ერთი კვირაა, საქართველოს თასის მფლობელი კვიპროსში ემზადება. "გაგრას" უსაფრთხოების ოფიცერი მიშა აფხაზავა კვიპრულ მომზადებაზე გველაპარაკა:
კვიპროსზე 90-იანები გაგვახსენეს
7 ივლისს ჩამოვედით ლიმასოლში და სასტუმრო "ეპისკოპიანეში" დავბინავდით. გუშინ, 13 ივლისს დელეგაციას კლუბის პრეზიდენტი ბესიკ ჩიხრაძე შემოუერთდა.
სხვათა შორის, ამის გამო ორი დღე პრობლემები შეგვექმნა: კვიპროსში სამხედრო ბაზა აფეთქდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და რამდენიმე დღე კუნძულზე შუქი გრაფიკით
თუმცა კვიპროსში ცუდ პირობებზე წუწუნი უხერხულია, აქ ისეთი სავარჯიშო პირობებია და ისეთ მოედნებზე ვვარჯიშობთ, ნეტა საქართველოშიც ასეთზე ვთამაშობდეთ. მატჩი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება და შესაბამისად, ზუსტად ამ დროს ვივარჯიშეთ ლიმასოლის "აპოლონიას" სტადიონზე, ჩინებული საფარია, განათების ქვეშ და ცხადია, ბალახი ამ დროს მორწყულია. გვაქვს ინფორმაცია, რომ თამაშის წინ მინდორს მორწყავენ, რაც აქ მიღებული წესია, ვინაიდან ისეთი სიცხეა, მთელი დღის მანძილზე გაუსაძლისი მდგომარეობაა. ამას გარდა, როგორც ჩანს, სწრაფი თამაშისთვის ემზადებიან.
რაც მთავარია, "ანორთოსისის" თავაკაცებმა გვითხრეს, ელექტროენერგიის პრობლემების გამო თამაშზე არანაირი შეფერხება არ იქნება.
ვისია თემურ ქეცბაია?
ჩემდა გასაოცრად, კვიპროსში ჩვენს მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ, პრესკონფერენციის უფრო ადრე დაწყება სურდათ, უფრო მეტი ვილაპარაკოთო. "გაგრა" კარგად დაიმახსოვრეს, ხოლო ქეცბაიას სახელი ყველას პირზე აკერია.
ვიპ ლოჟის ასასვლელში დიდი ჰოლია, სადაც გამოფენილია ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის გამოსვლის სურათები, მაგარი ფოტოა თემურ ქეცბაია და ჟოზე მოურინიო ერთად რომ გადაიღეს. სიამაყით ავივსე, ქართველ კაცს ამ ქვეყანაში უდიდეს პატივს სცემენ.
თემური მათი კერპია. "ანორთისისის" თამაშზე რომ მივდიოდით, ფანების ერთ-ერთ თავკაცი გამომელაპარაკა, თემური ჩვენი გმირია და საერთოდ, ჩვენიაო...
- თემური ქართველია და როდესაც თქვენთან მუშაობდა, მთელი საქართველო "ანორთოსისს" ქომაგობდა-მთქი და გადაირია. მაგრამ ახლა რას იზამთო?
- ახლა თემური არ გყავთ და ამიტომ მოგიგებთ-მეთქი... კი არ გაბრაზდა, გადამეხვია, მაგარი თბილი ხალხია...
თემური კი თავს გადაგვყვა, ჯერ აეროპორტში შეგვხვდა, შემდეგ სასტუმროში გვესტუმრა, ფეხბურთელები დააიმედა... იგივეს ვიტყვი "ანორთოსისის" ყოფილ თავდამსხმელ კობა წიტაიშვილზეც.
სამწუხაროდ, დედის ორმოცის გამო თემური საქართველოში გამოფრინდა და მატჩს ვეღარ დაესწრება.
"გაგრას" სჯერა - აქ სენსაცია დატრიალდებაო
გაკვირვებულები არიან კვიპროსელები, "გაგრა" მატჩამდე ერთი კვირით ადრე რომ ჩამოვიდა, ჩვენ ორმხრივ თამაშზე დამკვირვებელი გამოაგზავნეს, რომელსაც მთელი თამაშის დროს ტელეფონი ხელიდან არ გაუგდია.
ჩვენ კი დავესწარით "ანორთოსისის" ამხანაგურ მატჩს ბულგარეთის კლუბთან, პლოვდივის "ლოკომოტივთან". მათი ბევრი ფანი არ მოსულა, რამაც გამაოცა. მაგრამ ვინც იყო, კარს უკან განთავსდნენ და ისე ომახიანად დასცხეს და ისეთი იმღერეს, გაოცებული დავრჩი. ეტყობა, მატჩისას აგრესიულებიც არიან, მეორე ტაიმში ბულგარელ მეკარეს შეუტიეს, მაგრამ მალე დაწყნარდნენ.
თამაში "ანორთოსისმა" 2:0 მოიგო, უმეტესად ლეგიონერები ჰყავთ, პორტუგალიიდან, კოლუმბიიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, ჰოლანდიდან. პისკოვეცს მოეწონა გუნდიც და რამდენიმე ფეხბურთელიც, ბევრი რამ ჩაინიშნა. მაგრამ მეორე დღეს ბიჭებს განხილვაზე იმედიანად ელაპარაკა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თამაში ყველა გუნდთან შეიძლება, თუ დავალებებს შეასრულებთ, დიდი შანსია, სახლში დადებითი შედეგით გავემგზავროთო. ცხადია, მონახაზიც აქვს, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ.
საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. ალბათ, "ანორთოსისი" ყვითელი მაისურებით ითამაშებს, ჩვენ - ლურჯით. მეტოქის ყვითელი მაისურები კი კარგად დაგვებედა. ყოველ შემთხვევაში, მაგარ განწყობაზე ვართ, ბიჭები ფიზიკურად კარგად მომზადებულები არიან, წასაგებად არ ჩამოვსულვართ და გვჯერა, რომ ლიმასოლში სენსაციის სუნი ტრიალებს.
* * *
გუშინ საღამოს ლიმასოლის სტადიონზე ანატოლი პისკოვეცმა პრესკონფერენცია გამართა, თბილისის დროით 21 საათზე კი ერთსაათიანი ვარჯიში ჩაატარა.
"ადონის პაპადოპულოსის" სახელობის სტადიონზე პრესკონფერენციას პისკოვეცთან ერთად გუნდის კაპიტანი გიორგი ტყეშელაშვილიც დაესწრო.
პისკოვეცი: "მატჩზე სათქმელი ბევრი არაფერია. კლიმატი სულაც არ არის საჩვენო. ცხელა და ეს ცუდია, მაგრამ ფეხბურთს ასეთ სიცხეშიც თამაშობენ. აქ უკვე ერთი კვირაა, რაც ჩამოვედით, გუნდმა აკლიმატიზაცია გაიარა და ბიჭების მომზადებით კმაყოფილი ვარ."
ტყეშელაშვილი: "ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენს ქომაგებს ვპირდებით, რომ ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, სამშობლოში კარგ ხასიათზე დავბრუნდეთ."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კვიპროსელები ორი თავით ძლერები და გამოცდილები არიან, მარა დასაკარგი არაფერია, ბრძოლა თუ იქნება - დაგვიფადება. თუ წავაგეთ - არც ეგაა პრობლემა, დებიუტია და გამოცდილებას მაინც შევიძენთ.