აშკარა-დასაჯერებელი: სამმაგი კმაყოფილება

AutoSharing Option
სასიამოვნო რეალობა და საუკეთესონი პოსტსაბჭოეთში
იმის მტკიცება, რომ ქართულმა ფეხბურთმა არნახულ სიმაღლეებს მიაღწია, გადაჭარბებულია; თუმცა ვერც სასიამოვნო რეალობას გავექცევით: ქართული გუნდებისათვის ევროტურნირები კვლავაც გრძელდება!

ეგ კი არა, დიდი შანსია, რომ ეს მართლაც სასიამოვნო რეალობა, სულ მცირე, ერთი თვით გაგრძელდეს; ყოველ შემთხვევაში, ევროტურნირებს შემორჩენილი სამი ქართული გუნდიდან ორს ("ზესტაფონსა" და "დინამოს") რეალურად ხელეწიფება მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა და პლეი ოფში გასვლა. აქედან კი ჩემპიონთა ლიგისა თუ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ხომ ერთადერთი "ნაბიჯი" რჩება...

დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ქართული გუნდები ევროტურნირებზე 1993
წლიდან ასპარეზობენ და ჯერჯერობით საუკეთესო შედეგად თბილისის "დინამოს" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა რჩება. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა ამ წარმატებას 2004 წელს, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მიაღწია და ვიდრე ჯგუფურ ეტაპამდე მივიდოდა, "დინამომ" სამი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა.

ამას გარდა, ამ 18 წლის განმავლობაში ერთი-ორჯერ სხვა "გამონათებებიც" გვქონია ევროტურნირებზე, მაგრამ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სამ ქართულ გუნდს ეასპარეზოს, მსგავსი არასდროს მომხდარა! ჰო, მართლაც საამაყოდ გვაქვს საქმე: რამდენჯერმე კი არა, თითქმის უმრავლეს შემთხვევაში, ქართული გუნდებისათვის ევროტურნირები პირველ ან მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობით მთავრდებოდა. ორჯერ კი ისე მოხდა, პირველსავე ეტაპზე გამოეთიშნენ ასპარეზობას!

პირველი ასეთი კოშმარი 2000 წლის ზაფხულში გვქონდა, როცა ვერცერთმა ჩვენმა გუნდმა საწყისი ეტაპი ვერ დაძლია: ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ქუთაისის "ტორპედო" ორი მატჩის ჯამში სერბულ "ცრვენა ზვეზდასთან" დამარცხდა (0:4, 2:0), ასევე წარუმატებლდა იასპარეზეს უეფას თასზე "ვიტ ჯორჯიამ" და "ლოკომოტივმა", შესაბამისად ებრაულ "ბეითარსა" და სლოვაკურ "სლოვანს" რომ ვერ აჯობეს; თუმცა, უფრო დიდი იმედგაცრუება "ინტერტოტოს თასზე" გვქონდა, როცა თბილისის "დინამომ" ბელგიური "სტანდარტის" მესამე შემადგენლობას ვერ აჯობა (2:2, 1:1) და გათამაშებას პირველსავე რაუნდში გამოეთიშა.

ანალოგიური სიტუაცია იყო 2003 წელსაც. როცა ოთხივე ქართული გუნდი ასპარეზობას პირველსავე ეტაპზე ჩამოშორდა; ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამო" მონაწილეობდა და პირველი მატჩის მერე სოლიდური უპირატესობაც ჰქონდა - ალბანურ "ტირანას" 3:0 მოუგო; თუმცა, განმეორებით მატჩში "ტირანამ" ასეთივე ანგარიშით გაიმარჯვა და მერე, პენალტების სერიაშიც გვაჯობა!

უეფას თასზეც არანაკლებ ფიასკო გველოდა: ქუთაისის "ტორპედომ" ორივე მატჩი წააგო ფრანგულ "ლანსთან" (0:3, 0:2), ისე როგორც ევროტურნირების დებიუტანტმა "სიონმა" - ბოლნისელები არაფრით გამორჩეულ სლოვაკურ "პუხოვთან" ორივე შეხვედრაში უშანსოდ იყვნენ (0:3, 0:3). შედარებით ღირსეულად იასპარეზა "ინტერტოტოს თასზე" "ვიტ ჯორჯიამ", მაგრამ ორი მატჩის ჯამში ავსტრიული "პაშინგს" ვერ აჯობა (0:1, 2:1). მოკლედ, წლევანდელი ევროტურნირები დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ; თანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი შანსია, რომ ქართულმა გუნდებმა ეს წარმატებული სვლა კვლავაც გააგრძელონ.

ცხოვრებისა არ იყოს, ფეხბურთშიც ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ შედარებითია; ჰოდა, გადავხედოთ ევროტურნირებს შემორჩენილ გუნდებს და ვნახოთ, თუ რამდენი წარმომადგენელია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან; უკრაინასა და რუსეთს "თავი დავანებოთ" (იმათ საკლუბო რეიტინგამდე მართლაც ბევრი გვიკლია) და სხვებს თუ "დავეჯიბრებით", აღმოჩნდება, რომ საუკეთესო შედეგი ჩვენ გვქონია! ანუ, საქართველო თუ სამი გუნდით ხვდება ევროტურნირების მესამე საკვალლიფიკაცი ეტაპს, სხვებს თითო ჰყავთ შემორჩენილი: ჩემპიონთა ლიგაზე ლიტვური "ეკრანასი" და ბელარუსის "ბატე", ხოლო უეფას თასზე ყაზახური "აქტობე", აზერბაიჯანული "ყარაბაღი" და ლატვიური "ვენტსპილსი".


ღირსეული ჩემპიონის ევროპული ამბიცია
როგორც უნდა მორჩეს "ზესტაფონისა" და "შტურმის" დაპირისპირება, გია გეგუჩაძის გუნდი მაინც გააგრძელებს ევროტურნირებზე ასპარეზობას; რა თქმა უნდა, ვისურვოთ, რომ "ზესტაფონმა" წარმატებით დაძლიოს ავსტრიული "ბარიერი", - ასეთ შემთხვევაში ხომ ჩვენი ქვეყნის მართლაც ღირსეულ ჩემპიონს ყველა ქართველი ქომაგისათვის სანუკვარ მიზნამდე (ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე) ერთი ნაბიჯიღა დარჩება! უარეს შემთხვევაში (ანუ, "შტურმის" ვერდაძლევას ვგულისხმობთ) "ზესტაფონი" ამჯერად უკვე ევროპის ლიგის პლეი ოფში გააგრძელებს ასპარეზობას და აქაც ერთადერთი რუბიკონიღა იქნება დასაძლევი, რათა ჩვენი გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს.

"ზესტაფონი" ევროტურნირებზე მეხუთედ მონაწილეობს და, ფაქტობრივად, ყოველ წელს აუმჯობესებს შედეგს; სადებიუტო ციკლი წარუმატებელი აღმოჩნდა: 2007 წლის ზაფხულში, "ინტერტოტოს თასზე" მოასპარეზე "ზესტაფონი" ორი მატჩის ჯამში დამარცხდა ყაზახურ "ტობოლთან"( 0:3, 2:0); მომდევნო წელს "ზესტაფონი" უეფას თასზე მონაწილეობდა, მაგრამ გათამაშებას პირველ საკვალიფიკაციო რაუნდშივე გამოეთიშა: უნგრულ "დიორ ეტოსთან" სტუმრად ფრედ (1:1) ითამაშა, შინ კი 1:2 დამარცხდა.

ამის შემდეგ "ზესტაფონისათვის" პირველი ეტაპის გავლა პრობლემას არ წარმოადგენდა: 2009 წელს ჩრდილოირლანდიურ "ლისბერნს" ორივე მატჩში შთამბეჭდავი ანგარიშით (5:1, 6:0) აჯობა, მეორე ეტაპზე კი წამები დააკლდა, სახელგანთქმული ჰენრიკ ლარსონის "ჰელსინბორგი" რომ გამოეთიშა! შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა შინ 1:2 წააგო შვედურ გუნდთან, სტუმრად კი 2:0-ს იგებდა და მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის დამთავრებამდე ათიოდე (!) წამი რომ რჩებოდა, მაშინ გაუშვა საკუთარ კარში გოლი; მერე, შვედებმა დამატებით დროში ერთი ბურთი კიდევ გაიტანეს და მომდევნო ეტაპზეც გავიდნენ.

რაც შეეხება შარშანდელ ევროტურნირებს, "ზესტაფონმა" უპრობლემოდ დაძლია ევროპის ლიგის I და II საკვალიფიკაციო ეტაპი: ჯერ სან-მარინოს "ფაეტანოს" აჯობა, მერე კი - სლოვაკურ "ბისტრიცას"; "ზესტაფონი" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლვოვის "კარპატსაც" ღირსეულად ეთამაშა, მაგრამ საერთაშორისო სარბიელზე ბევრად უფრო გამოცდილი უკრაინული გუნდის ძლევა ვერ მოხერხდა. სხვათა შორის, "კარპატი" ამის შემდეგ ჯგუფურ ეტაპზეც მოხვდა და იქაც საკმაოდ წარმატებით ასპარეზობდა.

"ზესტაფონი" ევროტურნირებზე (სტატისტიკა)
2007 წელი
ინტერტოტოს თასი. I ეტაპი
ტობოლი (ყაზახეთი)-ზესტაფონი 3:0
გოლები: ჟუმასკალიევი, ბალტიევი, ბაკაევი
ზესტაფონი-ტობოლი 2:0
გოლები: საჯაია, კ. ჩხეტიანი

2008 წელი
უეფას თასი. I საკვალიფიკაციო რაუნდი
დიორ ეტო (უნგრეთი)-ზესტაფონი 1:1
გოლები: ბოორი; ვიეირა
ზესტაფონი-დიორ ეტო 1:2
გოლები: ბ. გოცირიძე; იოჟი, პაკოლიჩი


2009 წელი
ევროპის ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ლისბერნი (ჩრ ირლანდია)-ზესტაფონი 1:5
გოლები: უილანი; გელაშვილი (2), გრიგალაშვილი (2), აფციაური
ზესტაფონი-ლისბერნი 6:0
გოლები: დვალი (3), ბენაშვილი (2), გელაშვილი

II საკვალიფიკაციო ეტაპი
ზესტაფონი-ჰელსინბორგი (შვედეთი) 1:2
გოლები: ბენაშვილი; იონსონი, ლარსონი
ჰელსინბორგი-ზესტაფონი 1:2 (დამატებით დროში 2:2)
გოლები: ეკსტრანდი, სუნდინი; დვალი, გელაშვილი

2010 წელი
ევროპის ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ზესტაფონი-ფაეტანო (სან-მარინო) 5:0
გოლები: დვალი-2, გელაშვილი-2, გორგიაშვილი
ფაეტანო-ზესტაფონი 0:0

II საკვალიფიკაციო ეტაპი
ზესტაფონი-ბისტრიცა (სლოვაკეთი) 3:0
გოლები: დვალი-2, ძარია
ბისტრიცა-ზესტაფონი 1:0
გოლი: დურისი

III საკვალიფიკაციო ეტაპი
კარპატი (უკრაინა)-ზესტაფონი 1:0
გოლი: ხუდობიაკი
ზესტაფონი-კარპატი 0:1
გოლი: კოჟანოვი

2011 წელი.
ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
ზესტაფონი-დაჩია მოლდოვა) 3:0
გოლები: დვალი-2, გელაშვილი
დაჩია-ზესტაფონი 2:0
გოლები: პოპოვიჩი, ორბუ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული