მოედნების ტენდერში ვერავინ გაიმარჯვა

AutoSharing Option
სასიამოვნო ამბავი ნამდვილად არ არის - ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ერთი თვის წინ მოედნების დასაგებად გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ გორის, ქობულეთისა და ფოთის სტადიონებზე უეფას მოთხოვნების შესაბამისი ბალახის საფრის დასაგებად ფეხბურთის ფედერაციას 2,5 მილიონი ლარი გამოუყო, ანუ თითო საფრის დასაგებად 833 ათასი ლარი, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა.

თუმცა, ფედერაციის პრესსამსახური იუწყება, რომ ტენდერის მონაწილე კომპანიებმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობები ვერ დააკმაყოფილეს. აქ საინტერესო ამბებიც მომხდარა: თურმე, ორი მონაწილე ქართული კომპანია, შპს "სთარი 2007" და შპს
"გრინვორლდი", ფედერაციის დასკვნით, ერთად უნდა განიხილებოდეს, რადგან მათ აბსოლუტურად იდენტური დოკუმენტაცია წარადგინეს, ოღონდ განსხვავებული ფასებით. ამის გამო მათ ხელახლა გასამართ ტენდერში მონაწილეობაზე "წითელი აუნთეს".

"დოკუმენტაციის განხილვისას აშკარად ჩანს, რომ საქმიანი ქაღალდები მომზადებული და ამობეჭდილია ერთი და იმავე კომპიუტერში, მასალა მიღებულია ერთი და იმავე ელფოსტის მისამართიდან, ასევე იდენტურია ამობეჭდვის დრო და შემდგომ გაკეთებული ქსეროასლები, რაც მათი დისკვალიფიკაციის საფუძველი გახდა," - იუწყება ფედერაციის პრესსამსახური.

დაიწუნეს კიდევ ერთი ქართული კომპანიის, შპს "უნიმშენის" სატენდერო განაცხადი, რადგან სერტიფიკატები თურქულ ენაზე წარმოადგინა.

უარი ეთქვა ბერძნულ კომპანია "კრისტიან სიმუნოვიჩი - სპორტენგისაც", რადგან ფედერაციაში ჩათვალეს, რომ კომპანიამ დოკუმენტაციის შევსებისას გულგრილი დამოკიდებულება გამოიჩინა.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ფედერაციამ კიდევ ერთხელ უნდა გამართოს ტენდერი, რომლის შედეგების გამოცხადება, მერე კი ეროვნულ ჩემპიონატში სამი ხარისხიანი მოედნის დაგების ვადა შემოდგომისთვის გადაიწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული