"დინამო" "ლანელისთან" მატჩისთვის აქციებით ემზადება

AutoSharing Option
ხვალ, 21 ივლისს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" უელსურ "ლანელის" უმასპინძლებს და საგარეო მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდება.

უელსელი სტუმრები თბილისს 19 ივლისს ღამით ესტუმრნენ. დღეს, 20 ივლისს ისინი "დინამოსთან" ერთად ერთობლივ საქველმოქმედო აქციაში მიიღებენ მონაწიჯეობას - მეტოქეები ბავშვთა ცენტრ "ცისარტყელას" ესტუმრებიან და ბავშვებს საჩუქრებსა და მატჩის ბილეთებს გადასცემენ.

"ლანელის" ვებგვერდმა კი თავის ქომაგებს მოუწოდა: "ჩვენები გაჭირვებულ ბავშვთა სახლს ესტუმრებიან და საჩუქრებს გადასცემენ. მათი მდგომარეობა საქართველოში არსებული ეკონომიკური გაჭირვების, იძულებითი გადაადგილებისა და მიგრაციის შედეგია. ისინი დილიდან დაღამებამდე მუშაობენ მტვირთავებად,
სავაჭრო ობიექტებში გამყიდველებად, მოკლებულნი არიან საყვარელ სახეობაში ვარჯიშის საშუალებას და სწორ აღზრდას. თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი, გაიღოთ შეწირულობა, გთხოვთ, მოგვმართოთ კლუბის ოფისში".

დღეს, 20 ივლისს 19:30-ზე "ლანელი" ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებს, 20 საათზე კი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია ეროვნულის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს შეხვდება. ნახევარ საათში კი გუნდს სავარჯიშოდ გაიყვანს.

20:45-ზე პრესკონფერენციას "ლანელის" თავკაცები გამართავენ.

უელსელთა სტუმრობამდე "დინამომ" აქცია უკვე გამართა - "ლანელისთან" განმეორებით შეხვედრაზე გულშემატკივრების მოსაზიდად დინამოელთა ესპანურმა ტრიომ, ჩისკომ, კოტომ და იაგუემ მეტრო "რუსთაველთან" გამვლელებს მომავალი მატჩისთვის დამზადებული ფლაერები დაურიგეს, რომლებზეც მათი ავტოგრაფები იყო.

ბილეთების ფასი 3-5 ლარია და, პირველ მატჩში თბილისელთა მინიმალური მარცხიდან გამომდინარე, შეხვედრას დიდი ინტრიგაც ახლავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ თუ ეკონომიური გაჭირვების? აკი მიშიკო სულ იმას გასჭყივის, ჩვენთან ეკონომიკა ყვავისო?! უკვე ქუვეიტს გადვუსწარითო! D:D:D: რაც შეეხება მატჩს, მე მგონი საინტერესო სანახავი იქნება, არ უნდა გაგვიჭირდეს შემდეგ ეტაპზე გასვლა...წარმატებები დინამოს!
დევიდ აირონს
08:31 21-07-2011
0

სიახლეები პოპულარული