რომან ფიფია: ურთიერთობა სხვა ესპანურ კლუბებთანაც გვექნება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფია კმაყოფილია მადრიდის "ატლეტიკოსთან" გაფორმებული მემორანდუმით, მაგრამ ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ჩაკეტილი სივრციდან გამოსასვლელად, რომელშიც ქართული კლუბები იმყოფებიან.

რომან ფიფიას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ველაპარაკეთ.

- ბოლო დროს თბილისის "დინამოში" არაერთი საინტერესო ამბავი მოხდა. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს?
- ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორობის ხელშეკრულება "პრივატბანკთან" და მადრიდის "ატელტიკოსთან". მაგრამ "ატლეტიკო" არ იქნება ჩვენი ერთადერთი პარტნიორი - ურთიერთობა სხვა ესპანურ კლუბებთანაც გვექნება, მაგრამ მათზე მოგვიანებით შეიტყობთ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა. უნდა მივავლინოთ ბავშვები და მწვრთნელები,
რათა ევროპული სკოლა გაიარონ და გაზრდილები დაგვიბრუნდნენ, ესპანელები ჩამოვიდნენ და ამხანაგური მატჩები გამართონ.

ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ ევროპული ფეხბურთის სუნთქვა ვიგრძნოთ. ჩვენი კლუბები დიდი ხანია საკუთარ თავში ჩაიკეტნენ და თავადაც იცით, ამის გამო რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ამიტომაც ვამბობ, რომ ქართული ფეხბურთი ამ იზოლაციიდან უნდა გამოვიდეს.

- ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა. საერთაშორისო ტურნირის თბილისში ჩატარება ამ უნებლიე იზოლაციიდან გამოგვიყვანდა, მაგრამ რეალურია ასეთი ტურნირის გამართვა?
- ჩვენ ამაზე სერიოზულად ვფიქრობთ. ამის ძალა ფინანსურადაც შეგვწევს და კავშირებსაც არ ვუჩივით. რაც მთავარია, ჩვენ ეს გვინდა და გადაწყვეტილებებსაც აქედან გამომდინარე მივიღებთ. მთავარია, კიდევ ბევრ გუნდთან დავამყაროთ ისეთივე მჭიდრო ურთიერთობა, როგორიც "ატლეტიკოსთან" და ყველაფერს მოევლება.

- დასახელდა კიდეც კლუბები, რომლებთანაც "დინამო" პარტნიორობას აპირებს - კიევის "დინამო", "დნიპრო"...
- მხოლოდ ერთ კლუბთან ურთიერთობა საკმარისი არ იქნება. ესპანელებს გადატვირთული გრაფიკი აქვთ და ტურნირზე იოლად ვერ მოვიწვევთ. ამიტომ საჭიროა ურთიერთობა სამ-ოთხ კლუბთან. ასეთ ტურნირებში მონაწილეობა ევროპული ფეხბურთში ღირსეული ადგილის დამკვიდრების საწინდარი უნდა გახდეს. მთავარია, ევროპელთა პროგრამები და მეთოდები ავითვისოთ, რისი რეალიზაციის მაგალითიც "დინამოში" ესპანელი მწვრთნელის დანიშვნაა. ვფიქრობ, ჟურნალისტებს დაგაინტერესებთ, რატომ აქვს ალექს გარსიას ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება საწვრთნელი პროცესის მიმართ.

- ამაზე დინამოელები უკვე ლაპარაკობენ კიდეც...
- მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაოცებულები და ძალიან კმაყოფილები არიან - კატალონიელი მწვრთნელი "დინამოში" სულ სხვა სავარჯიშო სისტემას ამკვიდრებს, ჩვენთვის უცხოსა და უჩვეულოს.

- გარსია პირველია, რომელმაც ფეხბურთელები მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისში ტყეში კროსის სარბენად არ შეყარა.
- სწორედ ამას ვგულისხმობ. ამ საკითხზე კი იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ გარსიას გამოცდილებას, ჩვენთვის ამ ახალ მეთოდს სხვა კლუბებიდან გადმოღებული სიახლეებიც დაემატება და იქნებ ადრე თუ გვიან გავიხსნათ და გავიგოთ, რა ხდება ევროპულ ფეხბურთში.

ამას სჭირდება არა ძალიან დიდი რესურსი, არამედ მონდომება, რაც ჩვენ ნამდვიალდ არ გვაკლია. ამიტომ მჯერა, რომ თბილისის "დინამოს" კარგი მომავალი ექნება.

- როდის ამუშავდება "ატლეტიკოსთან" პარტნიორობის პროგრამა?
- ვფიქრობ, შეთანხმების განხორციელება დაახლოებით სამ თვეში დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული