ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არაერთ საინტერესო საკითხზე გველაპარაკა.
- მომდევნო ოთხ წელიწადში რა მიმართულებით წარიმართება ფედერაციის მუშაობა?
- მიმართულება იქნება იგივე, რაც წინა ორ წელიწადში იყო. ვამბობდი და ვიმეორებ, არ ვყოფილვარ ფეხბურთელი, გუნდს ვერ დავაყენებ და შემადგენლობას ვერ ავათამაშებ, მაგრამ ვიცი, რომ გვჭირდება გამართული ინფრასტრუქტურა, ლიცენზირებული სკოლები, ახალი მოედნები, სტადიონები და ლიცენზირებული მწვრთნელები, რომლებიც ქართულ ფეხბურთს მომავალ თაობებს გაუზრდიან.
მე პასუხისმგებლობას
- კითხვები გაჩნდა ბიუჯეტთან დაკავშირებით. რამდენად გამჭვირვალე იქნება ის?
- ჩვენი ბიუჯეტი გამჭვირვალე რომ არის, იქიდანაც ჩანს, რომ მედიისთვის არ დაგვიმალავს. ნებისმიერ ჟურნალისტსა და კლუბს აქვს საშუალება, მოვიდეს და დაინტერესდეს, საიდან გვაქვს სახსრები და სად ვხარჯავთ თანხებს. აქ დამალული არაფერია, თითოეული თეთრიც მიზანმიმართულად არის გამოყენებული.
ჩვენი მიმართულება არის ფეხბურთის კომერციალიზაცია. მაგალითად, ლატვიისა და საბერძნეთის ნაკრებებთან მატჩებისთვის ამ კუთხითაც ვემზადებით. სხვათა შორის, და ეს ფიფა-უეფამაც გვირჩიეს მიხეილ მესხის სტადიონის რეკონსტრუქციამდე, რომ სტადიონი არ უნდა იყოს ადგილი, სადაც მხოლოდ მატჩი ტარდება, ის მომგებიანიც უნდა გახდეს. მე ვარ ბიზნესმენი და ყველანაირად შევეცდები, რომ იმ მიმართულებით წავიდეთ, რომელიც ქართულ ფეხბურთს მოუტანს დივიდენდებს, თანხებსა და გაუჩენს სპონსორებს.
- ყრილობის გადაწყვეტილებით, დაბალი ლიგების კლუბებსაც მიეცათ ფედერაციის წევრის სტატუსი, სამომავლოდ კი - ყრილობაზე ხმის უფლება . ეს ფიფას ინიციატივა იყო?
- ეს ჩვენი აზრი იყო, რადგან მხოლოდ პროფლიგის წევრობას სჯობია, ყრილობაზე ხმა კლუბებს ჰქონდეთ. ეს დაახლოებით იგივე იყო, ფიფას კონგრესზე, ვთქვათ, ევროპას მხოლოდ უეფა რომ წარმოადგენდეს. ამიტომ შევედი ყრილობაზე წინადადებით, რომ პირველი ლიგის კლუბებს ფედერაციის წევრის სტატუსი, ფედერაციის ყრილობაზე კი ხმის უფლება ჰქონოდათ.
მიმაჩნია, რომ, რაც მეტი კლუბი იქნება წარმოდგენილი ყრილობაზე და, საერთოდ, ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, მით უფრო მეტს გავიგებთ, რა ხდება რეგიონებში. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რა მდგომარეობაა დიდ ქალაქებში, რეგიონებმა კი პრობლემები თავად უნდა გაგვაცნონ. ახლა ჩვენ უფრო კარგად გვეცოდინება, რა ხდება ვანში, ხარაგაულში, ქობულეთში... რეგიონებია ქართული ფეხბურთის მასაზრდოებელი წყარო და არ მესმის, მათი ხმა ხელოვნურად რატომ უნდა დავბლოკოთ? მე თუ მკითხავთ, ქართულ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი დაბალი რგოლების გასაჭირის ცოდნაა, რათა მერე ხელი შევუწყოთ. ქართული ფეხბურთისთვის ასე უფრო მეტს გავაკეთებთ.
- კომერციალიზაციის აუცილებლობა ახსენეთ. ამ თვალსაზრისით გაუგებარი იყო ყრილობის დელეგატების გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატებიდან ერთადერთი ბიზნესმენი, "ტორპედოს" მეპატონე ლევან ფხაკაძე აღმასკომში არ აირჩიეს. ვფიქრობ, ეს კითხვა თავადაც გაგიჩნებოდათ.
- რთული თემაა და ეს კითხვა მეც გამიჩნდა. სიმართლე გითხრათ, მეც უკმაყოფილო ვარ, რადგან კარგად ვიცი, ლევანი და მისი ძმა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის რამხელა ფულს ხარჯავენ. მაგრამ რეალობა ყველამ ნახეთ, აღმასკომში არჩეულმა ყველა წევრმა მინიმუმ 30 ხმა მიიღო, ხმები კი უმაღლესი ლიგის კლუბებსაც ეკუთვნოდა. ალბათ, აქ უნდა ვეძებოთ მიზეზები. ვფიქრობ, რა იყო მიზეზი, ხომ არ ჩათვალეს, რომ ცოტა ადრე იყო... არ ვიცი, რთული თემაა, საწყენიც და უსიამოვნოც. სიმართლე გითხრათ, აღმასკომში ფხაკაძის არარჩევას არ ველოდი. მით უფრო, რომ ყრილობამდე ბევრი ლაპარაკობდა, წევრები კლუბების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ამ საკითხზე სხვას ვეღარაფერს გეტყვით
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"