ახალმა აღმასკომმა ძველები დაამტკიცა

AutoSharing Option
გუშინ ფეხბურთის ფედერაციის ახალარჩეული აღმასრულებელი კომიტეტის წევრები პირველად შეიკრიბნენ. სხდომას მხოლოდ ოთხი წევრი ვერ დაესწრო გადაუდებელი საქმეების გამო - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მისი მოადგილე დავით ნამგალაური, აფხაზეთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე და პარლამენტარი გიორგი ასანიძე.

პირველად აღმასკომმა ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის საკითხები განიხილა. ცვლილებები მოსალოდნელი არ იყო და გენერალურ მდივნად კვლავ რევაზ არველაძე იმუშავებს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებად - გია ფირცხალავა და ალექსანდრე ჩივაძე.

აღმასკომს ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გააცნო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წერილი, რომელშიც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში
ლანჩხუთის "გურია 2000"-ის ნაცვლად "გურიას" დაშვებას ითხოვდნენ. გურულები ამ საკითხს დიდი ხანია აყენებენ, რადგან სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო ჯგუფები გუნდის დაფინანსებას აპირებენ, "გურია 2000"-ის ანგარიშზე კი თანხას ვერ რიცხავენ. საქმე ისაა, რომ ერთი წელია, გუნდს 90 ათას ლარიანი დავალიანება პლუს ჯარიმები დაუგროვდა და ანგარიში დაუყადაღეს. ვალი დიდი არ არის, მაგრამ მუნიციპალიტეტი და დაინტერესებული ჯგუფები ვალების გასტუმრებას არ აპირებენ.

მოკლედ, არც ისე დიდი ვალი გუნდის არსებობას საფრთხეს უქმნიდა. საკითხი გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ აღმასკომზე გასულ წელსაც დააყენა, მაგრამ მაშინ განხილვა გადაიდო. ახლა კი აღმასკომის წევრებმა გადაწყვიტეს, ლანჩხუთის გუნდს ახალი ძველი სახელით ("გურია") მისცენ პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება.

"შეიძლება ითქვას, რომ აღმასკომის ამ გადაწყვეტილებამ "გურია" გააცოცხლა, რადგან ახლა ანგარიშის გახსნისა და თანხის მიღების უფლება გვექნება,
დამფინანსებლები კი აუცილებლად გამოჩნდებიან - წლეულს "გურიას" უმაღლესში დაბრუნება სურს და, როგორც გვითხრეს, კარგი ბიუჯეტი გვექნება", - გვითხრა ებრალიძემ.

ზვიად სიჭინავამ დაწვრილებით ილაპარაკა ფედერაციის მიერ ფოთის, გორისა და ქობულეთის სტადიონების მოედნების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერის ჩაშლის მიზეზებზე. მისი თქმით, პირობები გამკაცრდა - სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს მოედნების 5-8 წლიანი გარანტიით ჩაბარებასა და საუკეთესო სადრენაჟო სისტემის მოწყობას სთხოვენ.

გადაწყდა, რომ სტადიონებზე მიმდინარე სამუშაოებს აღმასკომის წევრებისგან შექმნილი კომისია გააკონტროლებს. მას ზვიად სიჭინავა უხელმძღვანელებს, წევრები კი იქნებიან ვარძელაშვილი, ნამგალაური, ასანიძე, ჩივაძე, ფირცხალავა და არველაძე.

სერგო კვარაცხელიამ სხდომაზე დააყენა საკითხი კომპლექსური სასპორტო სკოლებიდან საფეხბურთო სკოლების გამოყოფის, მათი იურიდიულ პირად ჩამოყალიბებისა და ცალკე დაფინანსების შესახებ. ამის თაობაზე ფედერაციის ბოლო ყრილობასა და წინა აღმასკომზეც ილაპარაკეს. კვარაცხელიას აზრი ყველამ გაიზიარა და დღეიდან პროექტის დამუშავებას დაიწყებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული