ყაველაშვილი შვეიცარიის უგუნდოთა ნაკრების კონსულტანტია!

AutoSharing Option
"ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებელი ლევან ყიფიანი საბერძნეთში ფიფ-პროს მიერ გამართულ კონფერენციას დაესწრო და იქაური ამბები მოგვითხრო.

- ფიფ-პრო ფეხბურთელთა ინტერესების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრიც 50 ათასი ფეხბურთელია. მას ფიფა აღიარებს და პარტნიორული ურთიერთობაც აქვს, რადგან თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშეთა უფლებების დაცვა აქტუალური თემაა.

"ჩვენი ფეხბურთი" ამ ორგანიზაციასთან უკვე მეორე წელია, თანამშრომლობს. ახლახან ფიფ-პრომ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომლის მიზანიც ორგანიზაციაში ახალი ქვეყნების ჩართვაა. ცოტა ხნის წინ სალონიკში გამართულ კონფერენციაზე აღმოსავლეთევროპელები შევიკრიბეთ, პლუს საბერძნეთის, კვიპროსისა
და მალტის წარმომადგენლები. მთავარი მოთხოვნაა, ორგანიზაცია იყოს დამოუკიდებელი და დაიცვას ფეხბურთელთა ინტერესები. იგულისხმება კონტრაქტის პირობების დაცვა, დროული შესრულება და ბევრი სხვა რამ, რაც საქართველოშიც პრობლემურია.

ჩვენი პროფილის გაერთიანებებმა უნდა იბრძოლონ არაერთი მანკიერი მოვლენის წინააღმდეგ - რასიზმის, ჩაწყობილი თამაშების, სტადიონებზე ძალადობის...
სექტემბერში აღმოსავლეთევროპელებისთვის მორიგი კონფერენცია ჰოლანდიის ქალაქ პოოპდორფში გაიმართება, სადაც ფიფა-პროს შტაბბინაა.

- ამ მიმართულებით თქვენი ორგანიზაცია საქართველოში რას აკეთებს?
- "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებლები ვართ მიშა ყაველაშვილი, გოჩა ჯამარაული და მე. სხვათა შორის, მიშა იყო ერთ-ერთი პირველი მოთამაშე, რომელიც შვეიცარიულ ორგანიზაციაში გაწევრდა და იქიდან სურდა მსგავსი გაერთიანების საქართველოში დაფუძნება. თავდაპირველად სწორედ შვეიცარიელებთან ვთანამშრომლობდით, რომლის პრეზიდენტიც ცნობილი ადვოკატი ლუსიენ ვილინიაა.

ჩვენი ძირითადი მიმართულება იურიდიულ საკითხებში ფეხბურთელთა და გუნდების დახმარებაა. სექტემბერში მოთამაშეთა გაწევრებას დავიწყებთ, რომლებსაც ფიფ-პროს სახით სერიოზული დამცველი ეყოლებათ. ხშირად იქმნება კურიოზული ვითარება - ფეხბურთელები და გუნდები საკუთარი საკითხების გადაწყვეტაში არ მონაწილეობენ, მათი უფლებები ხშირად არც არის გათვალისწინებული. ფეხბურთელებს აქვთ კონტრაქტები, მაგრამ ხდება ხოლმე, როდესაც მათ შუა სეზონში გუნდიდან უმიზეზოდ ითხოვენ ან დროულად არ უხდიან ხელფასს, არად აგდებენ საერთაშორისო ვალდებულებებს. ამ ამბებს ევროპელები ვერ იჯერებენ, არადა, ეს ჩვენი საფეხბურთო ყოფის სერიოზული ხარვეზებია.

ცხადია, პრობლემები მხოლოდ საქართველოში არ არის და ამიტომ თანამშრომლობენ ფიფა, ფიფ-პრო და ევროკავშირი.

მალე საქართველოში ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები გვესტუმრებიან და საჭირბოროტო საკითხებზე სემინარებს ჩაგვიტარებენ.

ერთ საინტერესო სიახლესაც გეტყვით: ჩვენი აქტიურობის შედეგად ქართველი მოთამაშეები მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მიიღებენ მონაწილეობას.

- როგორ?
- 2010 წელს ფიფამ და ფიფ-პრომ ერთად გამოავლინეს საუკეთესო და ის ლიონელ მესი გახდა, გამოკითხვაში ორგანიზაციაში გაწევრებული ქვეყნების მოთამაშეები მონაწილეობდნენ, წლეულს კი საქართველოში გამოკითხვას ორგანიზებას "ჩვენი ფეხბურთი" გაუწევს, ფეხბურთელებს კითხვარებს მივაწვდით და შედეგებს ორგანიზაციას გავუგზავნით.

- ადრე ამბობდით, ფეხბურთელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები უგუნდო მოთამაშეებსაც ეხმარებიანო.
- ეხმარებიან გუნდების მოძებნაში, შეკრებების მოწყობაში, ფორმის შენარჩუნებაში, ფიფ-პრო კი უგუნდოთა სანაკრებო ტურნირებს ატარებს. სხვათა შორის, წლევანდელ ტურნირში მეორე ადგილი შვეიცარიელი უგუნდოების ნაკრებმა დაიკავა, რომლის კონსულტანტიც ყაველაშვილია.

- ყაველაშვილმა მწვრთნელობა დაიწყო?
- წლეულს მიიწვიეს, რადგან მიშას შვეიცარიაში ავტორიტეტი აქვს და იციან მისი საქმიანობის შესახებ. მისმა გუნდმა იტალიასთან და საფრანგეთთან მოიგო, მხოლოდ ესანეთთან წააგო და მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირის შემდეგ კი რამდენიმე მოთამაშე კლუბებში მიიწვიეს.

ასე რომ, საქართველოში არაერთი მიმართულებით გვაქვს სამუშაო და ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებაც შეგვიძლია. ვურთიერთობთ ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა მან თავის სუბიექტად გვაღიაროს. სამწუხაროდ, წინა ფედერაციამ ეს არ ისურვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წესიერი და საქმის გამკეთებელი ხალხია. წარმატებები "ჩვენ ფეხბურთს".
rizha
14:51 27-07-2011
0

სიახლეები პოპულარული