"ბანანცი" აქ მოგებას უნდა გადავაჩვიოთ

AutoSharing Option
შარშანდელის მსგავსად, რუსთავის გუნდს ევროტურნირების საწყის ეტაპზე მეტოქედ კვლავაც ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი შეხვდა: ყაზახური "აქტობე" ამჯერად ჩვენმა "კარის მეზობელმა", სომხურმა "ბანანცმა" ჩაანაცვლა.

საერთოდ, ევროტურნირებზე ქართულ-სომხური კლუბების ურთიერთდაპირისპირებაში აშკარა უპირატესობას კი ვფლობთ (მით უფრო, რუსთავის "მეტალურგის" ერთი კვირის წინანდელმა გამარჯვებამ ეს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა), მაგრამ იმავე "ბანანცთან" არცთუ სასიამოვნო მოგონებებიც გვაკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი ორჯერ შეხვედრია ჩვენ კლუბებს ევროტურნირებზე და საქართველოში ჩატარებულ ორივე მატჩში გაუმარჯვია! თანაც, პირველ შემთხვევაში (2005 წელს) ამ მოგებით "ბანანცმა" შემდეგ ეტაპზე გააღწია: თბილისის "ლოკომოტივთან"
საშინაო მარცხს (1:3), თბილისში ყველასათვის მოულოდნელი გამარჯვება (2:0) "მოაყოლა"!

ერთი წლის შემდეგ "ბანანცი" კვლავაც გვესტუმრა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაშინაც შეძლო თბილისში გამარჯვება: "ამერს" 1:0 მოუგო. საბედნიეროდ, განმეორებით მატჩში გიორგი ჩიხრაძის გუნდმა ერევანში მოიგო (2:1) და შემდეგ ეტაპზეც "ამერი" გავიდა.

და აი, "ბანანცის" მესამე სტუმრობაც - იმედი დავიტოვოთ, რომ რუსთაველები ახლა მაინც დაძლევენ ქართული გუნდების დამახასიათებელ "ბანანცის" სინდრომს და ამ სომხურ გუნდს საქართველოდან დამარცხებულს გაისტუმრებენ. ეგაც რომ არ იყოს, "ძველ-ახალ" სახელდაბრუნებული მასპინძელთა გუნდი ახალ სეზონში პირველად წარსდგება რუსთაველი ქომაგის წინ და მართლაც ძნელი დასაჯერებელია, "მეტალურგმა" რომ პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობა გაფლანგოს.

რუსთავული ხვატი
გუშინ, 6 ივლისს რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე მართლაც საქმიანი ატმოსფერო სუფევდა: ჯერ "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია იყო, რასაც მასპინძელთა გუნდის ვარჯიში მოჰყვა; ამასობაში სტადიონს სომხების ავტობუსიც მოადგა და ვიდრე სტუმართა მწვრთნელი მოკლე პრესკონფერენციას ჩაატარებდა, "ბანანცის" წარმომადგენლებმა დღევანდელი მეტოქის ვარჯიშის დასკვნით ნაწილსაც თვალი შეავლეს; მერე კი, არცთუ კმაყოფილი სახეებით სტუმრები ვარჯიშსაც შეუდგნენ - გუშინ რუსთავში ჰაერის ტემპერატურა მაღალი იყოო, მართლაც რბილად ნათქვამი გამოგვივა! "ჩვენთან საკმაოდ ცხელა, მაგრამ აქ ძალიან დახუთული ჰაერი დაგვხვდა; წარმოგვიდგენია, თამაშის დროს რა იქნებაო", - წუხდნენ სტუმრები ვარჯიშის დაწყების წინ...

პასუხისმგებლობაც, მაქსიმალიზმიც
ქართული მედიის წინაშე თავდაპირველად "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი არმაზ ჯელაძე წარდგა: "5 ივლისიდან გუნდი შეკრებაზეა გადასული და საპასუხო მატჩისათვის მაქსიმალურად ვემზადებით. იმის მიუხედავდ, რომ პირველ შეხვედრაში გავიმარჯვეთ, საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, - გუნდის თითოეულ წევრს კარგად აქვს გათვითცნობიერებული, თუ რაოდენ საპასუხისმგებლო შეხვედრა გველოდება. მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. ტრავმის გამო დენის დობროვოლსკი და გიორგი მურველაშვილი დაგვაკლებიან, ხოლო ირაკლი ქობალია დისკვალიფიცირებულია. რაც შეეხება ახალწვეულებს, "მეტალურგთან" ადაპტაცია არავის გასჭირვებია - ზოგიერთს რუსთავში ადრეც უთამაშია. ქობალიას არყოფნაში, შესაძლოა, გარკვეული ტაქტიკური გადაადგილებაც მოვახდინოთ; არ არის გამორიცხული, რომ საერთოდაც, განსხვავებული ტაქტიკით ვითამაშოთ და თითოეულ ფეხბურთელს კონკრეტული დავალებაც ექნება. დაბოლოს, გუნდში ახლახან ჩარიცხულ კიდევ სამ ფეხბურთელზეც: ირაკლი ბერაია, ლაშა ჩადუნელი და გიორგი ახვლედიანი "მეტალურგის" სრულუფლებიანი წევრები გახდნენ".

პრესკონფერენციის დასასრულს, "მეტალურგის" პრესტაშემ შოთა შერმადინმა "ბანანცთან" მატჩის დაწყების დროზეც ისაუბრა: "სამწუხაროდ, "ფოლადის" სტადიონის განათება უეფას მოთხოვნებს ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს და იძულებული ვიყავით თამაში 17 საათზე დაგვენიშნა. შემდეგ ეტაპზეც რუსთავში ჩავატარებთ საშინაო მატჩს, აი, მერე კი უკვე თბილისში მოგვიწევს თამაში, რადგან საერთაშორისო ლიცენზია ჩვენ სტადიონს 15 ივლისამდე აქვს.

ქართული სიხალისე და სომხური ოპტიმიზმი
"მეტალურგის" ვარჯიში ხალისიანად წარიმართა და მსუბუქი მოთელვის შემდეგ გუნდმა... რაგბისა და ხელბურთის "ნაზავ" სპორტის სახეობაშიც წაივარჯიშა; ოღონდ, გუნდის დირექტორმა თორნიკე მაისურაძემ, მთავარმა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ და მწვრთნელმა ბორის გონჩაროვმა ფეხბურთელებს "აუცილებელი" პირობაც წაუყენეს: ორ გუნდად გაყოფილებს "სარაგბო-სახელბურთო" ყველა შეტევა თავური დარტყმით უნდა დაეგვირგვინებინათ! ამას უკვე "ტრადიციული" სავარჯიშო პროცესი მოჰყვა და ამასობაშიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ბანანციც" გვესტუმრა.

სტუმართა თავკაცმა, 36 წლის რაფაელ ნაზარიანმა მოკლე და ამომწურავად უპასუხა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს; თუმცა, ყველაზე მთავარი რაც გვენიშნა, "ბანანცის" მთავარი მწვრთნელის ოპტიმისტური განწყობა იყო: "მოხარული ვარ, საქართველოში ჩამოსვლა რომ მოგვიწია; ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდება. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ. პირველ მატჩთან შედარებით ჩვენს გუნდში გარკვეული ცვლილებები იქნება; კიდევ ვიმეორებ, რომ პირველი შეხვედრის ჩვენთვის არასასურველი ანგარიშით დამთავრების მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს მაინც ვინარჩუნებთ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ხელოვნურ საფარზე მოგვიწევს თამაში, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ; სხვათა შორის, იმასაც დავძენ, რომ პირველ მატჩში ჩვენი დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მეტოქემ ორგანიზებული და აგრესიული თამაში მოგვახვია; ამას გარდა, "მეტალურგის" შემადგენლობაში რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელიც ასპარეზობდა და ეს ფაქტორიც არცთუ უმნიშვნელოდ მიმაჩნია".

პრესკონფერენციის შემდეგ სომხურმა გუნდმა "ფოლადზე" ივარჯიშა; "ბანანცი" რუსთავს ოპტიმალური შემადგენლობით ესტუმრა და დიდი შანსია, რომ სომხური გუნდის ოთხივე ლეგიონერი დღეს ძირითადში ვიხილოთ: 23 წლის უკრაინელი მეკარე დიმიტრი ნეპოგოდოვი, 24 წლის ბეტო, 30 წლის დუ ბალა და ბრუნო კორეა (სამივე-ბრაზილია).

დაბოლოს, იმასაც შეგახსენებთ, რომ "მეტალურგი"-"ბანანცის" მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლაცია 17 საათზე საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გადაიცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჟოზეფ კეი, კაი გააკეთე განათება და ბუნებრივი საფარი. ამ სიცხეში ჩემმა მტერმა ითამაშოს ხელოვნურ საფარზე და თანაც 5-საათზე. ტაფასავით გავარვარებული იქნება მოედანი. იმედია გააკეთებენ განათებას და მოედნის საფარს. არ შეიძლება ხალხო ასეთი დამოკიდებულება მეტალურგის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისადმი. მიხედეთ ინფრასტრუქტურას!
uzlevi
11:31 07-07-2011
0

სიახლეები პოპულარული