დავიწყებულნი - ქართველი მწვრთნელები და ფეხბურთელები

AutoSharing Option
საქართველო უცნაური ქვეყანაა, გამუდმებით ნიჭიერი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების დეფიციტს მივტირით, მაგრამ გასაოგნებელი გულგრილობით იკარგება ბევრი ნიჭიერი მწვრთნელი და ფეხბურთელი.

ფაქტია, რომ კადრებს ვერ ვუფრთხილდებით. ყველაზე ნათელ მაგალითად გელა სანაიას ამბავი გამოდგება - მან კიევის მწვრთნელთა უმაღლეს სკოლაში შვიდი კურსიდან უმეტესი ნაწილი გაიარა და გამოცდები წარმატებით ჩააბარა, დეკემბერში მწვრთნელობის A კატეგორიის სერტიფიკატსაც აიღებს, მაგრამ კაცი შეწუხებულია, ტყუილად ხომ არ ვწვალობო?

სანაიამ მცირე ხანს იმუშავა თბილისის "ლოკომოტივსა" და "სამტრედიაში" და ამის მიუხედავად, ყველა აღნიშნავდა, რომ ძალიან ნიჭიერი სპეციალისტი გვეზრდება, ფეხბურთი არ უთამაშია,
მაგრამ ვისაც უთამაშია, ბევრ მათგანზე უკეთ იცის ეს თამაშიო. მის გუნდებს მართლაც ეტყობოდა მწვრთნელის ხელი, თუმცა რად გინდა - ცხრა თვეა, კაცი უმუშევარია და მისი ბედით არავინ დაინტერესებულა.

მართალია, ქუთაისის "ტორპედოში" მიიწვიეს და სხვა გუნდებიც დაელაპარაკნენ, მაგრამ შეთანხმებამდე საქმე არ მისულა.

უმუშევრად დარჩა "დაუგავას" მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია, რომელიც გასულ სეზონში ლატვიის საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელად დაასახელეს.

საქართველოს ნაკრების ყოფილი "ყველგანმავალი" კახა გოგიჩაიშვილი 35-ე სკოლის უფულო გუნდს პირველ ლიგაში საკმაოდ კარგ ფეხბურთს ათამაშებდა. მართალია, შედეგებით თავს ვერ მოიწონებდა, მაგრამ სკოლის დანიშნულებასა და აღმზრდელის მოვალეობას კარგად გაუძღვა და ამ გუნდიდან 9 მოთამაშე საქართველოს უმაღლესი ლიგისა და უცხოეთის გუნდებში მიმოიფანტა. ეს ამბავი ჟურნალისტებმა ვიცით და დავიჯეროთ, საფეხბურთო წრეებისთვის უცნობია? ის კი მხოლოდ ბავშვებში მუშაობს.

თემურ მახარაძე, რომლის ხელშიც არც ერთ გუნდს რეგრესი არ განუცდია, ერთი წელია, სახლში ზის და ფიქრობს - რა კრიტერიუმებით აფასებენ საქართველოში მწვრთნელს? არადა, ასეთი დამსახურებული თავკაცი ყველამ დაივიწყა.

თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი კაპიტანი ნიკა გუშარაშვილი ამჟამად უგუნდოდაა. ახლახან ის უმაღლესი ლიგის გუნდში მიიწვიეს, მაგრამ ... გასინჯვაზე, რაც შეურაცხყოფად მიიღო და უარი თქვა. 26 წლის გამოცდილ მოთამაშეს რა გასინჯვა უნდა, როდესაც ყველამ იცის მისი შესაძლებლობები.

სამი წლის წინ თბილისის "დინამოში" ნიჭიერი მცველი მინდორაშვილი გამოჩნდა. სამწუხაროდ, ტრავმის შემდეგ აღარ უთამაშია, ცხადია, ფორმაში ვერ შევიდა და დღეს 20 წლის ბიჭი ყველას დაავიწყდა.

ვალერი ბოლქვაძე, რომელიც დასრულებულ სეზონში ცხინვალის "სპარტაკში" გამოდიოდა, დაშავდა და ახლა გუნდს ეძებს. ვარჯიშისა და ფორმის აღდგენის საშუალება "ზოოვეტში" მისცეს და ამ უიღბლოთა კატეგორიაში მას ყველაზე მეტად გაუმართლა - ბოლო ინფორმაციით, მას "გაგრა" იწვევს.

ცხადია, ბევრად მეტი მოთამაშე დაგვავიწყდა ან ვერ გავიხსენეთ. ვინ იცის, კიდევ რამდენი ნიჭიერია თვალსაწიერიდან დაკარგული და ვერ ვიყენებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
გიორგი ყიფიანი უმუშევარია არადა ძალიან ნიჭიერი სპეციალისტია
barca
17:17 25-07-2011
0
ავტორ, ყოჩაღ!!!
რამდენი ხანია მაგას გავიძახი ყველგან. თვალები სად აქვთ ქართულ გუნდებს?? რამდენი ნიჭიერი ადამიანია, რატომ არ იწვევენ?? გაგიჟდები რა...
Burton
18:05 25-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული