ჩვენ და ევრომეტოქეები - არაერთგვაროვანი ბალანსი

AutoSharing Option
ვერაფერს ვიტყვით - მართლაც მშვენიერი განცდაა, როცა ოთხივე ქართული გუნდი ევროტურნირებში მონაწილეობას განაგრძობს; ისიც ვისურვოთ, რომ ოთხივე ჩვენი გუნდისთვის წლევანდელი ევროთასები რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგისა თუ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სულ მცირე, სამი ქართული გუნდი რომ ვიხილოთ, არავის გაუკვირდეს!

თბილისის "დინამოს", რუსთავის "მეტალურგსა" და "გაგრას" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნის გუნდებთან მოუწევთ პაექრობა. უელსურ, კვიპროსულ და ყაზახურ კლუბებთან (გნებავთ, ნაკრებებთან) ბალანსს რაც შეეხება, აქ აშკარად არაერთგვაროვანი სიტუაციაა და თავადაც დარწმუნდებით, ქვემოთ მოყვანილ სტატისტიკას
თუ გაეცნობით.


ტკბილი მოგონებები
ქართული გუნდებიდან ევროტურნირებზე ყველაზე მეტი მატჩი თბილისის "დინამოს" აქვს ჩატარებული. ეგ კი არა, 1994 წლიდან მოყოლებული, ევროთასებს ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა ამ 17 წლის განმავლობაში "დინამო" არასდროს შეხვედრია უელსურ კლუბებს.

და აი, "ლანელისთან" დაპირისპირების დროც დადგა, სადაც აშკარა ფავორიტის სტატუსი სწორედ "დინამოს" აქვს და, წესით, თბილისელებს მომდევნო ეტაპზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ.

ისე, ევროტურნირებზე ქართული და უელსური კლუბების გზები ერთხელ უკვე გადაიკვეთა, მაგრამ იმ დროს "დინამო" საბჭოთა კავშირის სახელით ასპარეზობდა - 1976 წელს თასების მფლობელთა თასის 1/16-ფინალის ორმატჩიან დაპირისპირებაში "კარდიფ სიტის" რომ სძლია. პირველი შეხვედრა 15 სექტემბერს ჩატარდა და უელსური კლუბის გამარჯვებით (1:0) დამთავრდა ორი კვირის მერე გამართული განმეორებითი მატჩი კი დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა და ნოდარ ახალკაცის შეგირდებმა ბრიტანელთა კარში სამი უპასუხო ბურთი (ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, ფირუზ კანთელაძე) გაიტანეს. 1976 წლის 29 სექტემბერს ჩატარებული ეს შეხვედრა იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ იმ დღეს "დინამოს" სტადიონი გაიხსნა და 90 000Uგულშემატკივრის თვალწინ დინამოელებს, უბრალოდ, უფლებაც არ ჰქონდათ "სხვანაირად" ეთამაშათ...

სამწუხაროდ, თანამედროვე ფეხბურთში იშვიათია ის ქვეყნები, რომელთა კლუბებთან თუ ნაკრებთან ქართველებს დადებითი ბალანსი ჰქონდეთ. ერთ-ერთ ასეთ გამონაკლისს უელსი წარმოადგენს - სანაკრებო დონეზე სამჯერ შევხვდით და სამივეჯერ ვაჯობეთ! პირველი დაპირისპირება ჩვენი ნაკრებისთვის სადებიუტო ციკლში (1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი) იყო, როცა ორი სასტარტო მარცხის (მოლდოვასთან და ბულგარეთთან) მერე ნანატრი გამარჯვება ვიზეიმეთ.

1994 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურ დონეზე პირველი მატჩი მოიგო, თანაც, ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა ინგლისურ პრემიერლიგაში მოასპარეზე ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ უელსის ნაკრებს 5:0 სძლია! იან რაში, მარკ ჰიუზი, ნილ საუთჰოლი, დენი სონდერსი, - აი, უელსის იმდროინდელი ნაკრების ვარსკვლავები (ერთადერთი, რაიან გიგზი აკლდათ), შთამბეჭდავად მოასპარეზე საქართველოს ნაკრებთან რომ ვერაფერს გახდნენ. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "ევერტონის" მეკარე საუთჰოლის კარში გოლები გაიტანეს თემურ ქეცბაიამ (ორი), გიორგი ქინქლაძემ, შოთა არველაძემ და გოჩა გოგრიჭიანმა. არანაკლებ შთამბეჭდავი იყო უელსელებთან მეორე გამარჯვებაც: 1995 წლის 7 ივნისს კარდიფის "არმზ პარკზე" გიორგი ქინქლაძემ მართლაც იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა უელსელთა კარში და ის მატჩიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დამთავრდა.

2008 წლის 20 აგვისტოს საქართველოს ნაკრები კვლავ ეწვია უელსს, ოღონდ ამჯერად ამხანაგური მატჩის საჩატარებლად. მაშინაც ყველაფერი ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდა: პირველ ტაიმში მასპინძელთა ნახევარმცველმა ჯეისონ კუმასმა გახსნა ანგარიში, მაგრამ შესვენების შემდეგ ლევან ყენიასა და ბექა გოცირიძის გოლებით გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა. სხვათა შორის, ეს იყო ექტორ რაულ კუპერის სადებიუტო მატჩი საქართველოს ნაკრების მთავრი მწვრთნელის რანგში, ოღონდ, ამ გამარჯვებას... 15-მატჩიანი მოუგებელი სერია მოჰყვა.

გამოცდილების ფაქტორი
"გაგრა" ევროთასების დებიუტანტია და ქართული გუნდებიდან, ალბათ, ყველაზე მეტად არ გაუმართლა - სხვა მეტოქეებისგან განსხვავებით, კვიპროსული "ანორთოსისი" ევროპის საკლუბო ტურნირებზე, ფაქტობრივად, ყოველწლიურად ასპარეზობს, გამოცდილებას კი, მოგეხსენებათ, დიდი მნიშვნელობა აქვს.

საერთოდ კი, ქართული და კვიპროსული გუნდები ევროტურნირებზე არასდროს შეხვედრიან, რაც შეეხება სანაკრებო დონეს, სამწუხაროდ, სტატისტიკა მეტოქის უპირატესობაზე მეტყველებს: საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებებმა ერთმანეთში 5 მატჩი ჩაატარეს და მხოლოდ ერთხელ გავიმარჯვეთ (ერთი შეხვედრა ფრედ დამთავრდა, სამჯერ კი წავაგეთ). ამ ხუთი მატჩიდან სამი ამხანაგური იყო: 1992 წლის 22 დეკემბერს 0:1 წავაგეთ (ჩვენს ნაკრებს გიგა ნორაკიძე წვრთნიდა), 1996 წლის 27 მარტს თემურ ქეცბაიასა და გოჩა ჯამარაულის გოლებით 2:0 მოვიგეთ, ხოლო 2004 წლის 19 თებერვალს 1:3 დავმარცხდით. თუმცა მესამე შემთხვევაში კვიპროსელების წინააღმდეგ თბილისის "დინამომ" იასპარეზა, ამ კუნძულზე წინასასეზონო შეკრებას რომ გადიოდა, ანუ საქართველოს ნაკრები პირობითად ერქვა, რადგან დინამოელთა გარდა ჩვენს გუნდში ორი-სამი ლეგიონერი (ვიტალი დარასელია, ლევან კორღალიძე...) და კვიპროსზე მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ. კვიპროსელთა კარში ის ერთადერთი ბურთიც "ანორთოსისში" მოასპარეზე გიორგი გაბიდაურმა გაიტანა...

რაც შეეხება დანარჩენ ორ მატჩს, ორივე ოფიციალური იყო და წინა შესარჩევ ციკლში ჩატარდა: თბილისში კვიპროსელებთან 1:1 ვითამაშეთ, სტუმრად კი 1:2 დავმარცხდით.

უსიამოვნო სტატისტიკა
რუსთავის "მეტალურგს" ჩინებული შანსი აქვს, რომ ქართულ-ყაზახური კლუბების დაპირისპირებაში არსებული ბალანსი მცირედით მაინც შეცვალოს. მართლაც უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ევროტურნირებზე ყაზახურ გუნდებს სამჯერ შევხვდით და მომდევნო ეტაპზე სამივეჯერ ყაზახები გავიდნენ!

ევროტურნირებზე ყაზახებს პირველად 2007 წელს შევხვდით და რუსთავის "ოლიმპისა" და "ასტანას" დაპირისპირებაში ყაზახებმა იმარჯვეს: აქაური მატჩი ნულოვანი ფრით დამთავრდა, ყაზახეთში კი მასპინძლებმა 3 უპასუხო ბურთი გაიტანეს. სხვათა შორის, "მეტალურგისა" და "ირტიშის" დღევანდელ მატჩში იმ ფეხბურთელებსაც ვიხილავთ, ოთხი წლის წინ "ოლიმპისა" და "ასტანას" შეხვედრებში რომ მონაწილეობდნენ: მიხეილ მახვილაძეს, სერგი ორბელაძეს, რევაზ გეწაძეს, ალექსანდრ კუჩმას.

"ოლიმპი" და "ასტანა" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდნენ, მანამდე კი ყაზახებისგან მარცხის სიმწარე უკვე ნაწვნევი გვქონდა. "ზესტაფონი" პირველად მონაწილეობდა ევროტურნირზე და სადებიუტო მატჩი სტუმრად "ტობოლთან" დიდი ანგარიშით (0:3) წააგო. განმეორებითი შეხვედრა ჩვენებმა კარგად დაიწყეს და პირველ ტაიმში ორი ბურთიც გაიტანეს, მაგრამ შესვენების შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და მომდევნო ეტაპზე ყაზახები გავიდნენ.

იმედგაცრუება გველოდა შარშანაც: რუსთავის "ოლიმპი" მეორედ თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაში და საკვალიფიკაციო ეტაპზე კვლავაც ყაზახურ გუნდს გადაეყარა. "აქტობე" ბევრად უფრო მაღალი კლასის გუნდი იყო, ვიდრე "ასტანა" ან "ტობოლი", თუმცა მასთანაც შეიძლებოდა თანაბრად თამაში, რომ არა "ოლიმპის" მორიგი საკადრო უცნაურობა: რუსთაველთა გუნდის საჩემპიონო შემადგენლობიდან ევროტურნირებისთვის მხოლოდ 4 ფეხბურთელიღა იყო შემორჩენილი (გიორგი რეხვიაშვილი, თემურ ღონღაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ჭედია), დანარჩენები კი ახალწვეულები იყვნენ!

ასეა თუ ისე, "აქტობემ" შინ "ოლიმპი" 2:0 დაამარცხა, მეორე შეხვედრაში კი სასურველ შედეგს (1:1) მიაღწია (მეორე ტაიმში სტუმრებმა, ფაქტობრივად, ცალკარა ითამაშეს - იმხელა უპირატესობა ჰქონდათ) და მომდევნო ეტაპზეც გავიდა. მართლაც უცნაური მატჩი იყო: პირველი ტაიმის შემდეგ "ოლიმპი" 1:0-ს იგებდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდის ნაცვლად შეტევას შეტევაზე სტუმრები ახორციელებდნენ და აქტიური თამაში ბოლოს დაუფასდათ კიდეც.

რაც შეეხება სანაკრებო დონეზე ქართულ-ყაზახურ დაპირისპირებას, ამ შემთხვევაში დადებითი ბალანსით შეგვიძლია თავი მოვიწონოთ. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებები ერთ ჯგუფში მოხვდნენ; სტუმრად (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაიოზ დარსაძეს დებიუტი რომ ჰქონდა) გიორგი დემეტრაძის დუბლით გავიმარჯვეთ (2:1). მეორე მატჩი კი, 2005 წლის 8 ნოემბერს რომ ჩატარდა თბილისში, ნულოვანი ფრით დამთავრდა, არადა, მოგების დიდი შანსიც გვქონდა, მაგრამ იმავე დემეტრაძემ პენალტი ვერ გამოიყენა...

ჩვენ და ყაზახები
ჩემპიონთა ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
ოლიმპი (რუსთავი)-ასტანა (ყაზახეთი) 0:0
17. 07. 2007. რუსთავი. ფოლადი. 4000 მაყურებელი
ოლიმპი: მერლანი-მახვილაძე, ჭიჭვეიშვილი, ორბელაძე, ნავალოვსკი _ აკუასაგა, სილაგაძე (66. კოშკაძე), ჟივკოვიჩი (46. ჯიქია), გეწაძე-დვალიშვილი, დვალი (56. მასუანგა).
გაფრთხილება: დვალი, გეწაძე; ტოდოროვი, ჟალმაგამბეტოვი, ჩიჩულინი, კუჩმა.
არბიტრი: მ. ბორსკი (პოლონეთი)


ასტანა-ოლიმპი 3:0
24. 07. 2007. კუსტანაი. ცენტრალური. 4000 მაყურებელი
1:0 კუჩმა (12), 2:0 ტლეხუგოვი (55), ჟალმაგამბეტოვი (84)
ოლიმპი: მერლანი-მახვილაძე, ჭიჭვეიშვილი (51. დვალი), ორბელაძე, ნავალოვსკი-აკუასაგა, სილაგაძე, ჟივკოვიჩი, ქებაძე (66. კოშკაძე)-კახელიშვილი (70. დვალიშვილი), ჯიქია
გაფრთხილება: ტოდოროვი, ბოიჩენკო; სილაგაძე
გაძევება: ჯიქია
არბიტრი: ვ. ბანარი (მოლდოვა)


ინტერტოტოს თასი
ტობოლი (ყაზახეთი)-ზესტაფონი 3:0
23. 06. 2007. კუსტანაი. ცენტრალური. 6500 მაყურებელი
1:0 ჟუმასკალიევი (61), 2:0 ბალტიევი (63), 3:0 ბაკაევი (73)
ზესტაფონი: ჭანტურია-საჯაია, თოდუა, სანტოსი (35. გ. ჩხეტიანი), რ. ონიანი-ჟონატასი (46. ნ. კვასხვაძე), კესანი, კ. ჩხეტიანი, გ. ნუგზარის ძე ჭელიძე, ვიეირა (70. სანაია)-ფიფია
გაფრთხილება: ხარაბარა; საჯაია, რ; ონიანი.
არბიტრი: მ. იუგი (სლოვენია)

ზესტაფონი-ტობოლი 2:0
30. 06. 2007. თბილისი. მიხეილ მესხი. 1500 მაყურებელი
1:0 საჯაია (3), 2:0 კ. ჩხეტიანი (37)
ზესტაფონი: ჭანტურია-საჯაია, სანტოსი, თოდუა, რ. ონიანი,-ნ. კვასხვაძე, ბენაშვილი (60. ჟონატასი), კესანი, კ. ჩხეტიანი, ვიეირა (90. შ. ღონღაძე)-ფიფია
გაფრთხილება: საჯაია, ფიფია; ბალტიევი, ოსტაპენკო
არბიტრი: ვ. სვილიკოში (ხორვატია)


ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი
აქტობე (ყაზახეთი)-ოლიმპი (რუსთავი) 2:0
14. 07. 2010. აქტობე. `ორტალიკი~. 10 000 მაყურებელი
1:0 სმაკოვი (40, პენალტით), 2:0 სმაკოვი (53)
ოლიმპი: ბედიაშვილი-თ. ღონღაძე, კვახაძე, რეხვიაშვილი, ქემოკლიძე-გ. ნუგზარის ძე ჭელიძე (86. დოლიძე), რაზმაძე, ბოლქვაძე (75. ხიდეშელი), გეწაძე-ჭედია (56. დობროვოლსკი), მოდებაძე.
გაფრთხილება: ღონღაძე
არბიტრი: ბ. ილდირიმი (თურქეთი)

ოლიმპი-აქტობე 1:1
21. 07. 2010. რუსთავი. ფოლადი. 4200 მაყურებელი
1:0 რეხვიაშვილი (30), 1:1 ტლეშევი (90)
ოლიმპი: ბედიაშვილი (79. ბათიაშვილი)-თ. ღონღაძე, კვახაძე, რეხვიაშვილი, ქემოკლიძე-გ. ნუგზარის ძე ჭელიძე (68. დოლიძე), რაზმაძე, დობროვოლსკი, ბოლქვძე, გეწაძე (53. ჭედია)-მოდებაძე
გაფრთხილება: ქემოკლიძე, დობროვოლსკი; კარპოვიჩი, ხაირულინი, გოლოვსკოი, ბა, ბონო
არბიტრი: ა. დეაფონუ (რუმინეთი)

ფოტოზე: 2007 წლის 17 ივლისი. "ოლიმპი"-"ასტანა" 0:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული