ზესტაფონს სანქცია ელის, ავცდებით დისკვალიფიკაციას?

AutoSharing Option
ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის, ლვოვის "კარპატისთან" საპასუხო მატჩი მწარედ დაგვამახსოვრდა. უკრაინელებთან შინაც დავმარცხდით, მაგრამ მხოლოდ შედეგს ვინ ჩივის, შესაძლოა ამ მატჩმა კიდევ უფრო მწარედ დაგვამახსოვროს თავი. საქმე ის არის, რომ ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ლვოველებთან მატჩის მსვლელობისას გულშემატკივრის მხრიდან ვანდალიზმს ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა ტრიბუნაზე ემოცია უნდა იყოს, მაგრამ ტრიბუნიდან მოედანზე სხვადასხვა საგნის სროლა ძალადობაა. ამას ყოველთვის სანქცია მოჰყვება და ისევ ჩვენი კლუბი დაზარალდება.

სამწუხაროდ, სწორედ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე... "კარპატისთან" თამაშის მსვლელობისას, გვერდითი მსაჯის ქმედებით აღშფოთებულმა
ულტრაფანების ერთმა ჯგუფმა, ტრიბუნიდან მოედანზე ბოთლები და სხვა ნივთები ისროლეს. ბუნებრივია, ყოველვე ეს მატჩის დელეგატს არ გამორჩენია, ოქმშიც დააფიქსირა და უეფაშიც წარადგენს. შესაბამისად, იმერული კლუბი უეფადან ფინანსურ სანქციას ნამდვილად ვერ ასცდება.

სხვათა შორის, გამორიცხული არ არის უარესიც - ანუ სტადიონის დისკვალიფიკაცია და ევროტურნირების ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხის დღის წესრიგში დაყენებაც არ არის გამორიცხული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ვაიგულშემატკივრის ვანდალური საქციელის გამო, შესაძლოა ზესტაფონი ევროტურნირების გარეშე დარჩეს. არა და, იმერული კლუბის მესვეურებმა თანხები არ დაიშურეს, სტადიონი ევროსტანდარტამდე აიყვანეს, ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ გუნდს მშობლიურ არენაზე ეთამაშა და ზესტაფონს დიდი ფეხბურთი სწვეოდა.

ახლა კი რა ხდება? ამ ვანდალური ფაქტის გამო, სერიოზული საფრთხე არსებობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ზესტაფონში ევროტურნირების მატჩები აღარ ჩატარდეს. ამ ვაიქომაგების საქციელი ზესტაფონელმა გულშემატკივრებმაც დაგმეს და ვანდალიზმის წინააღმდეგ მწვავედ გალაშქრება მოითხოვეს.

ბუნებრივია, როცა ასეთი საფრთხის წინაშეა ქართული კლუბი, ძალადობასთან ბრძოლის გააქტიურებაა საჭირო და ამ მხრივ "ზესტაფონიც" გაისარჯა. იმერული კლუბის მესვეურებმა საქმეში სამართალდამცავი სტრუქტურები ჩართეს. როგორც გავიგეთ, უკვე დადგენილია ვანდალიზმის მომწყობი ულტრაფანების ვინაობა და მათ მალე დააკავებენ.ვითარებაში გარკვევას შევეცადეთ და "ზესტაფონის" პრესატაშე სერგო ფუტკარაძეს დავუკავშირდით.

"კარპატისთან" მატჩის მსვლელობისას მომხდარი ვანდალური ფაქტის გამო, უეფადან ფინანსურ სანქციას ნამდვილად ვერ ავცდებით. ამ საკითხს უეფაში განიხილავენ და გადაწყვეტილებასაც გვაცნობებენ. იმედი მაქვს, სტადიონის დისკვალიფიკაციას გადავრჩებით. ამ ფაქტმა შესაძლოა ზესტაფონი უფეხბურთოდ დატოვოს. ბუნებრივია, ამან ჩვენი გულშემატკივარი აღაშფოთა და ძალადობის წინააღმდეგ სერიოზულ ბრძოლას ვიწყებთ. ვანდალიზმის გამო შესაძლოა ჩვენი ქალაქი დიდი ფეხბურთის გარეშე დარჩეს, ამას კი ვერავინ აიტანს", - გვითხრა სერგო ფუტკარაძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული