ჯაბა ჯიღაური: ცხოვრებაშიც თამამი ვარ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და მოლდოვური "მილსამის" შეხვედრაში გულშემატკივარს დაამახსოვრდებოდა ჯაბა ჯიღაური. ევროპის ლიგაში სადებიუტო შეხვედრაში ისე თამამად გამოიყურებოდა, თითქოს წლების გამოცდილება ჰქონდა - არადა, ტექნიკური, ენერგიული და საფეხბურთო თავხედობით დაჯილდოებული დინამოელი, რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, 18 წლისაა.

ჯიღაურმა "დინამოში" მეორე შეხვედრა ჩაატარა და ორივეში თავი დაგვამახსოვრა. სადებიუტო მატჩი ქუთაისის "ტორპედოსთან"ჰქონდა დასრულებული ჩემპიონატის ბოლო ტურში, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო მატჩში კახა კაჭარავა ენდო, ძირითადში დააყენა და ახალგაზრდა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

უთამაშია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც - ოთარ გაბელიამ ხორვატიასთან
მოგებულ შეხვედრაში ორიოდე წუთით შეუშვა მოედანზე.

მოკლედ, 2011 წელი ჯაბა ჯიღაურისთვის კარგად დაიწყო. "მილსამისთან" მატჩის შემდეგ "დინამოს" ახალბედას ინტერვიუ ჩამოვართვით.

- გულშემატკივარი არ გიცნობს და გვითხარი, სად ვარჯიშობდი?
- "დინამოს" აკადემიის გაზრდილი ვარ, ბოლო დრომდე "დინამო 2"-ში ვთამაშობდი და მხოლოდ გასული სეზონის ბოლოს გადამიყვანეს "დინამოს" ძირითად გუნდში. "მილსამისთან" ოფიციალურად გუნდის ფორმა მეორედ მოვირგე.

- ალბათ, მოულოდნელი იყო, ალექს გარსია რომ გენდო და ძირითად შემადგენლობაში დაგაყენა.
- მოულოდნელიც იყო და სასიამოვნოც.

- ბავშვობაშიც იმავე პოზიციაზე თამაშობდი, სადაც ახლა გათამაშებენ?
- ბავშვობიდანაც შემტევ ნახევარმცველად მათამაშებდნენ.

- "მილსამი" სერიოზული გუნდი არ ჩანს, მაგრამ ევროდებიუტისას ყველა ნერვიულობს, შენ კი გამოცდილივით თამამად ითამაშე.
- საერთოდ, მოედანზე მორიდება არ მახასიათებს, რადგან არც არის საჭირო - ნებისმიერ მეტოქესთან უნდა იბრძოლო. ცხოვრებაშიც ასეთი ვარ.

- პირველ ტაიმში გუნდი საკმაოდ შებოჭილი ჩანდა.
- ეტყობა, ცოტას ვღელავდით. თუმცა მეორე ტაიმში ჩვენი თამაში "დავიჭირეთ" და "მილსამის" აშკარად ვაჯობეთ. ჩემთვის მაინც პირველი მატჩი იყო და ადაპტაციისთვის ტაიმი დამჭირდა. მთლიანობაში ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი ბიჭია, თუ ასე გააგრძელა ძირითადის კარგი შემტევი გვეყოლება.
ბაბუ
10:40 02-07-2011
0
გენაცვალე ჯაბა, მიდი მიაწექი შენ გვერდზე ვართ :)))
BekaGiuna
00:35 03-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული