უეფამ "ზესტაფონი" არ დაინდო

AutoSharing Option
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-დან წერილი მიიღო. წერილი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საკითხს ეხება.

როგორც იცით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ იმერულ კლუბს უარი უთხრა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდის მატჩის "დავით აბაშიძის" სახელობის სტადიონზე ჩატარებაზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს უშუამდგომლა უეფა-სთან და საგანგებო წერილით მიმართა, სადაც "ზესტაფონის" საშინაო არენაზე თამაშის უფლებას სთხოვდა. წერილს თან ერთვოდა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წერილი და კლუბის თხოვნა.

სამწუხაროდ, უეფა-მ ქართული მხარის თხოვნა არ დააკმაყოფილა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს "ზესტაფონი" თბილისში, "ბორის პაიჭაძეზე"
ითამაშებს.

უეფა-ს წერილში ნათქვამია, რომ ზესტაფონის სტადიონზე დაცვის სამსახურის მუშაობა ძალიან დაბალ დონეზეა და მიუხედავად იმისა, რომ შარშან კლუბს მიეცა უფლება მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ლვოვის "კარპატთან" საკუთარ არენაზე ეთამაშა, წელს უეფა ამ დათმობაზე არ წავა. "ჩვენ ვეღარ დავუშვებთ უეფა-ს ეგიდით გასამართი მატჩების "დავით აბაშიძეზე" ჩატარებას" - სიტყვასიტყვით ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერს უეფა-ს კლუბების საშეჯიბრო კომიტეტის მენეჯერი - კეიტ დალტონი და დასასრულს იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი წლისთვის, თუ "ზესტაფონი" ევროთასებზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, მათი სტადიონი უკვე წესრიგში იქნება და სრულად დააკმაყოფილებს უეფა-ს მოთხოვნებს.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული