დღეს, "დინამოზე" ვისაუბრებთ და საგანგებოდ გვინდა გავუსვათ ხაზი ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის წარმატებას: ალექს გარსიას გუნდმა ორი მატჩის ჯამში მოლდოვურ "მილსამის" 5:1 აჯობა!
როცა ევროტურნირების კენჭისყრა მოეწყო, მაშინაც აღვნიშნეთ, რომ "დინამოსა" და "მილსამის" წყვილში ფავორიტის სტატუსი ქართულ გუნდს უნდა ჰქონოდა. ერთადერთი, რასაც ცოტა ვუფრთხოდით, "დინამოს" ფეხბურთელთა ერთმანეთში შეუთამაშებლობა უნდა ყოფილიყო; ჰო, არავისთვის იყო გასაკვირვი, რომ "დინამოს", ფაქტობრივად, ახალი გუნდით უნდა ეასპარეზა ამ ევროტურნირებზე (თანაც,
როგორც "დინამოს" პრესატაშემ გიგა გვენცაძემ გვითხრა, "დინამოს" მოლდოვაში მშვენიერი დახვედრა ჰქონია: ჩვენი გუნდი კიშინიოვის ცენტრში კეთილმოწყობილ სასტუმროში დაბინავდა და იქ ყოფნის განმავლობაში ჩვენები მასპინძელთაგან მხოლოდ კეთილგანწყობას გრძნობდნენ. ანალოგიური სიტუაცია ყოფილა პატარა ქალაქ ორხეის კოხტა სტადიონზეც - მოლდოველმა ქომაგებმა ობიექტურად შეაფასეს მეტოქის სიძლიერე. სხვათა შორის, ორხეელებისათვის "დინამოსთან" შეხვედრა მართლაც გამორჩეული მნიშვნელობის იყო: ამ პატარა ქალაქის გუნდი ევროტურნირების ისტორიაში პირველ საშინაო მატჩს ატარებდა და სტადიონზეც (ჩინებული მინდვრის საფარით რომ თავს იწონებდა) სრული ანშლაგი ყოფილა.
პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, ალექს გარსიას შეგირდებს სანერვიულო არაფერი ჰქონდათ და პირველი ტაიმიც ჩვენთვის სასურველი თამაშის სცენარით წარიმართა; მოკლედ, "დინამოს" გასარისკი არაფერი ჰქონდა, მაშინ როცა მასპინძლებს ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მართებდათ. ჰოდა, მეორე ტაიმში თამაშიც "გაიხსნა", რითაც სწორი ტაქტიკით მოასპარეზე დინამოელებმა იხეირეს და "დინამოს" კაპიტანმა, 29 წლის ალექსანდრე კოშკაძემ ეფექტური გოლით, ფაქტობრივად, ამ წყვილში საბოლოო გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია.
მოვლენების ასეთ განვითარებას მასპინძლებიც შეეგუენ, მაგრამ მატჩის ბოლო წუთებზე ორხეის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა სამი გოლი იხილეს! სასიამოვნოა, რომ "დუბლით" გამოირჩა 23 წლის რობერტინიო, მაგრამ თბილისური მატჩის მსგავსად, ბრაზილიელმა განმეორებით შეხვედრაშიც გაფრთხილება მიიღო და მეორე ეტაპზე უელსულ "ლანელისთან" პირველ მატჩს გამოტოვებს.
"დინამოს" ქომაგები იმასაც შეამჩნევდნენ, რომ "დინამოს" შემადგენლობაში პირველი მატჩისგან განსხვავებით ალექს გარსიამ მოლდოვაში ორი ცვლილება განახორციელა: ძირითადში დაიწყეს თამაში 27 წლის გოგა ბერაიამ და 29 წლის ლადო ახალაიამ. სხვათა შორის, გარკვეული პაუზის მერე "დინამოში" დაბრუნებულმა ახალაიამ "მილსამისთან" განმეორებით მატჩში ბევრი იბრძოლა და ვიდრე მოედანზე იქნებოდა, მეტოქის მცველებს მუდამ პრობლემას უქმნიდა.
"დინამო" სამშობლოში გუშინ, 8 ივლისს ნაშუადღევს ჩამოფრინდა და 18 საათზე გუნდს უკვე ვარჯიშიც ელოდა! რა თქმა უნდა, დასვენებაც კარგია (მით უფრო, სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ), მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ექვს დღეში "დინამოს" მომდევნო რაუნდის მატჩი ელოდება; შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას "დინამო" სტუმრად უელსურ "ლანელისთან" ჩაატარებს.
ჩვენი გუნდი თბილისიდან, სავარაუდოდ, სამშაბათს გამთენიისას გაემგზავრება: ჯერ სტამბოლში ჩაფრინდება, იქიდან ლონდონში და ამის შემდეგ ავტობუსით გეზს უელსისკენ აიღებს.
ადრეც ვთქვით და კვლავაც გავიმეორებთ, რომ "დინამოს" რეალურად ხელეწიფება "ლანელის" ბარიერის დაძლევა; თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ალექს გარსიას უკვე შეეძლება თანამემამულე ფეხბურთელების ევროტურნირების განაცხადში შეყვანა და "დინამოს" ქომაგებიც 30 წლის ხისკოს, 26 წლის იაგუესა და 23 წლის კოტოს დებიუტის მოლოდინში არიან. დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა "დინამოს" ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს, 26 წლის ლევან ხმალაძეს და ყოველივე აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბში მართლაც სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში, ძირითად შემადგენლობაში კი არა, 18-კაციან განაცხადში ვინ მოხვდება, ამის გამოცნობაა ძნელი...
ევროსტატისტიკას ესენი გააუმჯობესებენ?
ახლა კი რამდენიმე სიტყვით "დინამოს" მომავალ მეტოქეზეც ვთქვათ; უელსური "ლანელი", როგორც ბრიტანული გუნდების უმრავლესობა, ძალიან ძველი კლუბია - 1896 წელს არის დაარსებული. საშინაო მატჩებს გუნდი "სტებუნხეტ პარკზე" ატარებს, 3700 მაყურებელს რომ იტევს. კლუბის პრეზიდენტი ნიტინ პარეკი გახლავთ, მეპატრონე კი რობერტ ჯონსი, - ცნობილი კინოვარსკვლავის, კეტრინ ზეტა-ჯონსის ბიძა!
"ლანელი" უელსის ხუთგზის ჩემპიონია (ბოლო ტიტული 2008 წელს მოიპოვა), არაერთხელ დაუკავებია საპრიზო ადგილი, ხოლო თასის გათამაშებაში სამჯერ გაუმარჯვია. უელსის ლიგის თასის წლევანდელ ფინალში "ლანელი" ძალიან ახლოს იყო ეს ტიტულიც მოეპოვებინა, მაგრამ მართლაც დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა ბოლო წლების უელსის საუკეთესო გუნდ "ლანტსანფრეიდთან" (3:4 - დამატებით დროში). სამაგიეროდ, წლეულს 8 მაისს გუნდმა თავის ტიტულებს უელსის თასი მიუმატა: ქვეყნის ჩემპიონი "ბანგორი" დიდი ანგარიშით 4:1დაამარცხა.
რაც შეეხება უელსულ პრემიერლიგას, გუნდი ნელ-ნელა თმობდა პოზიციებს: "ლანელი" 2008 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მომდევნო ორ სეზონში მეორე ადგილზე გადიოდა, წლეულს კი გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა.
"ლანელის" შემადგენლობაში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა 38 წლის სტივ ჯენკინსის, 32 წლის უინ ტომასის, 35 წლის რიჩარდ აპლების, 31 წლის კრის ჰოლოვეისა და 31 წლის კრის ლეველინის სახელ-გვარი ფეხბურთის ქართველი ქომაგისათვის ბევრს არაფერს წარმოადგენს. იგივეს თქმა შეიძლება გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, 31 წლის რის გრიფიტსზე, რომელმაც წინა სეზონში უელსის ჩემპიონატში 28 მატჩში 25 გოლი გაიტანა.
"ლანელის" შემადგენლობაში ყველაზე "ცნობადი სახე" გუნდის კიდევ ერთი ვეტერანი, 38 წლის ნახევარმცველი ჯეისონ ბოუენი გახლავთ; ბოუენს სხვადასხვა დროს ინგლისური "ბირმინგემისა" და "რედინგის", აგრეთვე უელსურ გრანდებში "კარდიფსა" და "სუონსიში" უთამაშია და ინგლისის პირველ და მეორე დივიზიონებში, საერთო ჯამში 500-მდე მატჩიც ჩაუტარებია! ეგ კი არა, 1997 წელს "საუთჰემპტონის" შემადგენლობაში 3 შეხვედრა ინგლისურ პრემიერლიგაშიც ჩაატარა, ხოლო ორჯერ უელსის ნაკრებში აქვს ნათამაშები.
ბოუენზე არანაკლებ შთამბეჭდავი კარიერა აქვს გუნდის მოთამაშე-მწვრთნელს, 44 წლის ენდი ლეგს, ვისაც კარიერის განმავლობაში უთამაშია: "სუონსიში", "ნოთს ქაუნთში", "ბირმინგემში", "იფსვიჩში", "რედინგში", "პეტერბოროში", "კარდიფ სიტიში", 2007 წლიდან კი "ლანელიშია". ენდი ლეგი 1996-2001 წლებში უელსის ნაკრებში თამაშობდა და 6 მატჩიც ჩაატარა; 2009 წლიდან კი "ლანელის" მოთამაშე-მწვრთნელია და არ არის გამორიცხული, რომ 44 წლის ლეგი "დინამოსთან" მატჩშიც ვიხილოთ. ცნობისათვის: უელსის ბოლო ჩემპიონატში ლეგმა 18 შეხვედრა ჩაატარა (აქედან 9 - ძირითადში) და ერთხელ მოედნიდან გააძევეს...
დაბოლოს, იმასაც ვიტყვით, რომ "ლანელის" ევროტურნირებზე ოთხჯერ უასპარეზია და პირველი ეტაპი... არც ერთხელ გადაულახავს!..
ოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"