"დინამომ" "გაგრას" რეპორტაჟი დაუთმო

AutoSharing Option
დღეს, 13 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ზესტაფონი" მოლდოვის "დაჩიას" უმასპინძლებს. ჩვენი მაყურებელი მატჩს ვერც ერთი ქართული არხით ვერ ნახავს, რადგან "ზესტაფონსა" და "საზოგადოებრივ მაუწყებელს" შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა, კლუბმა მატჩის დაწყების დროდ 20 საათი დათქვა, ამ დროს კი, მოგეხსენებათ, "საზოგადოებრივზე" "მოამბე" იწყება.

მართალია, ამან გულშემატკივარი გააღიზიანა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტელევიზიისთვის საეთერო ბადე, ფაქტობრივად, კონსტიტუციაა, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ შეიცვლება.

"ზესტაფონთან" შეუთანხმებლობითა და ჩაშლილი რეპორტაჟით არხის სპორტული მიმართულების პროდიუსერი დავით მინაშვილი გულდაწყვეტილია.

" საქართველოს ჩემპიონის მატჩის
ჩვენებისა და მაყურებლის გახარების დიდი სურვილი გვქონდა, მაგრან "ზესტაფონმა" მატჩის დაწყება 20 საათზე გადაწყვიტა.
კლუბმა უარი თქვა "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მისაღებ დროზე, 21 საათზე. მხოლოდ ეს იყო მიზეზი და არა სხვა რამ, რაც ითქვა. არ მესმის ბავშვური ქვეტექსტებით ლაპარაკი, თითქოს არ გვსურს "ზესტაფონის" მატჩის ტრანსლირება. ჩვენი ჩემპიონია და გუნდის იმედი გვაქვს. იმის თქმა, რომ არ გვსურს რეიტინგული მატჩის გადაცემა, აბსურდია", - გვითხრა მინაშვილმა.

მისივე თქმით, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" უპრობლემოდ შეუთანხმდა ევროთასებზე მოასპარეზე დანარჩენ სამივე ქართულ კლუბს და "გაგრას" და რუსთავის "მეტალურგის" საშინაო რეპორტაჟებს აჩევენებს.

ხვალ, 14 ივლისს 21 საათზე შეგიძლიათ იხილოთ "გაგრას" საგარეო მატჩი ლარნაკაში "ანორთოსისთან". კლუბებთან მოლაპარაკებისას გადაწყდა, რომ მაყურებელი უელსის "ლანელისთან" თბილისის "დინამოს" საშინაო მატჩსაც ვერ იხილავს, მაგრამ მიზეზი დინამოელთა ტელევიზიასთან შეუთანხმებლობა როდია - "გაგრა"- "ანორთოსისის" მატჩი ზესტაფონში 21 საათზე დაიწყება, ისევე, როგორც თბილისში "დინამო"-"ლანელი". თბილისელთა აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" კლუბის მართლაც რომ საზოგადოებრივი პოზიცია დააფიქსირა - "გაგრას" ევროთასზე გასვლა საქართველოსთვის იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, აჯობებს, მათი მატჩი გადასცეთო.

პირდაპირი რეპორტაჟების განრიგი:
14 ივლისი
"მეტალურგი"- "ირტიში" 18:00
"ანორთოსისი"-"გაგრა" 21:00

21 ივლისი
"გაგრა"- "ანორთოსისი" 21:00

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" და "ზესტაფონი" თამაშების ტრანსლირებაზე ვერ თანხმდებიან - როდესაც დაისვა კითხვა, რატომ არ აჩვენებდა "საზოგადოებრივი" "ზესტაფონის" მეტ საშინაო მატჩს ეროვნულ ჩემპიონატში, მაშინაც იგივე გაირკვა - კლუბი ტელევიზიას მიუღებელ დროს სთავაზობდა.

თუმცა ახალ სეზონში ვითარება უნდა შეიცვალოს, რადგან ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული პირველობის პოპულარიზაციისთვის მატჩების რეპორტაჟებზე "საზოგადოებრივთან" შეთანხმებას მიაღწია, ცენტრალური მატჩები კი 18 საათზე უნდა დაიწყოს.

გვინდა თუ არა, 21-ე საუკუნე ტელევიზიისა და მას ყველა ანგარიშს უწევს: 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი მეხიკოს "აცტეკას" სტადიონზე დღის 12 საათზე ტელევიზიის მოთხოვნით დაინიშნა, ამერიკაში ჩასატარებელ მატჩს ევროპელები პირდაპირ ეთერში მხოლოდ ასე იხილავდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მაინც არავინ უყურებს მაგ მოამბეს
otar
10:33 14-07-2011
0
უფრო და უფრო ვბრაზდები!!! პირველი ტაიმი 3:0 დამთავრდა. ამისთანა თამაშის არ ჩვენება შეიძლებოდა? მოამბის მეტს არაფერს უნდა აყურებინო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა.
Giorgipirweli
20:53 13-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული