გონჩარენკო საკმაოდ საინტერესო და გულახდილი მოსაუბრე გამოდგა.
- საინტერესოა, გუნდების კლასში რა განსხვავება დაინახეთ?
- არანაირი, ჩემი აზრით, "მეტალურგი" და "ირტიში" თანაბარი ძალის გუნდები, არიან, ეგაა, თქვენებს უფრო მეტი ინდივიდუალურად საინტერესო მოთამაშე ჰყავთ.
- თქვენი კლუბი მდიდარია?
- ჩვენ ყაზახეთში ყველაზე მდიდრები ნამდვილად არ ვართ, შეიძლება ითქვას, ბიუჯეტით თავს ვერც ვიწონებთ.
-
- ჩვენი წლიური ბიუჯეტი 4 მილიონი დოლარია.
- ყაზახურ საიტებზე 25 მილიონი დოლარი ეწერა.
- ასე იყო მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე, მერე კი ვითარება მკვეთრად შეიცვალა და გაუარესდა. 4 მილიონი დოლარიც გაზრდილი ბიუჯეტია, თორემ იყო პერიოდი, როცა საკმაოდ გაგვიჭირდა. ჩვენს სპონსორს გარკვეული ვალდებულებები გააჩნია ქვეყნის წინაშე და ყაზახეთში ბევრი სხვა სახეობისა თუ სფეროს დაფინანსება ევალება. ამ ოთხი მილიონისთვისაც მადლობა, თორემ კლუბი თავს ვერ შეინახავდა.
- 4 მილიონი დოლარი საქართველოში ყველაზე მაღალბიუჯეტიან "ზესტაფონს" აქვს.
- მეტი არა?! "მეტალურგის" ბიუჯეტი რამდენია?
- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თქვენზე სამჯერ ნაკლები მაინც იქნება, ესეც საუკეთესო შემთხვევაში.
- ვიცოდი, რომ საქართველოში კლუბებს არ ულხინდათ, მაგრამ ასეთ სხვაობას ვერც წარმოვიდგენდი. თუმცა ყველა აღიარებს, რომ ქართველებს მდიდარი ტრადიციები და ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავთ. დაფინანსებაში სერიოზული განსხვავების მიუხედავად, ასეთი კარგი გუნდს ყოლა უფრო დასაფასებელია. ალბათ, "მეტალურგს" ჩვენი ბიუჯეტი რომ ჰქონდეს, ბევრად ძლიერი იქნებოდა. ამას მისი შემადგენლობიდან გამომდინარე ვამბობ - რომ გადავხედე, თეთრი შური გამიჩნდა, სულ ქართული ფეხბურთის გაზრდილები გყავთ, ჩვენ კი გუნდს მოწვეულების ხარჯზე ვაკოწიწებთ, თორემ საკუთარი რესურსით უმაღლესი ლიგის გუნდებს სათანადოდ ვერც დავაკომპლექტებდით. ფულით მართლაც არ იზომება ყველაფერი.
- ყაზახურ ფეხბურთში საკმაოდ დიდი ფული ტრიალებს და მაინც მეორეხარისხოვან პოსტსაბჭოელ მოთამაშეებს იწვევთ. ევროპელების დამატება არ გირჩევნიათ?
- გვირჩევნია, მაგრამ იტალიიდან და ესპანეთიდან ყაზახეთში ვინ ჩამოვა?
- ახლახან თბილისის "დინამომ" პრიმერადივიზიონის ფეხბურთელი ჩამოიყვანა.
- მეხუმრებით? ჩვენთან პრიმერადივიზიონიდან ფეხბურთელის წამოყვანა უძნელესი საქმეა. რის საშუალებასაც ფინანსები და კავშირები გვაძლევს, ისეთ ფეხბურთელებს ვიწვევთ. ძლიერი ლეგიონერების გადმოსაბირებლად მხოლოდ ფული არ არის საკმარისი, კავშირებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
თუმცა ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საკუთარი საფეხბურთო სკოლა და ვიმედოვნებთ, რომ მალე გუნდში პავლოდარული სკოლის გაზრდილებიც ითამაშებენ. გულახდილად რომ ვილაპარაკოთ, ყაზახური სტილი არასოდეს არსებობდა. თავიდანვე ასე იყო - ჩვენი ფეხბურთი რუსულის მსგავსი იყო და დღესაც ასე გრძელდება, მაგრამ ბოლოდროინდელმა ტენდენციებმა დაგვარწმუნა, რომ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი, მათ შორის, სტილიც. თუმცა ჩვენ უფრო ძალისმიერი ფეხბურთი შეგვეფერება.
- ყაზახეთში საფეხბურთო სკოლები ფასიანია?
- არა, რა ფასიანი?! ჩვენთან შემორჩენილია სპორტული სკოლების საბჭოთა სისტემა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. სამი წლის წინ კი "ირტიშმა" საკუთარი სკოლა ააშენა.
- სკოლას კარგი ინფრასტრუქტურა აქვს?
- უმაღლესი ხარისხის ორი ხელოვნურსაფრიანი მოედანი მოვაწყვეთ. პავლოდარის ოლქი ციმბირს ესაზღვრება და ბუნებრივ საფარს ვერ დავაგებთ, ნოემბრიდან მარტამდე საშინელი სიცივეებია, ზაფხულში კი - სიცხეები.
- ასეთ დროს გუნდი სად ვარჯიშობს?
- ფიზმომზადება თოვლიან მოედანზეც შეიძლება, ცენტრალური სტადიონის საფარი კი თბება და თოვლს არ აჩერებს. მაგრამ გადახურული დარბაზიც გვაქვს.
- საბჭოთა კავშირი წარსულია, მაგრამ ბოლო დროს პოპულარულია რეგიონული ტურნირების იდეა. საქართველოში რომ გაიმართოს, ჩამოხვიდოდით?
- რატომაც არა, მთავარია, კალენდარმა არ შეგვიქმნას პრობლემები და დიდი ფინანსური ხარჯი არ დაგვაწვეს. თბილისში პირადად მე სიამოვნებით ჩამოვიდოდი. საქართველოში ბოლოს 1987 წელს ვიყავი. მიყვარს აქაურობა, კარგი ხალხი ცხოვრობს და გული მწყდება, ძველებურად რომ ვერ თამაშობთ. იმედია, ეს დროებითია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"