კომპანია: სამს კი არა, ექვსს დავაგებთ, ფედერაცია: ხარისხი!

AutoSharing Option
საქართველოს მთავრობამ გორის, ქობულეთისა და ფოთის სტადიონებზე ხარისხიანი საფრების დასაგებად ფედერაციას 2,5 მილიონი ლარი გამოუყო. თუმცა 1-ელ ივლისს ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოედნების დასაგებად გამოცხადებული ტენდერი უშედეგოდ დასრულდა, რადგან მონაწილე კომპანიებმა სატენდერო პირობები ვერ დააკმაყოფილეს.

ისიც ეწერა, რომ ორი მონაწილე ქართული კომპანია, შპს "სთარი 2007" და შპს "გრინვორლდი", ფედერაციის დასკვნით, ერთიან ორგანიზაციად განიხილეს, რადგან მათ აბსოლუტურად იდენტური დოკუმენტაცია წარადგინეს, ოღონდ განსხვავებული ფასებით. "უნიმშენის" სატენდერო განაცხადი სერტიფიკატების თურქულ ენაზე წარდგენისთვის დაიწუნეს.

უცნაურია, რომ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოხატეს, მაგრამ დოკუმენტაცია არ
წარადგინეს შპს "ინფრამ" და შპს "საქართველოს სამშენებლო კომპანიამ". ბერძნულ კომპანია "კრისტიან სიმუნოვიჩი - სპორტენგის" ფედერაციის ფინანსურმა ჯგუფმა უარი წარსადგენი საბუთების შედგენისადმი გამოჩენილი გულგრილი დამოკიდებულების გამო უთხრა.

საინტერესოა ტენდერის მონაწილეთა მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა: ფოთის, გორისა და ქობულეთის სტადიონებზე უკრაინული ან თურქული საფრის დაგების საფასურად კომპანია "გრინვორლდი" (გამოცდილება - საგურამოს სპორტკომპლექსის საფრის მოწყობა) 1,424,116 ლარს ითხოვს.

"გრინვორლდთან" გაიგივებული "სთარი" (გამოცდილება - ორი მოედნის მოწყობა "შევარდენისა" და "ავჭალის" სტადიონებზე, აგრეთვე სარწყავი სისტემის დამონტაჟება ზესტაფონში) უკრაინული ან თურქული საფრის დაგებას 1,478,354 ლარად აპირებდა.

"უნიმშენმა" 2,265,123 ლარი მოითხოვა, სამუშაოთა შესრულების გამოცდილებაში კი მიუთითა თანხა (7 მლნ ლარი) და არა ის, სად რა გააკეთა.

ბერძნული კომპანია "კრისტიან სიმუნოვიჩი - სპორტენგი" 2,421,360 ლარს ითხოვდა, გამოცდილებაში კი მიუთითა მოედნების დაგება საბერძნეთში, ალბანეთსა და საქართველოში (ეროვნული ნაკრების ბაზა).

ფინანსურ საკითხებში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩევლის აკაკი ლოდიას თქმით, ახლა კანონით ორი გზა დარჩა - ახალი ტენდერი ან ერთ პირთან პირდაპირი მოლაპარაკება, რაც ასევე კანონიერია. თუმცა ჯერ კვლავ ტენდერის გამართვაა მოსალოდნელი.

რედაქციაში შპს "სთარის" მთავარი სპეციალისტი ნოვრუზ ბაბაევი გვესტუმრა:

- ფედერაციის დასკვნაში წერია, რომ დოკუმენტაციის წარდგენისას აღმოჩენილი დარღვევები "სთარის" დისკვალიფიკაციის საფუძველია, მაგრამ ეს "საფუძველი" არ უნდა იწვევდეს დისკვალიფიკაციას. ჩვენი კომპანია ფედერაციას მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების ყველაზე ეფექტურ ათვისებას სთავაზობს. "გრინვორლდი" ჩვენი პარტნიორი კომპანიაა, ამიტომ მივუთითეთ თითქმის ერთნაირი პირობები. ფასები კი იმიტომ არის განსხვავებული, რომ მათ თავისი ტექნიკა აქვთ, ჩვენ კი დაქირავებულ შრომას ვიყენებთ.

მოთხოვნაა, რომ უცხოური საფარი დავაგოთ. ჩვენ ვთავაზობთ ზუსტად ისეთ საფარს, როგორიც არის კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც ევრო 2012 გაიმართება, ან "გალათასარაის" სტადიონზე ჩვენი პარტნიორის მიერ დაგებული თურქული საფრის იდენტურს.

სხვათა შორის, ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა აკაკი ლოდიამ გვითხრა, როდესაც პაკეტები გაიხსნა, თქვენი წინანდადება საუკეთესო იყოო. ამან კიდევ უფრო შეგვაგულიანა, მაგრამ ფედერაციამ ტენდერი ჩაშლილად გამოაცხადა. არადა, სამ მოედანს 1,4 მილიონად გავაკეთებთ, ანუ კონკურენტებზე მინიმუმ 800 ათასად, მაქსიმუმ კი მილიონი ლარით ნაკლებად. წესით, ფედერაცია ჩვენი პირობებით უნდა დაინტერესდეს. პირობებში ინგლისურ კარებს, ბადეებსა და ალმებს, აგრეთვე საუკეთესო ამერიკულ სარწყავ სისტემასაც ვთავაზობთ, მსგავსი პირობები არავის ჰქონდა.

ტენდერში მონაწილეობაზე უარს არ ვიტყვით, რადგან ეს არის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა, მთავრობა კი დაინტერესებულია, რომ მოედნები ხარისხიანი იყოს, ჩვენ კი სწორედ ამას ვთავაზობთ.

ახალ ტენდერში ფედერაციას უკეთესი წინადადებით მივმართავთ - მზად ვართ, 2,5 მილიონი ლარით გავაკეთოთ არა სამი, არამედ ექვსი მოედანი - ფოთში, გორში, ქობულეთში და კიდევ ორ სტადიონზე, რომელიმე ბაზაზე კი მოედანს ადგილობრივი საფრით მოვაწყობთ. უფრო უკეთესი პირობები რა უნდათ, სამის ნაცვლად, ამდენი მოედნის მოწყობა განა თანხის ეფექტური გამოყენება არ იქნება!?

კომენტარისთვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველ აკაკი ლოდიას მივმართეთ:

- ტენდერის ჩაშლის მიზეზები ფეხბურთის ფედერაციამ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. "სთარი 2007"-მა არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება გამოავლინა, არ შეიძლება, ტენერში მონაწილე ორი კომპანიის ფასები, პირობები და წამოდგენილი დოკუმენტაცია, ფაქტობრივად, იდენტური და ერთი კომპიუტერიდან ამობეჭდილი იყოს. "სთარი 2007"-მა და "გრინვორლდმა" მხოლოდ ფასებში სხვაობა გაითამაშეს. განა შეიძლება, მილიონების აღება გსურდეს და ტენდერში მონაწილეობის წესებზე წარმოდგენა არ გქონდეს.

უმნიშვნელო არ არის, რომ დოკუმენტაციაში მითითებული არ ჰქონდათ ტრასნპორტირების ხარჯები, არადა, მოედნის დაგება ამ კუთხით მნიშვნელოვან ხარჯებს უკავშირდება. "სთარის" წინადადებებთან ექვსი შენიშვნა გვქონდა. ასე რომ, მათი პრეტენზიები უსაფუძვლოა და ამ კომპანიისა და "გრინვორლდის" წინადადებები, ისევე, როგორც სხვა მონაწილეებისა, დავიწუნეთ.

გაიმართება თუ არა ტენდერი და ვინ რა წესით მიიღებს შეკვეთას, ეს 11 ივლისს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე გადაწყდება.

რაც შეეხება ფასს, შედარებით მცირე თანხა სულაც არ არის მაღალი ხარისხის გარანტია. ფედერაციის პრეზიდენტს კი აქცენტი სწორედ ხარისხზე აქვს გაკეთებული.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე:

- თავის მტრები არ ვართ, იაფ და ხარისხიან მოედნებზე უარი რომ ვთქვათ. მაგრამ "სთარის" წარმოდგენილ დოკუმენტაციაში იყო დარღვევები, ჩვენ კი უფრო დახვეწილ წინადადებებს ველოდებით - უეჭველად ხარიხიან მოედნებს, ნორმალურ ფასებსა და საფრის სწრაფად დაგების გარანტიებს.

ასე რომ, ფასებზე ყურადღების გამახვილება გასაგებია, მაგრამ გადამწვეტი ფაქტორი ხარისხია, მთავრობამ თანხა სწორედ იმისთვის გამოყო, რომ მოედნებმა დიდხანს გაძლოს და გუნდებმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენონ. რად გვინდა ისეთი იაფი მოედანი, ნახევარ წელიწადში თუ არ ივარგებს?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვეთანხმები ამ შემთხვევაში, ფედერაციის გადაწყვეტილებას, ფედერაციამ მთვარია სამართლიანად გადაწყვიტოს და ხარისხიანად და არა კორუფციუკი გარიგებით!!!!!!!!!!!!!

givi
23:16 07-07-2011
0
მოკლედ რა, სტადიონის საფარის დამგები ვერ გამოჩნდა? იმდენი ამ ფედერაციას რა ვუთხარი!!! მაიმუნობენ რაღაცას. ლოკომოტივზე კარგად აგებინენებენ ამ სიმუნოვიჩს. რას ელოდება ფედერაცია? ჩემპიონატის დაწყებას? გული გინდათ ხისკოს და გარსიას გაუხეთქოთ?:)
uzlevi
07:15 09-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული