მეზობლების მატჩი ყოველთვის პრინციპულია, მით უფრო, სომხურ-ქართული დაპირისპირება - ამ მატჩებში ყოველთვის იყო, არის და იქნება მეზობელზე უპირატესობის დამტკიცების სურვილი, ამის საუკეთესო საშუალება კი უშუალო შეხვედრებია.
კენჭისყრის შემდეგ "ბანანცის" პრეზიდენტი სარგის ისრაელიანი გახარებული იყო, მაგრად გაგვიმართლაო. ცხადია, "მეტალურგი" სომეხთა სხვა შესაძლო მეტოქეებივით ძლიერი არ არის, მაგრამ მათმა საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებულმა შეფასებამ გაგვაკვირვა - ასე
მატჩის შესახებ რუსთაველთა დირექტორი თორნიკე მაისურაძე გვესაუბრება:
- მინდა, ჯერ "დინამოს" მივულოცო "მილსამისთან" გამარჯვება. ჩვენ საქართველოში ვართ კონკურენტები, თორემ საერთაშორისო სარბიელზე ერთ ქვეყანას წარმოვადგენთ და ყველას ერთმანეთის გაამარჯვება გვახარებს.
რაც შეეხება "ბანანცთან" შეხვედრას: აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მატჩამდე ძალიან თბილი და მეგობრული შეხვედრა მოგვიწყვეს, მაგრამ ხუმრობდნენ, დიდი ანგარიშით მოგიგებთო. ეტყობა, "მეტალურგის" თამაში არ ენახათ. რატომღაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ გაიმარჯვებდნენ. არ ვიცი, საიდან ჰქონდათ ასეთი რწმენა, არა მგონია, ქართული ფეხბურთი როდესმე მათ ფეხბურთზე ნაკლები ყოფილიყო, ან ახლაა ნაკლები.
ჩვენ საფუძვლიანად ვემზადებოდით და მხარდაჭერასაც ვგრძნობდით. ერევანში "ქართული ფოლადის" დირექტორი გივი გიგინეიშვილი ჩამოვიდა და გაგვამხნევა, რაც ბიჭებისთვის ბევრს ნიშნავდა. თუმცა, ხომ იცით, ასეთ შეხვედრაში დამატებითი სტიმული საჭირო არც არის, ყველა განსაკუთრებულად მობილიზებული იყო.
თუმცა სამი ფეხბურთელი გვაკლდა - მხოლოდ მეორე ეტაპისთვის დავიმატებთ ახალწვეულ დიმიტრი ტატანაშვილს, ტრავმირებულია გიორგი მურველაშვილი, დენის დობროვოლსკიმ კი აპენდიქსის ოპერაცია გაიკეთა და ჯერ მისი დატვირთვა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, ყველა სჯეროდა, რომ უნდა მოგვეგო.
- მატჩზე რას გვეტყვით?
- მოდი, მათი მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ნაზარიანის მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამს გეტყვით: - "მეტალურგი" ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდი ყოფილაო. ეს აღიარება მატჩის ობიექტური შეფასება იყო. ირაკლი ქობალია რომ არ გაეგდოთ, დარწმუნებული ვარ, კიდევ გავიტანდით და ამას სულაც არ ვამბობ ტრაბახით.
პირველ ტაიმის დასაწყისში შემოგვიტიეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და მერე "მეტალურგი" რომ გააქტიურდა და აგრესიულად ათამაშდა, ამას რატომღაც არ ელოდნენ. ტაიმი ისე დასრულდა, რეალური მომენტი არ შეუქმნიათ, ბურთს კი ჩვენ ვაკონტროლებდით. მეორე ტაიმში ქობალია რომ გაგვიგდეს, მაშინაც 10 წუთი თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, მერე კი ძალიან შემოგვიტიეს. მიუხედავად ამისა, რეალური საგოლე მომენტები 10 კაცითაც შევქმენით, სამწუხაროდ, ბოლო მომენტში მოდებაძემ და პავლიაშვილმა კარგად ვერ დაარტყეს.
- ქობალიას გაძევებაზე რას იტყვით?
- გამოცდილი მოთამაშე რომ ყოფილიყო, ასეთ ვითარებაში წითელ ბარათს არაფრის დიდებით არ მიიღებდა. გარკვეულწილად მისიც მესმის. ბიჭი შარშან რეგიონულ ლიგაში თამაშობდა, ახლა კი ევროთასზე გაიტანა და ემოციებმა სძლია. თუმცა ამჯერად გუნდი ამ საქციელს პატიობს, რადგან ირაკლის გოლით გავიმარჯვეთ.
- 10 კაცით თამაში ძალიან გაგიჭირდათ?
- გაგვიჭირდა იმის გამოც, რომ ერევანში დახუთული ჰაერი იყო და მეორე ტაიმში ბიჭებს მოძრაობა გაუჭირდათ. მსაჯმაც რატომღაც 4 წუთი დაამატა და ეს დრო 5,5 წუთამდე გაწელა, მაგრამ ბედნიერები ვართ, რომ გავიმარჯვეთ.
თუმცა ჯერ შემდეგ წრეში არ გავსულვართ, მხოლოდ პირველი მატჩი ჩავატარეთ და მობილიზება ახლა უფრო გვჭირდება: სომხებს დასაკარგი არაფერი აქვთ და უფრო თავისუფლად ითამაშებენ, ჩვენი ამოცანა კი ჰანდიკაპის შენარჩუნება და გაზრდა იქნება.
- მართალია, რომ მატჩის შემდეგ "ბანანცის" წარმომადგენლებმა გამარჯვება არ მოგილოცეს?
- სიმართლე გითხრათ, ისეთი გახარებული ვიყავი, ვინ რა გვითხრა თუ არ გვითხრა, არც მახსოვს. მართალია, ერევნელმა გულშემატკივარმა მოედნიდან გაძევებული ქობალია სტვენით გააცილა, სამაგიეროდ, ტაშით გამოაცილა გუნდი. ეს მათი მხრიდან ღირსეული საქციელი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"