"სკოლბურთში" ბოლნისმა გაიმარჯვა

AutoSharing Option
მასობრიობის დეფიციტი - ეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. იმ დროს, როდესაც არც ისე დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ნორვეგიაშიც კი ოფიციალურად 40 ათასი მოთამაშეა დარეგისტრირებული, საფეხბურთო სკოლებში კი 200 ათასი ბავშვი ვარჯიშობს (მათ შორის, გოგონებიც), საქართველოში ეს რიცხვი კატასტროფულია - მაქსიმუმ 1,6 ათასი მოთამაშე და 17 ათასი მოსწავლე.

ჩვენთან უმაღლეს, პირველ და რეგიონულ ლიგებში 65-მდე გუნდია. საუკეთესო შემთხვევაში თითოეულში 25 მოთამაშე ირიცხება, მაგრამ დაბალ ლიგებში ესეც დიდი ფუფნებაა, რადგან 25 ფეხბურთელი განაცხადში უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდსაც არ ჰყავს.

ამას
დავუმატოთ უცხოეთში გახიზნული 500-მდე ქართველი და გამოდის, ჩვენი ფეხბურთი, ჰა-ჰა, 2100 მოთამაშის იმედადაა. ასეთი დეფიციტის პირობებში საუკეთესო გამოსავალი მეტი მოსწავლე და მეტი გუნდია.

ვფიქრობ, სკოლბურთი სწორედ ამით არის მნიშვნელოვანი, რადგან ამ ტურნირზე აუცილებლად გამოჩნდება ნიჭიერი ღარიბი ბავშვი, რომელიც საყვარელ სახეობას უფულობის გამო ვერ მისდევს, მას საფეხბურთო სკოლები შენიშნავენ, უფულოდ ჩარიცხავენ და ქართულ ფეხბურთს გაუზრდიან.

ახლახან დასრულებულ "სკოლბურთის" გათამაშებაში ბოლნისის 1-ლი საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. ქვემოქართლელებმა ფინალში ახალქალაქის 1-ელი საჯარო სკოლის გუნდს 3:0 მოუგეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულები თურქეთში საერთაშორისო ტურნირზე გაამგზავრეს, სამშობლოში კი 17 ივლისს დაბრუნდებიან. ეს კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დახმარებით მოხერხდა, რომელიც სკოლბურთის პარტნიორი გახდა და მასზე მზრუნველობა ივალდებულა.

ტურნირის დასრულებას მიეძღვნა გუშინ ეროვნულ სტადიონზე გამართული პრესკონფერენცია.

დიმიტრი ბოკერია, ფეხბურთის ფედერაციის მასობრივი ფეხბურთის განყოფილება: - ბოლნისელმა ბავშვებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს და კომპანია "კოკა-კოლასგან" მშვენიერი საჩუქარი მიიღეს - თურქულ ტურნირზე ითამაშებენ.

რევაზ არველაძე, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: - ტურნირი მნიშვნელვანია არა მხოლოდ სპორტული კუთხით, ბავშვები ბევრ მეგობარსაც შეიძენენდა ბევრსაც გაიგებენ.

მადლობას ვუხდი "კოკა-კოლას" ხელმძღვანელებს ქართული ფეხბურთის თანადგომისთვის. ფეხბურთი ყოველთვის იყო პირველი სახეობა საქართველოში და ბიზნესის თანადგომა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. შევეცდებით, სკოლბურთით ფეხბურთისკენ მეტი და მეტში ბავშვი მოვიზიდოთ. .

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული