არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ის საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. თუ "ზესტაფონი" თანხას არ გადაიხდის, ჭანტურიას ადვოკატს აქვს უფლება, განაჩენის აღსრულებაზე მიმართოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელსაც შეუძლია სანქციების გამოყენება
რაში მდგომარეობს "ზესტაფონის" პრეტენზია? კლუბის წარმომადგენელ ოთარ გზირიშვილის აზრით, ფედერაციის დაფუძნებული არბიტრაჟი დამოუკიდებელი ვერ იქნება:
- არბიტრაჟის შესახებ ჩვენში მოქმედი წესები არსებულ კანონმდებლობასთან და ფიფას დებულებებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. ჩვენ ამ საკითხზე გავიარეთ კონსულტაცია და ვიცით, რომ საფუძვლიანი მოთხოვნება გვაქვს. მეორე საკითხია – რატომ არ შეგვძილია დავის სხვა არბიტრაჟში განხილვა? მესამე - საფეხბურთო არბიტრაჟის გადაწყვეტილება რატომ არის საბოლოო და რატომ არ აქვს "ზესტაფონს" გადაწყვეტილების ლოზანის საერთაშორისო სპორტულ არბიტრაჟში გასაჩივრების უფლება?
შემდეგ საინტერესო დიალოგი წარიმართა.
ზვიად სიჭინავა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: ამას იმიტომ ამბობთ, რომ ჭანტურიას თანხა არ გადაუხადოთ. გინდათ თქვათ, რომ ჩვენ დაინტერესებული მხარე ვართ, რომ ეს გააკეთოთ?
გზირიშვილი: დაგვიტოვეთ უფლება, თავად განვსაზღვროთ, სად განვიხილოთ დავა. სასურველია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც არბიტრაჟის კანონს კონსენსუსით შეიმუშავებს.
სიჭინავა: თქვენ ფეხბურთის კლუბი ხართ თუ "ფერო"?
გზირიშვილი: ფეხბურთის კლუბი.
სიჭინავა: თქვენ არ ამბობდით, რომ მოჭიდავეებით დაკომპლექტებულ არბიტრაჟში არ გსურდათ საქმის განხილვა? დავაფუძნეთ ახალი და ისიც არ მოგწონთ. "ზესტაფონთან" დავა და საკითხის გამწვავება არ გვსურდა, მაგრამ, რადგან თავად არ იშლით, გაძლევთ პირობას, რომ ამ საკითხს ფიფაში გავაგზავნი. აღმასკომმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, ჭანტურიასთვის 7 ათასი გადაგეხადათ, მაგრამ ეს პრინციპულად არ გააკეთეთ. მერე დაგიწესეს 29 ათასი ლარი და არც ეს გადაწყვეტილება აღასრულეთ.
ქეთევან ჩხიკვაძე, ფეხბურთის ფედერაციის იურისტი: ყრილობა არ არის ის ადგილი, სადაც მსგავსი საკითხები განიხილება. არბიტრაჟი კი არც საქართველოსა და არც ფიფას კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. ამაზე პასუხს საფეხბურთო არბიტრაჟის დირექტორი ჯიმშერ ტყებუჩავა გაგცემთ.
გზირიშვილი: ჩვენთვის ტყებუჩავა არ არის ავტორიტეტი და არც ობიექტურობის გარანტი.
სიჭინავა: თქვენთვის ვინმე არის ავტორიტეტი და ობიექტურობის გარანტი?
ჯიმშერ ტყებუჩავა, საფეხბურთო დავების საფეხბურთო არბიტრაჟის დირექტორი: ბატონო ოთარ, თქვენთან კითხვა მაქვს: ფეხბურთელს აქვს საშუალება, რომ დავა ლოზანის სასამართლოში გადაიტანოს? რამდენია "ზესტაფონის" ფეხბურთელის მაქსიმალური ხელფასი?
გზირიშვილი: - ამის თქმის უფლება არ მაქვს.
ტყებუჩავა: - ფაქტია, რომ ლოზანაში ფეხბურთელი სარჩელს ვერ შეიტანს და წაგებულ პოზიციაში იქნება. ჭანტურიასა და "ზესტაფონის" დავა არის ტიპური ჩვენს შემთხვევაში, წარმოდგენილი შენიშვნები კი უსაფუძვლოა.
ჭანტურიას საკითხამდე ჯერ ვალტერ გუჩუას სარჩელი განვიხილეთ, რომელმაც "სამტრედიას" ხელფასის გადაუხადელობისთვის უჩივლა. ამ შემთხვევაში კლუბმა ჩვენთან ითანამშრომლა და ფეხბურთელს 3300 ლარის გადახდაზე მოურიგდა. "ზესტაფონმა" კი თანამშრომლობა არც ისურვა.
ზვიად სიჭინავას წინადადებით, ყრილობის დელეგატებმა დებულებაში შესწორებებს კენჭი უყარეს, მაგრამ "ზესტაფონის" შენიშვნები არ გაითვალისწინეს.
ასე რომ, რადგან "ზესტაფონი" არბიტრაჟის გადაწყვეტილებას არ აღიარებს, ყველაზე ცუდია მოსალოდნელი – შიდა დავა სხვების განსახილველი გახდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"