უეფა მკაცრი და შეუვალია - "ზესტაფონი" შინ ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
გუშინ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გაავცელა ინფორმაცია, რომელიც ჩვენი ფეხბურთის ქომაგებს გულს დასწყვეტს - უეფადან მიღებული წერილით საბოლოოდ გადაგვეწურა იმედი, რომ "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქეს დავით აბაშიძის სახელობის არენაზე უმასპინძლებდა.

მოგეხსენებათ, ეს უფლება უეფამ "ზესტაფონს" "დაჩიასთან" შეხვედრისას დაფიქსირებული უწესრიგობების გამო ჩამოართვა. გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ ევროფეხბურთის მამები გადაწყვეტილებას შეცვლიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა - უეფა შეუვალი აღმოჩნდა და სტადიონის დაცვის უყურადღებობა დაუსჯელი არ დატოვა. როგორც ცნობილია, დაცვამ სტადიონზე ხალხის უბილეთოდ შესვლაზე თვალი დახუჭა, სამაგიეროდ, ამ ყველაფერს იღებდა და აფიქსირებდა
უეფას დელეგატი და მომხდარი "სადაც ჯერ არს" აცნობა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს უეფასთან საგანგებო წერილით უშუამდგომლა, რომლითაც "ზესტაფონისთვის" საშინაო არენაზე თამაშის უფლებას სთხოვდა. წერილს ერთვოდა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და კლუბის თხოვნა.

სამწუხაროდ, უეფამ ქართული მხარის თხოვნა არ დააკმაყოფილა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს "ზესტაფონი" თბილისში, "ბორის პაიჭაძეზე" ითამაშებს.

უეფას წერილში ნათქვამია, რომ ზესტაფონის სტადიონზე დაცვის სამსახურის მუშაობა ძალიან დაბალ დონეზეა და, მიუხედავად იმისა, რომ შარშან კლუბს მიეცა უფლება, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ლვოვის "კარპატისთან" საკუთარ არენაზე ეთამაშა, წლეულს უეფა ამ დათმობაზე არ წავა", - იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

მოხმობილია უეფას წერილის ფრაგმენტი: "ჩვენ ვეღარ დავუშვებთ უეფას ეგიდით გასამართი მატჩების "დავით აბაშიძეზე" ჩატარებას".

წერილს ხელს აწერს უეფას კლუბების საშეჯიბრო კომიტეტის მენეჯერი კეიტ დალტონი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ თუ მომავალი წლისთვის "ზესტაფონი" ევროთასებზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, მისი სტადიონი წესრიგში იქნება და სრულად დააკმაყოფილებს უეფას მოთხოვნებს.

ძალიან სამწუხარო, მაგრამ ჭკუისსასწავლი ამბავია ქართული გუნდებისა თუ ნაკრების იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ჭოკით მხტომელებივით გადაევლებიან ხოლმე სტადიონის მესერს და კლუბს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს მძიმე მდგომარეობაში ადგებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ა, შეხედეთ ამ სურათს, ღაზას სექტორის ღობეა აგი... პალესტინელებს უკნიდან ებრაელები მოსდევენ და ქე მოასკდნენ ამ ღობეს ეს საცოდავები. და რა ქნან ახლა, რაფრა უნდა დოუშალო გადმოძრომა?
uzlevi
09:02 21-07-2011
0
ვიზიარებ ამ ფაქტს მარა გპირდებით ზესტაფონელო ძმებო არ დავაკლებთ ქომაგობას თბილისში
levani
18:45 20-07-2011
0

სიახლეები პოპულარული