საფეხბურთო სკოლების ლიცენზირება
უკვე ითქვა, რომ საფეხბურთო სკოლებში კატასტროფული მდგომარეობაა და მათი უმეტესობა ლიცენზირების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამ საკითხს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად იჭინავა ყრილობაზეც შეეხო.
"ჩვენი ამოცანაა, სკოლებმა საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილონ. ას სკოლაზე მეტი შევამოწმეთ და ლიცენზიის მიღების შანსი მხოლოდ 19-ს აქვს, მათი უმრავლესობა კი თბილისშია. ანუ, ფაქტობრივად, რაიონებში ბავშვების გასაზრდელად არანაირი პირობები არ არსებობს. ამიტომ ფეხბურთის ფედერაცია
ყრილობის დელეგატები შეთანხმდნენ, რომ საკლუბო ლიცენზირების განყოფილების მიერ შემუშავავებული კატეგორიზაციის დებულებები აუცილებლად უნდა ამოქმედდეს, სკოლების სამართლებრივი, საკადრო, ფინანსური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა კი უნდა გამოსწორდეს.
ფედერაციის მეტი წევრი მეტი დელეგატია
სფფ-ის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ ფედერაციის წევრების სტატუსთან დაკავშირებული ცვლილება წარადგინა: "ჩვენი დებულება უნდა შევუსაბამოთ ფიფასა და უეფას მოთხოვნებს. ამიტომ ფედერაციის წევრის სტატუსი უნდა შეუჩერდეს პროფესიული ფეხბურთის ლიგას, რადგან ფედერაციის წევრები ერთადროულად არ შეიძლება იყვნენ პროფლიგა და უმაღლესი ლიგის კლუბები. დღევანდელი სტატუს კვოს შენარჩუნება იმას ნიშნავს, რომ კლუბები ორმაგი ხმით სარგებლობენ, ერთს ყრილობაზე თავად წარმოადგენენ, მეორეს კი, ირიბად, ლიგის საშუალებით. ასეთი რამ ფიფა-უეფასთვის მიუღებელია."
ზვიად სიჭინავა: "არ არის სამართლიანი, როდესაც უამღლესი ლიგიდან გავარდნილი კლუბი ავტომატურად აღარ არის ფედერაციის წევრი. ეს არის აბსურდი. ჩვენი წინადადებაა, ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ყველა კლუბი ფედერაციის წევრი გახდეს და სიმბოლური თანხა, 300 ან 500 ლარი გადაიხადოს. არ მეგულება კლუბი, რომელიც საკუთარი ნებით იტყვის, დელეგატის უფლება ჩამოგვართვით და პროფლიგას გადაეცითო."
წინადადება ყრილობის დელეგატებმა ერთხმად მიიღეს.
ფედერაციის ბიუჯეტი 15 მილიონი ლარია
ყრილობაზე ფედერაციის 2011 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს და გამოჩნდა, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი ვალი აქვს გასასტუმრებელი და რომ მისი მთავარი დამფინანსებელი კვლავ სახელმწიფოა.
ზვიად სიჭინავამ ასეთი რიცხვები დაასახელა: სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებისთვის წლეულს 7 მილიონზე ბევრად მეტს გაიღებს - ჩვენ გვირიცხავს 7 მილიონს, მოედნებისთვის 2,5 მილიონ ლარს დახარჯავს და კიდევ, რაც აქამდე არ თქმულა - სახელმწიფო ყოველწლიურად ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის დამატებით 10 მილიონ ლარს იხდის.
აფხაზეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ გაოცება გამოთქვა, რომ ბიუჯეტში არ იყო ასახული ფედერაციის მიერ შეძენილი მანქანები. ამაზე ფედერაციის ბუღალტერმა ნარგიზა ჩხიკვაძემ მიუგო, რომ მანქანის შეძენა ბუღალტრულად არის არა ხარჯი, არამედ ძირითადი საშუალების შეძენა და თავიდან შეიძლება არ აისახოსო.
იყო კითხვა, ლაპრაკი იყო რეგიონული ფედერაციების დაფინანსების გაზრდაზეო, რაზეც სიჭინავამ უპასუხა:
- როდესაც გრანტებიდან გამოყოფილი თანხების განკარგვით დავინტერესდით, აღმოჩნდა, რომ 13 რეგიონული ფედერაციიდან ცხრამ 10 ათასი ლარი მოახმარა არა ფეხბურთის განვითარებას, არამედ ხელფასების გაცემას. ეს არის დარღვევა და გამოვიძიებთ. ამასთან დაკავშირებით კითხვა გაუჩნდა ახლახან თბილისში ჩამოსულ ფიფას წარმომადგენელ ევა პასკიესაც.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2011 წლის ბიუჯეტი
2011 წლის შემოსავლები (ლარში)
მოსალოდნელი ბიუჯეტი
შემოსავლები ბილეთების რეალიზაციიდან - 800.000
შემოსავლები ტრანსლაციის გაყიდვიდან - 816.000
სპონსორები - 1.182.000
სხვა ეკონომიკური შემოსავლები - 520.000
სულ ეკონომოკური შემოსავლები - 3.318.000
სახელმწიფო დაფინანსება (სახელმწიფო პროგრამა) - 7.200.000
სხვა სუბსიდიები - 40.000
სულ სუბსიდიები - 7.240.000
საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტები
ფიფა - 462,500
უეფა - 3.120.000
სულ გრანტების შემოსავლები - 3.582.500
კლუბების საწევროები - 1.040.000
სულ შემოსავლები - 15.180.500
გასავლები
ეროვნული ნაკრების ხარჯი - 1.685.000
ახალგაზრდული ნაკრებების ხარჯი - 2.370.000
ხელფასები - 5.921.926
ბანკის მომსახურების პროცენტი - 20.000
კომუნიკაციის ხარჯი - 65.000
მივლინების ხარჯი - 150.000
ლიცენზირების კომიტეტის ხარჯი - 47.500
კომუნალური, საიჯარო, რემონტისა და შენახვის ხარჯები - 154.300
სფფ-ის დაცვა - 35.000
აუდიტი - 40.000
გადასახადი, მიწა, ქონება - 35.000
საბაჟო - 20.000
ბავშვთა ფეხბურთი - 60.000
ქალთა ფეხბურთი - 170.000
მატჩების ორგანიზების ხარჯები - 200.000
ფუტსალის ნაკრები - 100.000
მოედნების დაგების ხარჯი - 800.000
წარმომადგენლობითი ხარჯი - 150.000
რეგიონული ფედერაციების ხარჯი - 130.000
სოციალური და სხვადასხვა ხარჯი - 60.000
სულ ხარჯი - 12.213.726
ჯარიმები და საურავები - 80.000
საბანკო სესხები
"საქართველოს ბანკის" სესხი - 1.992.009
"პრივატბანკის" სესხი - 1.075.878
შვეიცარიის ბანკის სესხის დაფარვა - 720.000
"ინფრონტსპორტმედიას" სესხის დაფარვა - 384.000
დავალიანება "პუმა" - 80.500
სულ სასესხო დანახარჯი - 4.252.387
სულ დანახარჯები - 16.546.113
არც ერთი კერძო მეპატრონე აღმასკომში
ყრილობაზე ახალი აღმასკომი აირჩიეს. სიტყვა "ახალი" პირობითად თუ ითქმის: ძველი უმნიშვნელო ცვლილებით გადაირჩიეს და წინა აღმასკომის 16 წევრიდან 15 ხელახლა აირჩიეს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტად არჩეულმა გელა მაისურაძემ წინამორბედი ტარიელ ხაჩიძე შეცვალა. ძველ წევრებს ორი ახალი დაემატათ - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და პროფესიული ლიგის პრეზიდენტი გია ფირცხალავა.
საბოლოოდ, ყრილობაზე წარდგენილი 20 კანდიდატიდან 4 წლის განმავლობაში ვინც აღმასკომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს, შემდეგი 18 წევრი:
1. კახაბერ ებრალიძე - გურიის რეგიონული ფედერაცია
2. ვალერი მანაგაძე - იმერეთის რფ
3. გიორგი რევაზიშვილი - შიდა ქართლის რფ
4. სერგო კვარაცხელია - სამეგრელო-ზემო სვანეთის რფ
5. გოჩა როსტომაშვილი - კახეთის რფ
6. ვიტალი გრძელიშვილი - მცხეთა-მთიანეთის რფ
7. გია შარაბიძე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რფ
8. გელა მაისურაძე - სამცხე-ჯავახეთის რფ
9. მურად ანჯაფარიძე - აფზახეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ფედერაცია
10. ალექსანდრე ჩივაძე - ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი
11. გიორგი ფირცხალავა - ქალთა ფეხბურთის ასოციაცია
12. ვახტანგ ქორიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია
13. გიორგი ასანიძე - საქართველოს ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი
14. ლაშა მინდელი - ქვემო ქართლის რფ
15. ლადო ვარძელაშვილი ("დინამო", "მგლები")
16. დავით ნამგალაური - ფუტსალის ასოციაცია
17. სერგო გაბელაია - სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია
18. გრიგოლ ცაავა - თბილისის ფეხბურთის ფედერაცია
ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ავტომატურად ითვლება აღმასკომის წევრად და თავმჯდომარედ.
იმ დროს, როდესაც აღმასკომში არჩეულმა კანდიდატებმა 30 და მეტი ხმა მიიღეს, საკმარისი ხმები ვერ დააგროვეს ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ (8 ხმა) და ბოლნისის "სიონის" გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ ლომთაძემ (7).
ამგვარად, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში კერძო კლუბების წარმომადგენელთაგან ვერც ერთი ვერ მოხვდა. განსაკუთრებით გასაკვირია "ტორპედოს" მეპატრონისა და პრეზიდენტის იგნორირება. დელეგატების ნებაა, ვინც სურდათ, ის აირჩიეს, მაგრამ ქართულ ფეხბურთში მოქმედ ორიოდე კერძო მეპატრონესაც ხელი რომ ჰკრეს, ლოგიკას არ ექვემდებარება. ძნელი დასაჯერებელია, რომ საფეხბურთო სამყაროსთვის უინტერესოა ქართული ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებაში და რეალურად არ სურთ მათი გამოცდილების ფეხბურთში გამოყენება. მაგრამ ფაქტი ამაზე მეტყველებს.
ქართველ ბიზნესმენებს ჩვენს ფეხბურთზე ისედაც გული აქვთ აცრუებული და ორიოდე მოამაგიდან ერთის არჩევა საქმეს არ აწყენდა. ძნელი სათქმელია, აცნობიერებდნენ კი დელეგატები ამ გადაწყვეტილების შედეგებს? ცხადია, ეს კლუბების პასიურობის ბრალიც არის, მაგრამ 32 დელეგატიდან მხოლოდ 8-ს რომ აღმოაჩნდება კერძო ბიზნესის თანადგომის სურვილი, გაუგებარია.
კლუბებში ფულს რომ არ აბანდებდნენ ილია კოკაია, ბესიკ ჩიხრაძე, გურამ რუხაძე, ლექსო თოფურია, ლევან და სოსო ფხაკაძეები, რომან ფიფია, ფრიდონ ინჯია, ბიძინა ივანიშვილი და ჯოზეფ კეი, მხოლოდ სახელმწიფოსგან დაფინანსებული კლუბები დაგვრჩებოდა. ცხადია, ეს საჭირო და აუცილებელიც არის დღევანდელ ვითარებაში, როდესაც კერძო ბიზნესი დიდ დაინტერესებას არ იჩენს ეროვნული ჩემპიონატის მიმართ, მაგრამ ფაქტებიც გავიხსენოთ - გასულ სეზონში პირველ ხუთეულში მხოლოდ კერძო კლუბები მოხვდნენ და არა სახელმწიფოსგან დაფინანსებულები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"