მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ფეხბურთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო, ჯერ მაინც კატასტროფული მდგომარეობაა - ევროდონის მატჩების სამასპინძლოდ ჩვენი სტადიონების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არ არის. რუსთავისა და ზესტაფონის სტადიონებს ევროლიცენზია საწყის ეტაპებამდე აქვთ - რუსთავის "ფოლადს" მხოლოდ ორზე, ზესტაფონის "დავით აბაშიძეს" კი - სამ ეტაპზე.
სამწუხაროდ, "დაჩიასთან" ზესტაფონის სტადიონზე უბილეთო გულშემატკივართა შეღწევის გამო უეფამ შეგვრისხა და ახლა "დინამოც", "მეტალურგიც" და
სხვა არენა, სადაც უეფა ამ ეტაპის მატჩების მასპინძლობის უფლებას მოგვცემდა, არ გაგვაჩნია - ქუთაისის სტადიონიც ჯერ მხოლოდ "ორეტაპიანია", ლიცენზიის მქონე "მიხეილ მესხი" 1 სექტემბერს განახლებულ-გალამაზებული კი იქნება, მაგრამ თამაშები გაცილებით ადრე იმართება.
ცხადია, დავინტერესდით, რომელი გუნდი როდის ითამაშებს. მართალია, საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, მაგრამ წინასწარ მონახაზს მაინც გაგაცნობთ.
26 ივლისი. ჩემპიონთა ლიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
"ზესტაფონი" (საქართველო) - "შტურმი" (ავსტრია)
21:00. ეროვნული სტადიონი
ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, უეფას მოთხოვნით, მატჩის ორგანიზებაში კლუბის დახმარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაევალა, ვინაიდან "ზესტაფონს" ამ დონის შეხვედრების ჩატარების გამოცდილება არ აქვს.
გუშინ, 22 ივლისს ამასთან დაკავშირებით ფედერაციაში გაიმართა "ზესტაფონის" ხელმძღვანელებისა და სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შეხვედრა და საორგანიზაციო ჯგუფიც შეიქმნა.
მატჩის დირექტორად დაინიშნა დიმიტრი ბოკერია; უსაფრთხოების ოფიცერი ლევან თოფურია იქნება, ხოლო მედიასთან ურთიერთობა თათია ბურდულს დაევალა.
ჯერ არ დაზუსტებულა თამაშის დაწყების დრო, ქართული მხარის სურვილია, შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყოს. ბილეთები კი, 5, 7, 10 და 15 ლარი ეღირება.
28 ივლისი. ევროპის ლიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
"მეტალურგი" (რუსთავი) - "რენი" (საფრანგეთი)
21:00. ეროვნული სტადიონი
4 აგვისტო. ევროპის ლიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
"დინამო" (საქართველო) - "რეიკიავიკი" (ისლანდია)
21:00. ეროვნული სტადიონი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"