ფეხბურთი ბავშვებით არსებობს!

AutoSharing Option
ბოლო დღეეებში არაერთხელ ითქვა, რომ საფეხბურთო სკოლების ლიცენზირება მკაცრი კრიტერიუმებით ჩატარდება. ფეხბურთის ფედერაციისა და სპეციალისტების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საფეხბურთო სკოლებში კატასტროფული მდგომარეობაა და უმეტესობა ლიცენზირების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციის XX ყრილობაზეც ილაპარაკეს. ფედერაციის პრესიდენტ ზვიად სიჭინავას თქმით, დაისახა ამოცანა, რომ სკოლებმა საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილონ. როგორი საქმეა, 144 სკოლა შეამოწმეს და მათგან ლიცენზიის მიღების შანსი მხოლოდ 19-ს აქვს, თანაც, მათი უმეტესობა თბილისში მუშაობს.

მოულოდნელად, უკეთესთა სიაში ვერ მოხვდა ქვემო ქართლის ვერც ერთი სკოლა, არადა, მარტო რუსთავის საფეხბურთო
სკოლები ბოლო ათწლეულებში ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კერები იყვნენ და საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ბევრი ფეხბურთელიც გაუზარდიათ.
ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა მინდელი ამბობს, რომ ლიცენზირებული სკოლა მალე რუსთავშიც ამუშავდება.

"პარადოქსია, მაგრამ რუსთავსა და ქვემო ქართლში კეთილმოწყობილი საფეხბურთო სკოლები კომუნისტების დროსაც არ იყო. ჩვენთან გაზრდილი ყველა ცნობილი ფეხბურთელი რუსთავის ”მეტალურგის" სათადარიგო სტადიონზე ვარჯიშობდა, რომელიც არასოდეს არანაირ სტანდარტს არ აკმაყობილებდა.

ლოგიკურიც არის, რომ ჩვენს სკოლებს ლიცენზიის მიიღების შანსი არ აქვთ, მაგრამ ახლა კერძო ინვესტიციით რუსთავის სტადიონზე ორი მოედანი ეწყობა, ერთი სტანდარტული და ერთიც ოდნავ მცირე ზომისა. ეს იქნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტუირის მქონე სკოლა, რომელიც ლიცენზიას აუცილებლად მიიღებს. იქ იქნება არა მხოლოდ საუკეთესო მოედნები, არამედ საშხაპეები, გასახდელები, კაფეები და ყველა ის პირობა, ბავშვებმა თავი კომფორტულად რომ იგრძნონ. სკოლას ”რუსთავმეტალი" აშენებს.

მშენებლობა უკვე დაწყებულია და მისი დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტის წარმომადგენლებს ვთხოვთ, ჩამოვიდნენ და შეამოწმონ. სხვათა შორის, ეს თავის დროზე საფეხბურთო სკოლის ტერიტორია იყო, ცნობილი რუსთაველი მწვრთნელი მურმან გოგოლაძე იქ სტადიონის აშენებას აპირებდა, მაგრამ დრო აირია და გეგმები ვერ განხორციელდა.

სამწუხაროდ, ჯერ სხვა ქალაქში ვერ მოვახერხეთ კერძო ინვესტიციის მოზიდვა. თუმცა იმედია, საფეხბურთო სკოლების კეთილმწყობაში სახელმწიფო სტრუქტურები თავის წვლილს შეიტანენ, მაგალითად, ბოლნისში. თუ ასე ვერ მოხერხდა, მკაცრი მოთხოვნები ამოქმედდება და ულიცენზიო სკოლის გუნდი ფედერაციის ეგიდით გამართულ ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. არადა, ამის გამო ჩვენს რეგიონში არსებული პოტენციალის გამოუყენებლობა არაფრით არ შეიძლება - შესაძლოა, ბევრი ნიჭიერი ბავშვი დაიკარგოს. ასე რომ, ჩვენი მიზანი მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორებაა", - გვითხრა მინდელმა.

ლიცენზირებულთა სიაში ვერ ამოვიკითხეთ საფეხბურთო სკოლა ”საბურთალო", რომელმაც ბოლო წლებში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებისთვის რამდენიმე ფეხბურთელი გაზარდა, რომლებიც გიორგი დევდარიანის ადრე 17-წლამდელთა, ახლა კი 19-წლმდელთა ნაკრების ბირთვს წარმოადგენენ.

როგორც გავიგეთ, ეს საკითხი დაზუსტებას საჭიროებს: ლიცენზირებისთვის ფედერაციის კომისია სკოლებს რომ ესტუმრა, მაშინ ”საბურთალო" და ”ოლიმპი" ამ უკანასკნელის სახელით იყვნენ გაერთიანებულნი, წლის დასაწყისში კი მათ კვლავ ცალ-ცალკე ამჯობინეს მუშაობა და ისე გამოვიდა, რომ ლიცენზიის მისაღებად ”საბურთალოს" ხელახლა შემოწმებაა საჭირო. მას ცალკე სუბიექტად ახალ სალიცენზიციო სეზონში შეამოწმებენ. სკოლის თავკაცები კი უახლოეს პერიოდში სტანდარტული სტადიონის აშენებას და ინფსტრუქტურის განახლებას გეგმავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული