დავის მორიგი თავი - ჭანტურია VS ზესტაფონი

AutoSharing Option
ზოგადად, მედია მოვლენებისგან განზე გამდგარი ვერ იქნება. როდესაც ქართულ კლუბებს უმნიშვნელოვანესი მატჩები აქვთ ევროთასებზე, მომზადებაში თუ ვერ შევეშველებით, ვცდილობთ, ხელი მაინც არ შევუშალოთ.

თუმცა, სირაქლემას მდგომარეობაშიც ვერ ვიქნებით: 15 ივლისს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მეკარე გრიგოლ ჭანტურიასა და "ზესტაფონის" დავაში პოზიცია ფიფამაც დააფიქსირა.

შეგახსენებთ: სპორტულმა არბიტრაჟმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ზესტაფონს" ყოფილი მეკარისთვის 29 ათასი ლარი უნდა გადაეხადა, კლუბმა კი ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ფეხბურთის ფედერაციის სახელზე გაგზავნილ წერილში ფიფას იურიდიული სამსახური იუწყებოდა, რომ კლუბს საფეხბურთო დავის
განსახილველად სამოქალაქო სასამართლოსთვის არ უნდა მიემართა, მას ამის უფლება არ ჰქონდა.

ეს ამბავი უკვე სერიალს დაემსგავსა, ოღონდ არა ლათინურამერიკულს, რადგან პრობლემა ერთობ სერიოზული და აქტუალური, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოვანესიც კი ქართული ფეხბურთისთვის - კლუბისა და ფეხბურთელის ინტერესთა დაპირისპირება.

თემის წამოტივტივებას "დაჩია"-"ზესტაფონის" მატჩების დასრულებამდე არ ვაპირებდით, მაგრამ ეს თავად კლუბმა ისურვა. საკითხთან დაკავშირებით "ლელოსთან" პოზიცია ორივე მხარემ დააფიქსირა.

რა დროს ეს წერილი იყო?
სერგო ფუტკარაძე, "ზესტაფონის" პრესატაშე: გულშემატკივარს კარგად მოეხსენება მეკარე გრიგოლ ჭანტურიასა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დავის შესახებ. არახალია, რომ "ზესტაფონის" პოზიცია განსხვავებულია ფეხბურთის ფედერაციის იმ სტრუქტურის წარმომადგენლთა პოზიციისგან, რომლებიც ამ საკითხის უშუალო გარჩევით არიან დაკავებულები.

მიუხედავად ფედერაციასა და კლუბს შორის არსებული აზრთა სხვაობისა, საკითხის განხილვა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა ვიტყვით ამასაც: როდესაც საქართველოს ჩემპიონი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობს, ქვეყნის ღირსებას იცავს და "დაჩიასთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე რამდენიმე დღეღაა დარჩენილი, ამ საკითხის წამოწევას ფედერაციის ზემონახსენები სამსახურის თანამშრომელთა პირადი ამბიციების დაკმაყოფილების მცდელობად მივიჩნევთ.

სამართლებრივ პოზიციას კი, "ზესტაფონი" უახლოეს პერიოდში, სათანადო დროსა და ადგილას დააფიქსირებს".


ფიფა ზესტაფონის დასჯას ითხოვს
გია ჭანტურია: ფიფა კატეგორიულად კრძალავს საფეხბურთო დავების სამოქალაქო სასამართლოში განხილვას, "ზესტაფონმა" კი სწორედ ეს გზა აირჩია. არადა, ფიფა თავის წერილში პირდაპირ მიუთითებს, რომ დავა უნდა გაირჩეს მხოლოდ და მხოლოდ სპორტულ არბიტრაჟში.

თავიდან სწორედ მე ვცადე საქმის ამ მიმართულებით წაყვანა, საკითხიც სპორტულ არბიტრაჟში გაირჩა, მაგრამ აიჩემეს, მოჭიდავეები ფეხბურთის საქმეს ვერ გაარჩევენ, ჩვენი არბიტრაჟი ჩამოვაყალიბოთო.

მერე დაარსდა საფეხბურთო არბიტრაჟი და მემორანდუმს "ზესტაფონმაც" მოაწერა ხელი, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ კლუბი არ ეთანხმებოდა მისივე ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე შექმნილი არბიტრაჟის გადაწყვეტილებებს. მიზეზები, რომ ეს არბიტრაჟი უკანონოა და რომ ფედერაციას ამის უფლება არ ჰქონდა, ფიფამ პირველივე წერილში გააბათილა.

სამწუხაროდ, "ზესტაფონის" პრეზიდენტი ჯიბრში ჩამიდგა და ნაცვლად იმისა, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიეღო, ახლა ფედერაციასაც დაუპირისპირდა.

- ფაქტია, რომ დავა ვერ დასრულდა.
- ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ფიფა ბოლო წერილში ფეხბურთის ფედერაციას არა მხოლოდ მიუთითებს, რომ საკითხი საფეხბურთო არბიტრაჟში უნდა გადაწყდეს, არამედ ავალდებულებს კიდეც ქმედითი ღონისძიებების გატარებას და თანხის გადაუხდელობისთვის სანქციების გამოყენებას.

კარგად მესმის, ფედერაცია ამას რატომ არ აკეთებს: "ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს და ყველა მას ვგულშემატკივრობთ, ცხადია, მეც, რადგან იქ ჩემი მეგობრები თამაშობენ. ფედერაციის ხელმძღვანელები, ალბათ, ფრთხილობენ და შიშობენ, ფიფას მითითება კლუბის დასჯის თაობაზე ახლა რომ შევასრულოთ, ვაითუ ამან გუნდზე უარყოფითად იმოქმედოსო.

ამას გარდა, ვფიქრობ, ფედერაცია 26 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვტილებასაც ელის, სადაც "ზესტაფონმა" საფეხბურთო არბიტრაჟის გადაწყვიტა გაასაჩივრა.

არადა, ყველამ იცის, რომ ფიფას იურიდიული სამსახურის მითითებით, საკითხი სწორედ საფეხბურთიო არბიტრაჟმა უნდა განიხილოს, მაგრამ "ზესტაფონი" ფიფას გაფრთხილებასაც არად აგდებს და მაინც თავისი შეხედულებით მოქმედებს.

ახლა ჯერი ფეხბურთის ფედერაციაზეა. საფუძვლიანი იმედი მაქვს იმისა, რომ დავა მალე დასრულდება, მაგრამ ძალიან მეშინია, წერტილის დასმის დროს ქართული ფეხბურთი, კლუბი და ფეხბურთის ფედერაციაც არ დაზარალდნენ. ამიტომაც მსურს, რომ "ზესტაფონის" პრეზიდენტი უფრო ადეკვატურად მოიქცეს და მდგომარეობა რეალურად შეაფასოს.

მე არავის დასჯა არ მინდა, ვითხოვ კომპენსაციის დროულად გადახდას და, თუ ასე არ მოიქცევიან, მაშინ იძულებული ვიქნები, ფიფას მივმართო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული