"მეტალურგმა" სლოვენიელებსაც მოუგო

AutoSharing Option
18 ივნისს სლოვენიის ქალაქ კოპერში შეკრებაზე მყოფმა რუსთავის "მეტალურგმა" მეორე ამხანაგური თამაში ადგილობრივ "კოპერთან" გამართა. მატჩის შესახებ ინფრომაცია რუსთავის "მეტალურგის" პრესსამსახურის უფროსმა შოთა შერმადინმა მოგვაწოდა.

"შეიძლება თამამად ითქვას, რომ თამაში ჩვენი ფეხბურთელების დიდი უპირატესობით წარიმართა. მათ მეტოქე თითქმის ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. პირველ ტაიმში გატანის შანსი ჰქონდათ ლაშა ჯაფარიძეს, ირაკლი ქობალიას, ირაკლი მაისურაძესა და ლუკა რაზმაძეს. ანგარიში მხოლოდ 34-ე წუთზე გავხსენით: ჯაფარიძის პასით ირაკლი მოდებაძემ გაიტანა და პირველი ტაიმი ჩვენების მინიმალური უპირატესობით დასრულდა - 1:0.

მეორე ტაიმის განახლებისთანავე მოდებაძეს ასპროცენტიანი საგოლე
მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვითარებაში დროულად ვერ გაერკვა.

49-ე წუთზე თამაშის სცენარიდან გამომდინარე, მასპინძლებმა ალოგიკური გოლი გაიტანეს - 1:1.

თუმცა მატჩი კვლავ ჩვენი უპირატესობით წარიმართა. 55-ე წუთზე რევაზ გეწაძემ საჯარიმოს გარედან საკმაოდ სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
70-ე წუთზე ვაკო ტყემალაძის ჩინებულ ჩაწოდებას მოდებაძე გამოეხმაურა და დუბლი შეასრულა - 2:1.

დარჩენილი წუთები ისევ რუსთაველების კარნახით წარიმართა და საბოლოოდ ჩვენმა ფეხბურთელებმა თამაში გამარჯვებით დაასრულეს" - გვითრა შერმადინმა.

"მეტალურგი": ბათიაშვილი - ჯაფარიძე, კვახაძე, მახვილაძე (46. ლომაია), ორბელაძე - მიქაბერიძე (46. ტყემალაძე), რაზმაძე, მაისურაძე, გეწაძე (65. ქავთარაძე) - მოდებაძე, ქობალია (76. პავლიაშვილი)

ეს "მეტალურგის" მეორე გამარჯვება იყო ამ შეკრებაზე - პირველ მატჩში ავსტრიაში "მატერსბურგთან" 1:0 იმარჯვა.

რუსთაველთაგან არ უთამაშია გამოცდილ დენის დობროვოლსკის, რომელსაც წინა საღამოს კოპერის ჰოსპიტალში ბრმა ნაწლავის სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. შერმადინის თქმით, ოპერაციამ გაურთულებლად ჩაიარა, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და, სავარაუდოდ, 21 ივნისს გუნდთან ერთად საქართველოში დაბრუნდება.

ზამთარში რუსთაველებს ანთალიურ შეკრებაზე შვეიცარიელი ფიზმომზადების მწვრთნელი ოლდრიხ შვაბი ეხმარებოდა - 65 წლის სპეციალისტი, რომელიც "ბაზელში", "ციურიხსა" და "გრასჰოპერში" მუშაობდა, ამჟამად კი ფიფას ინსტრუქტორია.

თუმცა სლოვენიურ შეკრებაზე შვაბი გუნდს არ ახლავს. მიზეზით რომ დავინტერესდით, შერმადინა გვითხრა, რომ შვაბი გუნდის შეკრებაზე არ ჩასულა, რადგან ამას არც ვგეგმავდითო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული