარა გამოაღო

AutoSharing Option
ესპანეთში ელჩობისას ზურაბ პოლოლიკაშვილი რამდენიმე იქაური კლუბის პრეზიდენტს დაუმეგობრდა და თბილისის "დინამოს" გენერალურ დირექტორად დანიშვნის შემდეგ ამ კავშირებს მშვენივრად იყენებს.

"დინამოში" უკვე დასაქმდნენ ბარსელონელი მწვრთნელები, გუშინ კი საქართველოში მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო და კლუბის გენერალური დირექტორი კლემენტე ვალვერდე "დინამოს" ახალი ხელმძღვანელების მოწვევით ჩამოვიდნენ.

პირველად მათ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა უმასპინძლა. სამინისტროში სტუმრებმა ქართული სპორტის დიდების მუზეუმი დაათვალიერეს, გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები, მერე შესაძლო ურთიერთობებზე ილაპარაკეს. შეხვედრას ზურაბ პოლოლიკაშვილი და საქართველოს ელჩი ესპანეთში ნიკოლოზ ნათბილაძე ესწრებოდნენ.

ლადო
ვარძელაშვილი: "ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ესპანეთის ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მადრიდის "ატლეტიკოც" გამორჩეული კლუბია და მისი პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის ჩამოსვლა მართლაც სასიხარულოა. ამ ადამიანებს უდიდესი გამოცდილება აქვთ, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ესპანელები დაგვეხმარებიან მწვრთნელთა გადამზადებაში, ბავშვთა მომზადების პროგრამის შედგენაში..."

ენრიკე სერესო: "მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით და მინისტრთან შეხვედრით. საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრეთ. ვაპირებთ თანამშრომლობას და თბილისის "დინამოსთვის" ჩვენი გამოცდილების გაზიარებას. იმედია, ყოველივე ეს შედეგს გამოიღებს."

შემდეგი "გაჩერება" ეროვნული სტადიონი იყო. სტუმრებმა ჯერ სტადიონი დაათვალიერეს და გაოცება ვერ დამალეს. ცხადია, დიდი სტადიონებით ესპანელებს ვერ გააკვირვებ, მაგრამ საქართველოში მსგავს არენას, ეტყობა, არ ელოდნენ.

ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიამ და "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართეს.

რომან ფიფია: "უნიკალური კლუბის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი გვესტუმრნენ. ძალიან მნიშვნელოვანია მემორანდუმის გაფორმება, რომლითაც ჩვენ პარტნიორები გავხდით. ეს უნდა იყოს საწინდარი იმისა, რომ ესპანელთა გამოცდილებას გავიზიარებთ "დინამოს" აკადემიასა და კლუბში, რა თქმა უნდა, გაიმართება ამხანაგური მატჩიც."

ენრიკე სერესო: "ჩემი ჩამოსვლის მიზეზი სამომავლო ურთიერთობაზე ხელშეკრულების გაფორმებაა. ეს ესპანეთის საგარეო სამინისტროს, "ატლეტიკოს" ფონდისა და მადრიდის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით მოხდა."

ზურაბ პოლოლიკაშვილი: "როდესაც "დინამოში" დავიწყე საქმიანობა, ენრიკე სერესო მხარდაჭერას შეგვპირდა. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მან და ბატონმა კლემენტემ გამონახეს დრო და გვესტუმრნენ. ესპანეთი ჩემი მეორე სამშობლოა და იმიტომ მიყვარს, რომ მყავს ორი ასეთი მეგობარი. ეს დღე ჩვენს კლუბებს შორის მეგობრობის ოფიციალური დასტურია. ხელშეკრულებაში რამდენიმე საინტერესო პუნქტია, ფაქტობრივად, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისთვის ესპანეთის ფანჯარას ვხსნით, რაც მათ კვალიფიკაციის ამაღლების შანსს აძლევს. რომ არა ბატონი ენრიკე, ეს შეუძლებელი იქნებოდა. იმედია, ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა დიდხანს გაგრძელდება და შედეგზე აისახება."

პრესკონფერენციის შემდეგ რომან ფიფიამ და ენრიკო სერესომ კლუბებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. სერესომ "დინამოს" მეპატრონეს ის სამი გერბი აჩუქა, რომლებიც "ატლეტიკომ" დაარსების შემდეგ შეიცვალა. სტუმრებს "დინამოს" 30-ნომრიანი მაისურები გადასცეს ესპანელებმაც "ატლეტიკოს" მაისურები უსახსოვრეს ფიფიას, პოლოლიკაშვილსა და ნათბილაძეს.

სერესოს "დინამოსა" და "ატლეტიკოს" ამხანაგურ თამაშზეც დავეკითხეთ.

"ევროპის ლიგაზე თამაშის გამო, "ატლეტიკოს" გადატვირთული გრაფიკი აქვს და შუალედის გამონახვას კარგი დაფიქრება სჭირდება", - თქვა მადრიდელთა პრეზიდენტმა.

დაბოლოს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - დაუთმობს მადრიდული კლუბი "დინამოს" ევროპის ლიგაზე ძირითადში ვერმოხვედრილ მოთამაშეებს? პოლოლიკაშვილმა გვითხრა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ მეტი აღარ დაუკონკრეტებია. ჩვენი ინფორმაციით, "ატლეტიკო" სამი ასეთი მოთამაშის გამოშვებაზე ფიქრობს. ესპანელთა საბოლოო პასუხი რამდენიმე დღეში გვეცოდინება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული