ევროპაში გონება დარბის, ჩვენთან - ჩვენი ფეხები

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ "ლელოსთან" ინტერვიუში ახალ მთავარ მწვრთნელ ალექს გარსიაზე თქვა, ვფიქრობ, საინტერესოა, რატომ აქვს ამ ადამიანს ასეთი განსხვავებული მიდგომა საწვრთნელი პროცესის მიმართ... დინამოელები გაოცებულები და ძალიან კმაყოფილები არიან - იგი "დინამოში" ჩვენთვის უცხო და უჩვეულო სავარჯიშო სისტემას ამკვიდრებსო.

გარსია "დინამოში" მართლაც ახალი მეთოდებით მოვიდა, რაზეც "დინამოს" ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვითხრა - პირველი მწვრთნელია, რომელმაც ფეხბურთელები ტყეში კროსების სარბენად არ შეყარა, სულ ბურთით ავარჯიშებსო.

ამის თაობაზე საინტერესოდ ილაპარაკა თბილისის "დინამოში" მიწვეულმა ნოდარ მაჭავარიანმა: "ასეთი საინტერესო ვარჯიშები არ მახსენდება. გარსია
გამუდმებით ითხოვს პერსონალურ თამაშს კვადრატებში, დაბალ პასებს, გვამუშავებს ბურთის დაჭერაზე, იმაზე შეტევები მოკლე პასებითა და "კედლის" გათამაშებით რომ წამოვიწყოთ, კატეგორიულად კრძალავს უაზრო გადაცემებს, ბურთის დაუფიქრებელ მოგერიებას. გვითხრა, მთელი სეზონი ამაზე ვივარჯიშებთო. საერთოდ, ყველა ვარჯიში ბურთით მიმდინარეობს. ანუ "დინამოში" "ბარასელონას" სტილს ამკვიდრებს. ხშირად გვიმეორებს, რომ უნდა ვითამაშოთ სანახაობრივი და არა ანტიფეხბურთი".

მომზადების ეს სტილი - ბურთით და არა კროსებით - ჩვენთვის არის უცხო და ახალი, თორემ წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში ჩვეული ამბავია. რადგან ახლა მოსამზადებელი ეტაპია, ვფიქრობ, ეს თემა სპეციალისტებსაც დააინტერესებთ და გულშემატკივრებსაც, რადგან ღირს ამ საკითხზე ფიქრი და ლაპარაკი.

გოჩა ალადაშვილი, რომლიც ბრაზილიაში, "ატლეტიკო პარანაენსეში" მუშაობს, ამბობს, რომ სამხრეთამერიკელებს მოსამზადებელი ეტაპი საერთოდ არ აქვთ: "ასეთი გაგება ბრაზილიაში არ არსებობს, შეიძლება, მაქსიმუმ ორი კვირა ივარჯიშონ, მაგრამ ფორმაში შედიან მხოლოდ და მხოლოდ თამაშებით და არა კროსებით ან სირბილით".

თავის დროზე ამ საკითხზე ზურაბ ხიზანიშვილსა და მიხეილ აშვეთიას (იმ დროს დანიაში, "კოპენჰაგენში" თამაშობდა) ველაპარაკეთ და ორივემ დაახლოებით იგივე გვითხრა, მხოლოდ ვარჯიშებითა და თამაშებით ვემზადებით, თანაც მხოლოდ ორი კვირა, მომზადებას თვეები არ სჭირდებაო.

ადრე გიორგი დემეტრაძისგან კი მსმენია: "ჩემპიონატისთვის ფორმაში შესასვლელად ორ კვირაზე მეტი არ მჭირდება. ორთვიანი მოსამზადებელი შეკრებები ისე მეზარება, როგორც ბავშვს - ფაფა. მაგრამ სეზონის ბოლომდე ძალები მაინც მყოფნის. საერთოდ, ორ-სამთვიანი შეკრებები რუსების უაზრო გამოგონებაა, ევროპაში ასე არავინ ემზადება".

საბჭოური მომზადების სისტემა გვარიანად მოძველდა, მაგრამ ქართველი მწვრთნელების უმრავლესობა მაინც მას მისდევს. არა იმიტომ, რომ სხვებზე ნაკლებ აზროვნებენ - ფინანსური პრობლემების გამო საკუთარ წვენში იხარშებიან, ევროპელთა მოსამზადებელ მეთოდებს ვერ ეცნობიან და, ცხადია, ნაცნობ და აპრობირებულ სისტემას ამჯობინებენ.

ამასთან დაკავშირებით საინტერესოდ გვეჩვენა გიორგი შაშიაშვილის ნაამბობი, რომელიც ჯერ ავსტრიაში, გრაცის "შტუმრში" თამაშობდა, ახლა კი საბერძნეთის სუპერლიგის "ერგოტელისშია".

"საქართველოში მოძველებული სავარჯიშო მეთოდებია, რაშიც ევროპაში თამაშისას დავრწმუნდი. ძალიან უკან ვართ, არადა, ეს იმ დროს, როდესაც საწვრთნელი მეთოდები მობილურივით არის, ყოველდღე ახალ-ახალს უშვებენ და ძველს ივიწყებენ.

მოსამზადებელ ეტაპზე ევროპაში კუპერის ტესტებს აღარავინ დარბის, სამაგიეროდ, ხდება ორგანიზმის ტესტირება, როგორი დოზით შეიძლება ამა თუ იმ მოთამაშის დატვირთვა, რადგან ეს ინდივიდუალური უნდა იყოს. პრინციპი "ყველა ერთნაირად" მიუღებელია. მაქსიმუმ 400 და 1000 მეტრზე დავრბივართ. დილით ბარიერებზე ხტომა, აჩქარება, 15 მეტრიდან 30 მეტრამდე სტარტები გვაქვს, საღამოს კი ვარჯიშები სულ ბურთით გვიტარდება, გახურება, კვადრატები...

მოსამზადებელი ეტაპი იწყება სუსტ გუნდებთან მატჩებით, რათა ნაკლებ წინააღმდეგობას წააწყდე, ანუ დარბიხარ, მაგრამ ძალიან არ იღლები. თან იმიტომაც, დიდი ანგარიშით რომ მოიგო - ეს ფსიქოლოგიურად არის გამართლებული.

მერე უფრო ძლიერ კლუბებს ვხვდებით, მაგალითად, რუმინულს, ხორვატიულს, ბულგარულს, შედარებით მეტად რომ დავიტვირთოთ. შემდეგ უფრო ძლიერებს და სეზონიც ახლოვდება.

უშუალოდ ჩემპიონატში არანაირი მატჩისწინა შეკრებები არ გვაქვს, სტადიონზე სახლიდან მივდივართ, მატჩამდე კარგად რომ დავისვენოთ და ოჯახიდან მოწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი არ ვიგრძნოთ, თამაშზე გასვლა ხომ უნდა გიხაროდეს.

ასეთ სტილს უკვე მშვენივრად შევეგუე, ოჯახში იციან, როგორ შემიწყონ ხელი, როგორი საკვები მჭირდება, რანაირი მუსიკა არ შემიშლის ხელს, როგორ უნდა შევიქმნა სათამაშო განწყობა. მატჩამდე ორი დღით ადრე მოედანზე ტაქტიკური ვარჯიშები გვიტარდება.

თამაშის შემდეგ გასახდელში ლუდი შემოაქვთ, რომ მოვდუნდეთ და კუნთმა დაისვენოს. საქართველოში ლუდი რომ დალიო, ლოთად მოგნათლავენ. "კოკა-კოლა" აკრძალულია და ლამის დანაშაულად ითვლება - ასეთია მათი მიდგომა.

მომზადების ამ სისტემაში ყველაზე მთავარი ფეხბურთელის მიმართ ნდობაა, იციან, რომ მისი შემოსავლის წყარო ფეხბურთია და ეს თავისთავად ბადებს პროფესიონალიზმისკენ მისწრაფებას. შენ თუ კონტრაქტით მიღებული ფინანსური მდგომარეობა არ დააფასე, დარჩები მშრალზე და გუნდში სხვას აიყვანენ", - ამბობს შაშიაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შესაბამისად ყველა ძველი მწვრთნელი უნდა გაანთავისუფლო კერძოდ ბ.ჩადუნელი,კახა გოგოლაძე,გ.ჯიშკარიანი,უგრეხელიძე და სხვები.მოაშორეთ ეს კორუმპირებული მჭვრთნელები დინამოდან.
bondo
17:19 22-06-2011
0

სიახლეები პოპულარული