გია გეგუჩაძე: რას ვგეგმავთ? გასვლას! (რეპორტაჟი კიშინიოვიდან)

AutoSharing Option
"ზესტაფონი" თბილისიდან მოლდოვაში ჩარტერული ავიარეისით დილის 11 საათზე გამოემგზავრა და ორსაათიანი ფრენის შემდეგ ჩვენს დედაქალაქზე არანაკლებ სიცხიან კიშინიოვში ჩაფრინდა.

ფეროელები მოლდოვას 20 ფეხბურთელის შემადგენლობით ეწვივნენ, აქედან ზურაბ მენთეშაშვილი და გოგი ფიფია ახლახან გამოჯანმრთელდნენ და "ზესტაფონის" საევროთასო განაცხადში ჯერ არ არიან. პირადი მიზეზების გამო "ზესტაფონს" არ გამოჰყოლია ალექსი ბენაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი კი სახლში მაღალი ტემპერატურის გამო დარჩა.


ჯაბა მწარედ ახსოვთ
საქართველოს ჩემპიონებს მოლდოვური მედიის ყურადღება აეროპორტიდანვე არ მოჰკლებიათ. გია გეგუჩაძესთან ერთად აქაური მედიის ალყაში მოექცა "დაჩიას" ყოფილი ფორვარდი და მის კარში
ორი გოლის გამტანი ჯაბა დვალი. ორივემ მოკლე და ლოგიკური კომენტარი გააკეთა - შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ განმეორებით მატჩში ბრძოლა იქნება.

სხვათა შორის, "ზესტაფონს" აეროპორტში კიშინიოვში მცხოვრები რამდენიმე ქართველიც დახვდა და დღევანდელ მატჩში მხურვალე ქომაგობა აღუთქვა. "ზესტაფონი" აეროპორტისა და "ზიმბრუს" სტადიონის მიმდებარე სასტუმრო "პრეზიდენტში" დაბინავდა.


გამეზარდაშვილი დაჩიელი აღარ არის
"დაჩია" ამჯერად მოლდოველ ჟურნალისტებს ვეღარ დაემალა, ქართველთათვის კი მიუწვდომელი გახდა - როცა "ზესტაფონის" თვითმფრინავი კიშინიოვში დაეშვა, მოლდოვის ჩემპიონებს "ზიმბრუზე" ვარჯიშიც დასრულებული ჰქონდათ და მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციაც.

ის, რისი გარკვევაც გვინდოდა, ჩვენი მოლდოველი კოლეგებისთვისაც აქტუალური თემა აღმოჩნდა - ცხადია, გუნდიდან დავით გამეზარდაშვილისა და "დაჩიას" დაცვის ცენტრში მისი მეწყვილის, რუმინელი ლუჩიან დობრეს გაშვების შესახებ მოარულ ხმებს ვგულისხმობთ. შეგახსენებთ, ზესტაფონში განცდილი მარცხის გამო ჯოხი ამ დუეტს გადაატეხეს.

იგორ დობროვოლსკისთან ერთად პრესკონფერენციაზე ანდრეი კოჟოკარი მივიდა. მათ ნაუბარში საინტერესო არაფერი ყოფილა, "დაჩიას" მთავარმა მწვრთნელმა კი მცველთა დუეტის შესახებ დასმულ შეკითხვაზე მიუგო, გამეზარდაშვილიცა და დობრეც გუნდთან ერთად ვარჯიშობენო, თუმცაღა, როგორც მოლდოველმა კოლეგებმა გვითხრეს, დილის ვარჯიშისას არც მოედანზე და არც მის მიღმა დავითი და მისი რუმინელი მეწყვილე თვალით არ უნახავთ...

"უმძიმესი მატჩი გველის. "ზესტაფონმა" საკუთარ მოედანზე გამარჯვებით შემდეგი ეტაპისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა, მაგრამ უშანსოდ არც ჩვენ ვართ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის, არც შემადგენლობაში ცვლილებებს გამოვრიცხავ", - აი, ასეთი იყო დობროვოლსკის კომენტარების მოკლე შინაარსი.


* * *
ზესტაფონელთა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მასმედიის წინაშე გია გეგუჩაძე და მეკარე ზურაბ მამალაძე წარდგნენ. მოლდოველმა ჟურნალისტებმა მათი პრესკონფერენციის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს.

გეგუჩაძე: დიდი მადლობა გულთბილი მიღებისთვის. მოლდოვაში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ვიცით, რომ ხვალ კარგ ფეხბურთს ელიან.

- პირველი მატჩის შედეგმა მოლდოვაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
- არ ვიცი, რა მოხდა მოლდოვაში, სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ძალიან მოინდომეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. თამაშის ხარისხითაც და შედეგითაც კმაყოფილი ვარ.

- კიშინიოვშიც იმავე სტილით ითამაშებთ?
- ზოგჯერ გუნდს სტილის შეცვლა უწევს, მაგრამ შევეცდებით, თამაშის ჩვეულ მანერას არ ვუღალატოთ. თუმცაღა, "დაჩია" ძალიან მოტივირებული იქნება და საკუთარი ამოცანების შესრულება საკმაოდ გაგვიძნელდება.

- როგორია "ზესტაფონის" ინფრასტრუქტურა?
- ვაშენებთ საწვრთნელ ბაზას, სადაც უკვე ორი მოედანია მზად. ბაზა სრულყოფილ სახეს ორ-სამ წელიწადში მიიღებს და ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს.

- დვალმა დუბლი იმიტომ შეასრულა, რომ "დაჩიას" კარგად იცნობს?
- არა მხოლოდ ამიტომ. საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც იგი თქვენი კლუბიდან წამოვიდა.

- დობროვოლსკის წინააღმდეგ თუ გითამაშიათ?
- არა, მე ფეხბურთი ასეთ მაღალ დონეზე არ მითამაშია. დობროვოლსკი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, ჩინებული ტექნიკითა და მოედნის ხედვით.

- რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ ხვალ?
- შემდეგ ეტაპზე გასვლა.

მამალაძეს ჰკითხეს, კიშინიოვი თუ მოგეწონაო, რაზეც მან უპასუხა, ქალაქის დათვალიერების საშუალება არ გვქონია, ავტობუსის ფანჯრებიდან კი მოგვეწონაო. ზურამ, ალბათ, დიპლომატიური პასუხი გასცა, თორემ მოლდოვის დედაქალაქი ვერც ავტობუსიდან და ვერც უფრო ახლოდან დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს.


ლაზარეთი აღარ არსებობს
"ზესტაფონის" ვარჯიშმა დაახლოებით ერთ საათს გასტანა და ხალისიანი, თუმც საკმაოდ დატვირთული იყო. ფეხბურთელები თავდაპირველად ფიზმომზადების სერბი მწვრთნელის, ივან ვუჩეტიჩის განკარგულებაში იყვნენ და სხვადასხვა სავარჯიშო შეასრულეს, შემდეგ კი ცოტ-ცოტა ხნით თითქმის ყველა საფეხბურთო კომპონენტზე იმუშავეს - დარტყმებზე, ფლანგურ გარღვევებსა და ჩაწოდებებზე, დრიბლინგსა და პრესინგზე.

სასიხარულოა, რომ ზურაბ მენთეშაშვილი და გოგი ფიფია ხანგრძლივი იძულებითი უქმობის შემდეგ მსუბუქ ინდივიდუალურ ვარჯიშს შეუდგნენ.

წვრთნის ბოლოს ფეხბურთელებმა ერთმანეთი აპლოდისმენტებით გაამხნევეს და სასტუმროში დაბრუნდნენ.

დღევანდელი მატჩის მნიშვნელობაზე ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ, "ზესტაფონი" საქართველოში გამარჯვებული უნდა დაბრუნდეს, იმედია, არა მხოლოდ ორი შეხვედრის ჯამში...

ლევან ჯანეზაშვილი კიშინიოვიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაჩიას თან სამარცხვინო წაგება, უდისციპლინობა, ზერელედ მიდგომა თამაშისადმი, ქედმაღლობა, ასე თუ გავაგრძელეთ არაფერი გვესქმება ჩემპიონთა ლიგაზე. ზესტაფონის ფეხბურთელები ფიზიკურად არ არიან მზად უფრო ძლიერ კლუბებთან სათამაშოდ. ზესტაფონის ფეხბურთელებს არა აქვთ სათამაშო დისციპლინა, ცუდად მსახიობობენ, გორაობენ სტადიონზე. ასეთ სამარცხვინო თამაშს რომ აჩვენებ სჯობს სახლში დარჩე და არ გახვიდე მოედანზე. ვულოცავ ზესტაფონს გასვლას მაგრამ ვაი ამ მილოცვას :(
uzlevi
23:14 20-07-2011
0
მე უფრო ვიდეოტონის და გრაცის შტურმის მაღალი დონის თამაში მაფიქრებს... ვინც მათ თამაშს უყურებთ ალბათ დამეთანხმებით. მართალია uzlevi, თუ სასწრაფოდ არ მოხდა ყველაფრის გააზრება და თამაშის ხარისხის, დისციპლინისა და კონცენტრაციის მაქსიმალურად მობილიზება, ძალიან გაგვიჭირდება. არადა, ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს ჯგუფურ ტურნირამდე!
Tornike
23:36 20-07-2011
0

სიახლეები პოპულარული