ფრთხილად, გოგოები!
1972 წელია. ინდონეზიაში გავემგზავრეთ ტურნერში. მოგეხსენებათ, საბჭოთა სპორტსმენებს რა რუდუნებით მეურვეობდა კბგ საზღვრის იქეთ.
ამ უცხო ქვეყანაში ჩვენთვის ყველაფერი უჩუვეულო და ახალი ხილი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად რამაც გაგვაოცა, იქაური გოგოების უკომპლექსობა და თავაშვებულობა იყო. შეგვკრიბეს ჩვენს საელჩოში და გვარიგებენ:
- ფრთხილად იარეთ ქუჩაში. პროვოკაციას არ წამოეგოთ. აქ ძალიან ავხორცი მეძავები დადიან. მომენტს არ უშვებენ, განსაკუთრებით მოწონთ
- ვაი დედაო! - შეეშინდათ ჩვენებს. უწინამც დღე გაგვქრობია, ვიდრე მაგათ დავნებდებითო. ამიტომ სულ ერთად (ყველას რას მოგვერევიან!) დავდიოდით კინოში თუ მაღაზიებში.
"კაცმა მალა, მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო".
ერთი მორიგი გუნდური გასეირნება გვაქვს. პირველ ხანებში თითქოს ყველაფერი მშვიდობიანად მიდიოდა. მანქანიანი "ნაშები"გვივლიდნენ გარშემო (ბიზონებს რომ ლომები ზვერავენ, რომელიმე იქნება მარტო დავიჭიროთო - ისე). ამ ამბავში ვართ და ხელმარცხნივ ჩოჩქოლი ატყდა. სანამ მდგომარეობაში გავერკვეოდით, კაცის განწირული ხმა მოგვესმა:
- პამაგიწე რებიატააა! სპასიწეეე!
კი გაგვიკვირდა, ნეტავი ვინაა ამ შუა ინდონეზიაში ეს საწყალი ვიღაცა რუსი რომ გამოუჭერიათ-თქო, მაგრამ მერე დაგვცეცხლა ტვინში, როდესაც გოგოებით გარშემორტყმული ჩვენი "მიამიტი"მწვრთნელი გავრილ კაჩალინი დავინახეთ ამ გაჭირვება-გაუგებრობაში.
მაშინ კი დავიკაპიწეთ ხელები მადლიერმა შეგირდებმა და ბრძოლის შუაგულში გადავეშვით. თავგამოდებამ შედეგი გამოიღო, ძლივს, როგორც ქუთაისლები იტყვიან, ძლივს "დავჩხვენით"ხელიდან მოძალადე გოგოებს ჩვენი ჭარმაგი, უდანაშაულო "ტრენერი".
ნუ გეშინია - არ ვარ ვამპირი!
ვინ არ იცის, რომ ნებისმიერ კოლექტივში, სპორტია თუ თეატრი - კოლეგები სულ ერთმანეთს "აშაყირებენ". ხანდახან ასეთი შეხუმრება დიდი უსიამოვნებითაც მთავრდება, მაგრამ ცოცხალ კაცს მასხრობას ვინ აუკრძალავს?!
1971 წელია. ტურნე გვაქვს ცეილონში. ბუნებრივია, საქეიფოდ არავინ გაგვიშვებდა, მაგრამ კინოში წასვლა "მოსული იყო". წავედით კიდევაც მთელი შემადგენლობა.
ჩვენი ბედი რა ვთქვი: მაინცდამაინც "უჟასი"ფილმი გადიოდა - დრაკულა, ვამპირები და ა.შ. ჩვენთვის ასეთი ფილმები უცხო იყო და სულ სკამის სახელურებს ვეჭიდებოდით შიშისგან. ორი საათი ვაჟკაცურად გავძელით. გამოვედით თუ გამოვბარბაცდით იმ კინოთეატრიდან. მოვდივართ კრიჭაშეკრულები და შთაბეჭდილებებით გაბრუებულები. ზოგს შიშისგან ფერიც არ ადევს სახეზე. ხმას ვერ ვიღებთ. ნიკანდრო ქილიასი არ იყოს - "დედა, რა იყო ეს!!?"
- რამ შეგაშინათ, რამ წაგახდინათ! - რა იყო ახლა აქ ასეთი საშიში. დაგვცინის ჩვენი თანაგუნდელი ფეხბურთელი "რ.ფ.". რომელიც რეზო ძოძუაშვილის განუყრელი მეგობარი იყო (!) და მუდამ ერთ ნომერში ცხოვრობენ-ხოლმე.
- ვაა... აპა ის კაი იყო, დიდმა, წვერებიანმა კაცმა რო პატარა ბიჭი შეჭამა... ჯერ უკბინა და ისე?!
- ეგ ხომ კინოა, თქვე შტერებო, გოიმები ხართ, ბიჭო? - არ ისვენებს "რ.ფ.". მე სულაც არ შემშინებია. რეზო, შენ? - გახედა ფერდაკარგულ რეზო-ძმაკაცს.
- მე... ცოტათი... გაამხილა ძოძუაშვილმა.
- აბა მე "ვაბშე"არ შემშინებია, ძმაო....
და იმის დემონსტრირებისთვის, რომ მართლა არ შეშინებია, შებრუნდა - ახლა მეორე სეანსსაც უნდა ვუყუროო. ბევრი ვუშალეთ, მაგრამ ვეღარ მოვაბრუნეთ.
- მართლა მაგარი ყოფილა ეგ კაცი ძმაო - თქვა ერთმა.
- მხეცია, სიმონ! - აღტაცება ვერ დამალა მეორემ.
- ნერვები მაქვსო მაგან უნდა თქვას - თქვა მესამემ.
მეოთხეს არაფერი უთქვამს და ამასობაში მივედით ჩვენს სასტუმროში. დავრიგდით ჩვენ-ჩვენ ნომრებში და წავისვენეთ.
გადის 2-3 საათი და კორიდორიდან განწირული ყვირილი გვესმის:
- მიიიშველეეეეთთ!!! და მორჩა, ხმა აღარ გაგვიგონია.
გამოვცვივდით ნომრებიდან და ინსტიქტურად, რეზო ძოძუაშვილის ნომრისკენ გავცვივდით (ვარაუდით ხმა იქედან მოდიოდა) შევაღეთ კარები და რას ვხედავთ. აგდია ძირს ეს ჩვენი "უშიშარი""რ.ფ."და რეზო ასულიერებს.
- რა ხდება რეზო?! - შემოვესიეთ გაჭირვებულებს.
- ჩქარა, წყალი... წყალი!!! ყვირის რეზო და უტყაპუნებს ლოყებში ხელებს ჩვენს უშიშარს - მე ვარ ბიჭო, ნუ გეშინია, რეზო ვარ ბიჭოოო!!!
...მეორე სეანსნაყურები "რ.ფ."მოსულა კინოდან, შესულა თავის ნომერში. გაუხდია პერანგი, რომ კარადაში უნდა შეკიდოს და ვეეეე!!!"- დაუძახებია წელსზემოთ გახდილ რეზო ძოძუაშვილს "შკაფიდან".
კომენტარი მკითხველისთვის მომინდვია. რეზო კი თავში ხელებს ირტყამდა ეს რა ვქენი, სულაც არ მინდოდაო, მაგრამ "რ.ფ."იმ დღიდან "უჟასებზე"აღარასდროს წასულა...
რას გადაურჩა "დინამო"
დასავლეთ გერმანიაში ვართ. ჩვენი თაობა "ბითლსების"უკვდავი ხელოვნების ტრფიალი გახლდათ. მართალია, ამ შესანიშნავი კოლექტივიდან ცოცხალი არცერთი იყო პოლ მაკარტნის გარდა, მაგრამ პოლიც ხომ მათი იყო და მოგვეცა ბედნიერება ამ ლეგენდარული მუსიკოსის სოლო კონცერტს დავსწრებოდით.
მესამე ამბავს ვყვები და მესამედ ვუსვამ ხაზს, რომ ასეთი რამ ჩვენთვის "ისტორიული მოვლენა"იყო და რა ბიჭები გავუშვებდით ხელიდან?
გულახდილად უნდა აღვნიშნო ჩვენი პირველი გაკვირვება-გაოცება. ბატონი პოლი ესტრადის სცენაზე ჩვენთვისი უჩვეულო ჩაცმულობით მოგვევლინა: თეთრი, უთეთრესი კოსტიუმი (პიჯაკი) პირდაპირ შიშველ ტანზე ეცვა. ეს არაფერი. ყველაზე მეტად ის გაგვიკვირდა, რომ ამ პიჯაკის შიგნით შიშველ მკერდს შავი ჰალსტუხი "აკომლექტებდა".
ხალხის ტევა არა. მიღებულია ყველა ზომა, რომ უსიამოვნო ინცინდენტი არ მოხდეს. პოლიციის განუსაზღვრელი რაოდენობა, ძაღლები... მოკლედ საოცრებაში ვართ. ზღაპარში.
დაიწყო კონცერტი და გადაირია მაყურებელი. აპარატურა უზარმაზარ ხმაზეა დაყენებული. ყურები თუ არ დაგვისკდება - კარგია. აიზილა ყველაფერი ერთმანეთში.
ექვს ნომერს კი ვაჟკაცურად გავუძელით, მეშვიდეზე ვიგრძენით, რომ კიდევ ცოტა და სმენას (ყურთასმენზეა ლაპარაკი) დავკარგავთ. ზოგმა (ყვირილით) - უხერხულია ბიჭებო, მოგვეჭრება თავი თბილისში, პოლ მაკარტნის კონცერტი მიატოვესო, მაგრამ უმრავლესობამ თავისი გაიტანა და სულ ჯიკავ-ჯიკავით გამოვაგდეთ ერთმანეთი ამ კაკაფონიიდან.
დავრიგდით ნომრებში. ჩავრთეთ საღამოს ნომერში ტელევიზორი და "ახალი ამბები"(ჩვენებურად) გვამცნობს, რომ ჩვენი გამოსვლა და იქ ჩხუბი ამტყდარააა! ვუყურებთ ტელევიზორის ეკრანზე, როგორი წივილ-წივილით დგანან რიგში სასწრაფოს მანქანები და გაჰყავთ ხელ-ფეხმოტეხილი, დამტვრეული, ნაცემი და ნაწამები მაყურებელ-ფანები.
მაშინ კი ვირწმუნეთ, რა ჭკვიანურად მოვიქეცით დროზე რომ დავტოვეთ იქაურობა...
ვსვამ, აპა არააა?
მოარული აზრი, რომ "დინამოს"ფეხბურთელებს სმა უყვართ - ძალიან გაზვიადებულია...
არიან და იყვნენ ბიჭები, რომლებიც ისე სვამდნენ, რომ თვით განთქმულ კახელ თამადასაც კი "ჯიბეში ჩაისვამდნენ", მაგრამ ეს "პროცედურა"თუ პროცედურები - წარსულს ჩაბარდა. თანაც, თავდადებით ვიტყვი, რომ ასეთი რამ ვარჯიშის და მითუმეტეს - მატჩის დროს არასდროს მომხდარა. ისე კი - სასმელი იმიტომაა, უნდა დაილიოს.
მიმხვედრი მიხვდება. ქართველს ვერ გადააკეთებ - ვაზის ძირში დაბადებულს და გაზრდილს.
ეს ზოგადად. მე კი დაბეჯითებით ვიტყვი და გავიმეორებ ("ვაჟკაცურად და ჩემდათავად"), რომ სასმელისგან ძალიან შორს ვარ. იშვიათად თუ დავლევ, ისიც ხათრის და "ეტიკეტისთვის".
ხომ გიქეთ და გიდიდეთ ჩემი თავი. ასეა ეს და ყველა თანაგუნდელი დამემოწმება რომ მთვრალი მანუჩარი (მითუმეტეს "საქმის"დროს) არავის უნახავს.
ერთხელაც, გოგირდის აბანოდან გამოვედი. მიცნეს "მეიდნელმა"ფანებმა.
- ბატონო მანუჩარ. - მოკრძალებით მომიახლოვდა და მომმართა ერთმა ღიპიანმა - ცივი შამპანური არ... ზედაც მწვად-ხინკალი - რა! გვიკადრე რაა!
- დიდი მადლობა - ვეუბნები ხათრიანად. არ ვსვამ მეგობარო.
ამ დროს მეორე, არანაკლებ ღიპიანმა უცერემონიოდ მომმართა:
- კარგი რა "მანკა"- მაიცა რაა... რას არა სვამო! შენ არ იყავი ფუნიკულიორზე შამპანურს "ვედროთი"რომ სვამდი?
"ვიღაცაში ნაღდად ვეშლები... მე და... ვედრო კაცო? არა, ნამდვილად ვეშლები ვიღაცაში"- დატრიალდა თავში და ჩემდა გასაკვირად, ტვინი "სულ სხვანაირად"ამუშავდა, - საპირისპიროდ და...
ფეხბურთის გარდა ხომ შეიძლება ჩემს მომავალ თაობას სალაპარაკო ჰქონდეს - "მანუჩარი, ჩვენი ფეხბურთელი ბაბუა, ვედრო ღვინოს სვამდა თავის დროზეო".
წარმოვიდგინე ყველაფერი. ყელი მოვიღერე და გაუპრანჭავად ვთქვი:
- მოხდა ერთხელ... იყო ასეთი ამბავი... აბა, მოიტანეთ შამპანური და ვედრო არ დაგავიწყდეთ! შემივსეთ და მერე მე ვიცი!"
ასეა... ჩათრევას ჩაყოლა ჯობია (გაგრძელება აღარ მახსოვს).
P.S. საამბობი და სასეირო კიდევ ბევრი მაქვს მურმან, მაგრამ ფორმატში (როგორც ვატყობ) ვერ ვეტევით. თუ როდესმე მეორე "კრუგზე"წახვალთ, ჩემი თავი გენაცვალოთ.
დიდი მოკითხვა "ლელოს"კოლექტივს უდიდესი პატივისცემით - თქვენი მანუჩარ მაჩაიძე.
მურმან მერკვილიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"