კალაძის უარი მოსკოვის "დინამოს"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და იტალიური "ჯენოას" მცველი, გუნდის კაპიტნობის კანდიდატი კახა კალაძე ბევრ მნიშვნელოვან თემაზე გველაპარაკა - საქართველოს ნაკრებზე, მოსკოვის "დინამოს" მაცდურ შეთავაზებაზე, ქართული ფეხბურთის განვითარების მისეულ ხედვაზე...

- იმ დროს, როდესაც, ფაქტობრივად, ჩამოგწერეს, სერია A-ს გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდი. "მილანთან" დაძაბული ურთიერთობისა და ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ ეს შენთვისაც მოულოდნელი ამბავი იქნებოდა.
- გეთანხმებით, ასეთი აღიარება ძნელი წარმოსადგენი იყო, რადგან ბოლო სეზონში "მილანში" თამაშის საშუალება თითქმის არ მქონია. მე ეს ამბავი იმიტომაც მიხარია, რომ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში "გაძეტა
დელო სპორტმა" იტალიის ყველა სპორტული გამოცემის მიერ ყოველ ტურში მოცემული შეფასებების მიხედვით დამასახელა. ცენტრალურ მცველებში მე და "მილანის" ტიაგო სილვა მოვხვდით.

რაც შეეხება ჩავარდნებს, ფეხბურთელის კარიერა უამისოდ არ არსებობს. არა მხოლოდ სპორტში, ცხოვრებაშიც არის აღმასვლა და დაღმასვლა, წარმოუდგენელია, სულ კარგად მიდიოდე, მაგრამ სირთულეების არ უნდა შეგეშინდეს. მათი გადალახვის შემდეგ უფრო ძლიერი და თავდაჯერებული ხდები.

- მართალია, რომ მოსკოვის "დინამომ" წლიური 6 მილიონი ევრო შემოგთავაზა, მაგრამ მაინც უარი უთხარი?
- მართლაც ძალიან სერიოზული წინადადება იყო, მაგრამ მე ისეთ ასაკში აღარ ვარ, დაუფიქრებლად, თუნდაც დიდი გასამრჯელოს ფასად შევიცვალო ქვეყანა და გარემო. თუმცა ამ შემთხვევაში გაუმართლებელი მგონია პოლიტიკური შეხედულებებით მსჯელობა - რადგან რუსეთია, ქართველმა იქ არ უნდა ითამაშოსო. რუსეთის პრემიერლიგაში ძალიან ბევრი ქართველი თამაშობს და წარმატებულადაც, გუნდებში ძალიან უყვართ და მაყურებელიც პატივს სცემს.

მაგრამ ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რადგან დიდი ხანია, ოჯახი იტალიას შეეჩვია.

- სერია A-დან რუსულ პრემიერლიგაში წასვლა კარიერის დასრულებაზე მინიშნებას დაემსგავსებოდა.
- მე ასე ვიტყოდი - სერია A მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია და საკუთარი ნებით იქიდან წასვლა გაუმართლებელი იქნებოდა. გუნდს უკვე შევეწყვე, მეთერთმეტე წელია, იტალიაში ვცხოვრობ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, მიყვარს ეს ქვეყანა, ხალხი და კიდევ ერთხელ გარემოს შეცვლა, გადაბარგება, ახალი გუნდელების გაცნობა და გაგება... არა, ეს არ მსურდა.

- ბევრი იწერება, ბოლო დროს იტალიური კლუბების ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდაო.
- დიახ, ასეა. იყო დრო, იტალია სწორედ ყველაზე მაღალი ხელფასებით იყო ცნობილი, შემიძლია ვთქვა, ტოპქვეყანაც კი იყო. ასეთ ხელფასებს არც ერთ სხვა ქვეყანაში არ იძლეოდნენ. თუმცა მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის გამო მდგომარეობა მართლაც საგრძნობლად გაუარესდა.

- ნუთუ ახლა რუსეთის პრემიერლიგა უფრო მდიდარია?
- იტალიას ჯერ ნამდვილად ვერ უსწრებენ. შესაძლოა, რუსეთში რამდენიმე ძვირადღირებული მოთამაშე იყოს, მაგრამ მასობრივად დიდ ხელფასებს, ისე, როგორც იტალიაში, მათი კლუბები ვერ იხდიან. დღეს ფინანსურად მაინც იტალიისა და ინგლისის წამყვანი კლუბები ლიდერობენ.

- საქართველოს ნაკრებზეც ვილაპარაკოთ. იყო დამაიმედებელი შეხვედრები, რასაც მოჰყვა ხორვატიასთან უსახური მატჩი, მაგრამ დაჩენილია იმედის სამი თამაში.
- ვფიქრობ, რთული მატჩი გველის არა მხოლოდ საბერძნეთთან თბილისში, არამედ ლატვიასთანაც სახლში და მალტასთან გასვლაზე. ჩემი აზრით, ერთი შეხედვით სუსტ გუნდებთან უფრო მძიმე დაპირისპირება გვექნება.

რატომ უნდა გაგვიჭირდეს შედარებით სუსტებთან? საბერძნეთი მაინც ლიდერია, სხვა განწყობით გვესტუმრება და მათ დაცვაში უფრო ადვილი იქნება ხარვეზების მოძებნა. ლატვია და მალტა კი დაცვაში ჩასხდებიან და ხალხიც მეტს მოგვთხოვს. ასეთ მეტოქესთან ბრძოლა საკმაოდ ძნელია, ხშირად ისე არ გამოგვდის თამაში, როგორც გინდა.

- გარკვეული პროგრესი არის, მაგრამ მიზნისთვის საბრძოლველად ჩვენი ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მზად არიან?
- რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში ბევრი რამ ვერ კეთდება, ყველაფერს დრო სჭირდება. ბოლო წლებში ხომ არა მხოლოდ ნაკრები, მთლიანად ქართული ფეხბურთი იყო ჩამოშლილი. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, რომ ყველაფერი თავიდან არის დასაწყები. საქართველოს ჩემპიონატში სასურველი დონე რომ არ არის, იმიტომ ვთამაშობთ უცხოეთში, თორემ სიამოვნებით ჩამოვიდოდით და ვითამაშებდით. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, სპორტში არ არის სახარბიელო მდგომარეობა, განსაკუთრებით, ფეხბურთში.

- როგორც ვიცი, ყოველგვარი ბიზნესგათვლების გარეშე აპირებდი მშობლიური სამტრედიის გუნდის დაფინანსებას, მაგრამ ახლობლებმა ჩანაფიქრზე ხელის აღება გირჩიეს, ფულს წყალს გაატანო.
- უბრალოდ, გული ძალიან მწყდებოდა, "სამტრედიაში" ძალიან მძიმე მდგომარეობა რომ იყო. იმ ადამიანებიდან, რომლებსაც გუნდზე პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული, ზოგი დეპუტატი გახდა, ზოგიც სხვა თანამდებობის პირი, მაგრამ პასუხისმგებლობას რომ იღებ, უნდა შეასრულო კიდეც. მესმის, რომ იყო პრობლემები, კრიზისი, მაგრამ არ შეიძლება გუნდი ამ მდგომარეობაში ჩააგდო.

მეკითხებით, რატომ არ ავიყვანე "სამტრედია". ძნელია ილაპარაკო ფეხბურთზე, როდესაც ჩემს მშობლიურ ქალაქში არ არსებობს არანაირი საფეხბურთო პირობები - არც კეთილმოწყობილი სტადიონი, არც მოედანი, არც ბაზა და რომელ ფეხბურთზეა ლაპარაკი?!

ჩემი აზრით, საქართველოში ფეხბურთის განვითარება თუ გვსურს, საჭიროა ჯერ შემუშავდეს განვითარების პროგრამა, მერე კი მისი განხორციელებისთვის მიზანმიმართული მუშაობა. პროგრამაში შესაბამის კანონებსაც ვგულისხმობ, რომელიც ბიზნესს დააინტერესებს და მიიზიდავს, მაგალითად, გარკვეული შეღავათებით.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის დახმარება კომუნისტური გადმონაშთია, არადა, ევროპაში მინიმალური დონის შესანარჩუნებლად და მასობრიობის გასაზრდელად დაბალი რანგის კლუბებს ადგილობრივი თვითმმართველობები აფინანსებენ.
- ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ბიზნესმენი დაბალი გადასახადით უნდა მიიზიდო, თორემ მომგებიანი სფეროდან მასში ფულს რატომ დააბანდებს? ბიზნესის ჩართვის გარეშე ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია. სახელმწიფოს დახმარებაც აუცილებელია, დიდი თანხები უნდა ჩაიდოს.

- იტალიაში არის ასეთი ხელშეწყობა?
- იტალიაში ფეხბურთი წელშია გამართული და შეღავათები აღარ სჭირდება, დღეს ამ ქვეყნის მოსახლეობა 60 მილიონს აჭარბებს, ჩვენზე ბევრად მდიდარი ქვეყანაა, ევროპაშია და განვითარების მეტი პერსპექტივაც აქვს. მაგრამ ადრე სახელმწიფო ფეხბურთს ხელს უწყობდა და ავითარებდა.

სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რამდენი მაისურა გაიყიდა წარწერით "კალაძე". ესეც საინტერესო თემაა, საქართველოს ნაკრების ფორმებისა და ატრიბუტიკის მაღაზიების გახსნა აუცილებელია. რა ვიცი, ათასი რამის მოფიქრება შეიძლება.

გიორგი დემეტრაძის პროცესზეც მინდა ვთქვა: ადვოკატმა აპელაცია შეიტანა, მაგრამ სასამართლო გადაიდო. ამ სფეროში კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ ადვოკატებთან ერთად გავეცანი საქმეს და დავრწმუნდი, გიორგის არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. არ ვიცი, როგორ შეიძლება გიორგის განთავისუფლება. ალბათ, გამოსავალი სტრასბურგის სასამართლოა, სადაც აუცილებლად გასაჩივრდება ეს გადაწყვეტილება. ასე რომ, იმედი მაინც არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საღოლ კახა მაგარი კაცი ხარ სიმართლეს რომ ლაპარაკობ. ბევრს მაგის ვაჟკაცობა არ ყოფნის
jkjkljkj
18:23 08-07-2011
0
იტალიაში, საფრანგეთში და სხვაგანაც ბევრი კლუბი თამაშობს მუნიციპალურ სტადიონზე და ხშირად _ სიმბოლურ ფასად ქირაობენ. თუ არ ვცდები, ზოგ შემთხვევაში, სულაც უფასოდ. ეს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება არაა?
durdzuka
19:23 08-07-2011
0

სიახლეები პოპულარული